საქართველო დაჯილდოებულია ხელსაყრელი გეოგრაფიითა და კლიმატით, რაც განახლებადი ენერგიისთვის მძლავრ პოტენციალს წარმოადგენს. სწორედ ეს პოტენციალი გახლავთ არა მარტო ბუნებრივი უპირატესობა, არამედ კეთილდღეობის, დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების წინაპირობა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინვესტიციების გამოყენებით. განახლებადი ენერგიის პროექტების წარმატებისათვის აუცილებელია მათ შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, დაფასება და მიმღებლობა.
საქართველოში USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამისა და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) ერთობლივი ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ლექციები მიზნად ისახავს მომავალ თაობაში განახლებადი ენერგიისა და გარემოს დაცვის შესახებ ცოდნის ამაღლებას. მიზნობრივი ინტერვენციები ახალგაზრდებში მდგრადი გადაწყვეტილებებისა და ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში მათი წვლილის წასახალისებლად არის მიმართული. ხოლო ახალი იდეები და ტექნოლოგიები მათ კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და ენერგეტიკული პრობლემების მოგვარების ახალი გზების პოვნაში დაეხმარებათ.
გუშინ და დღეს USAID-ის საქართველოს ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამამ და GREDA-მ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უპირატესობების, ეკონომიკური ზრდისა და ქართველი ხალხის კეთილდღეობის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურას საჯარო სკოლებში ლექცია გამართა.
დღეისათვის, ამ ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში ორგანიზებულ ლექციებში თბილისში 10 სკოლის 600-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ლექციები ჩატარდა ასევე გორის, თელავის, ქუთაისისა და ბათუმის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თუ სხვა ქალაქებისა და სოფლების სკოლებში.
აღნიშნული ინიციატივის მეშვეობით, USAID ცდილობს შექმნას განახლებადი ენერგიის მრავალფეროვანი და ინკლუზიური გარემო და უზრუნველყოს, მომავალი თაობის ინფორმირებულობა მდგრადი ენერგიის შესახებ.