ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) მაისის ბაშოს შემდეგ კარიერა ოფიციალურად დაასრულა. მან გულშემატკივრებს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართა და კარიერის მანძილზე თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
“მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო და გულშემატკივრებო. მინდა, ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის და ამდენი წლის მანძილზე გულშემატკივრობისთვის. თქვენი გვერდში დგომა ყოველთვის მაძლევდა ძალას, რომ მებრძოლა თავდაუზოგავად, მაგრამ მოვიდა ის დრო, რომელიც ყველა სპორტსმენის ცხოვრებაში დგება და დავასრულე მრავალწლიანი კარიერა. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს სიყვარულისთვის და მომავალ ცხოვრებაში კეთილი სურვილებისთვის“, – წერს ტოჩინოშინი.
ლევან გორგაძემ 2018 წელს, იანვრის ბაშოზე იმპერატორის თასი მოიპოვა. იმავე წლის ივლისის ბაშოზე ის დოჰიოაზე ოძეკის რანგში (სუმოს იერარქიაში მეორე) გავიდა. ჯამში ტოჩინოშინმა 101 ტურნირზე იასპარეზა, მან 1282 ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც 681 მოიგო.