სექსუალური ძალადობა არასრულწლოვნებზე – აღმოჩენილია პედოფილების სავარაუდო დაჯგუფება, რომელიც ერთდროულად საქართველოს რამდენიმე რეგიონში მოქმედებდა. დანაშაულს კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ მსხვერპლებს შორის არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებიც.
“კურიერმა” ძალადობის მსხვერპლ ერთ-ერთ არასრულწლოვან გოგონასთან ინტერვიუ დედის თანხმობით ჩაწერა. ის ერთ-ერთია იმ ათობით დაზარალებულს შორის, რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ბავშვი ჰყვება, რომ 8 წლის ასაკში ოჯახის მეგობარმა მამაკაცმა მასზე სექსუალურად იძალადა. ამბობს რომ იგივე პიროვნება სხვა არასრულწლოვნებზეც ძალადობდა.
მოზარდის ინფორმაციით, მოძალადე მარტო არ მოქმედებდა და საქმეში სხვა მამაკაცების ბრალეულობაზეც საუბრობს. არსებობს ვიდეო ჩანაწერებიც, სადაც დანაშაულის დეტალებია ასახული.
“ზოგს ურეკავდა და ტიტველი იყო, ზოგს კიდევ გარეთ ნახულობდა და ეუბნებოდა შაურმაზე გამომყევიო, შაურმას გიყიდიო და მერე მიჰყავდა,”- ამბობს არასრულწლოვანი ინტერვიუში.
მოძალადეების ჯგუფი არასრულწლოვნებზე სექსუალური ხასიათის ქმედებების ჩაწერასაც ახდენდა, შემდეგ კი ვიდეოებს ერთმანეთს სოციალურ ქსელში უზიარებდნენ. ამ შინაარსის 27 ვიდეო შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელში აღმოჩნდა. უფლებადამცველებმა სამართალდამცავ ორგანოებს მიმართეს.
უფლებადამცველების ინფორმაციით, გოგონებზე სექსუალურ ძალადობაში მინიმუმ 12 პირია ჩართული, მათგან სამი ბათუმში ცხოვრობს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ბათუმის პოლიციის სამმართველოში უკვე გამოკითხეს. მიმდინარეობს მტკიცებულებების ამოღება.
„კურიერმა“ ბრალდებების მთავარ ადრესატსაც მიაგნო. ძალადობაში მხილებულმა მამაკაცმა კამერების წინ საუბარი არ ისურვა.
მამაკაცი, რომელიც კამერებს გაურბის, ძალადობის ფაქტებს უარყოფს ერთ-ერთ მოზარდთან ვიდეო ზარით საუბრის დროს. თავად მოზარდი კი მზადაა მტკიცებულებები საგამოძიებო ორგანოსაც გადასცეს. ის ირწმუნება, რომ მის თანატოლ გოგონებს სოციალურ ქსელში შიშველი კადრების გაგზავნას სთხოვდნენ, რომელსაც შემდეგ პედოფილების დახურული ჯგუფში ავრცელებდნენ.
საქმის ირგვლივ პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სექსუალური ხასიათის სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.
“პრაიმტამი”