“დღესვე შესაძლებელია, დოლარის კურსის შესაბამისად, მინიმუმ, 4 თეთრით ელექტროენერგიის და 6-7 თეთრით გაზის გაიაფება“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკვე მიმართა დღეს დილით ოფიციალური წერილით სემეკს, რათა რიგგარეშე სხდომა მოწვიონ და დოლარის კურსის ცვლილებიდან გამომდინარე მოხდეს მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გაიაფება.
,,ჩვენ რამდენიმე კვირის წინ მოვითხოვეთ დოლარის კურსის ცვლილების პარალელურად შემცირებულიყო ტარიფები ელექტროენერგიაზე, გაზზე და წყალზე, რადგან როცა მოუმატეს მოსახლეობას ელექტროენერგიის, გაზის გადასახადი, მაშინ აუწყეს, რომ დოლარის კურსის გამო მოიმატა ტარიფმა, თუმცა როგორც კი ლარმა გამყარება დაიწყო, ეს არ შეეტყო არავის, მოსახლეობას ჭირის დღესავით სძულს ქვითრის მოსვლა, რადგან ამ ქვითრის გადახდა ძალიან უჭირს და აქ დაფაზე წარმოდგენილია ის სქემა და მილიონები, რამდენ მილიონსაც დოლარის კურსის ცვლილებით იგებს „რუსული ოცნება“ და უჩა მამაცაშვილი 2021 წელს და ჩვენ 80 მილიონი დოლარის ელექტროენერგიას ვყიდულობთ წლიდან წლამდე, ამისთვის გვჭირდებოდა 264 მილიონი ლარი, ახლა დოლარის კურსის ცვლილების შესაბამისად 80 მილიონი დოლარის რომ ვიყიდოთ, დაგვჭირდება 204 მილიონი ლარი. ამ 58 მილიონ ლარს ჯიბეში იდებენ პირდაპირი მნიშვნელობით.
იგივეა გაზთან დაკავშირებით, როცა საქართველო დაახლოებით 300 მილიონი დოლარის გაზს ყიდულობს წლიდან-წლამდე, თუ 2021 წელს ჭირდებოდა 990 მილიონი ლარი, დღეს ამას სჭირდება 774 მილიონი ლარი და სხვაობა არის 216 მილიონი ლარი და ეს ამ სქემით 216 მილიონ ლარს იპარავს ბიძინა ივანიშვილი.
გუშინ სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ დაადასტურა, რომ ტარიფების შემცირება შესაძლებელია, მაგრამ არ ამცირებენ, რადგან არ იციან როგორ გაგრძელდება სიტუაცია ქვეყანაში და დოლარის კურსი რა მდგომარეობაში იქნება, თუ მოიმატებს ისევ მოგვიწევს გაზრდაო და ახლა რომ დაუკლონ მოსახლეობას ამით რა დაშავდება? ვსაუბრობ ელექტროენერგიაზე და გაზზე, ელექტროენერგიის შემთხვევაში მინიმუმ 4 თეთრის დაკლებას და გაზის შემთხვევაში საუბარია 6-7 თეთრის დაკლებაზე.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2016 წლიდან ბიძინა ივანიშვილმა გააჩინა შუამავალი კომპანია და ამ შუამავალი კომპანიით, რომელიც სავარაუდოდ უჩა მამაცაშვილს ეკუთვნის, დამატებით კიდევ მილიონებით ძარცვავენ ჩვენს მოსახლეობას.
დღესვე შესაძლებელია დოლარის კურსის შესაბამისად მინიმუმ 4 თეთრით ელექტროენერგიის და 6-7 თეთრით გაზის გაიაფება, ჩვენ ვითხოვთ სემეკისგან სასწრაფო სხდომის ჩატარებას და გუშინ რომ დაადასტურა დავით ნარმანიამ ეს შესაძლებელია, ოფიციალურად მოახდინონ ტარიფების კლება ჩვენი მოსახლეობისთვის.“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ავტორი