გასულ საუკუნეებში ტყვეთა გაყიდვა ჩვეულებრივი ამბავი იყო, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში. ტყვეებს ყიდდა ყველა, როგორც ამბობენ, თვით კათალიკოსი და გურიის მთავარი მალაქია მეორე, რომელსაც ამ საქმეზე ხელი კათოლიკე მისიონრებმა ააღებინეს (თეა ქართველიშვილი, გურიის საეპისკოპოსოები).
ამ საშინელ სენზე საუბრობს ვაკიჯვარელი ტარიელ თავართქილაძე (ჩაიწერა ელენე ნიკოლაშვილმა): ,,ძველათ თათრობა იყო. თაი იცავდა იგინს. გადმეიარდენ ფთაზე, შანევიდოდენ ტყეში, მევიდოდენ ჩუმათაი, ღამღამობით… ხოდა იპარავდენ ბაღნეფს. მეიპარეს სამი ბაღნები და წეიყუანეს. აზავდა სოფელი, გევიდა ყველამ საძებნელათ, ზოი ჭრაქით, ზოი კვარით, ზოი ნუგუზალით და ეძებონ უნდა. არ შეილება რუმ არ ნახონ. ხმა აღარ აქვენ ქალეფს, ჩუუწყტა ამდენი კივილისაგან. ამასობაში აგენი მიდიან და მიყავენ აი ბაღნები…
შუაგულ ტყეში რო შევიდენ, მოშივდენ და დეინახენ ბუკი რო იყო წიფელაზე, ხოდა ჩამეიღეს თაფლი და ჭამენ (ბუკი – გათლილი ხე არის, დამხობილი ერთი მეორეზე, გაპობილი ხე, ამოხუფული გული და დამხობილი ერთი მეორეზე. აკეთებს კაცი და შამოდებს დიდ წიფელაზე, რომე ფუტკარს დეიჭერს. ეძეფს, ფუტკარი ამ დროს ბინას ეძეფს). თაფლი იყო მაწყენარი, დაათრო ამ თაფლმა, დეიზინეს, უგრძნობოთ, უგონოთ. არის ასეთი ბალახი… იელას ვეძახით ჩვენ, იმას რომ ჭამს, ფუტკარი მოწუწნის, მაწყენარია, აბრუეფს და ძაან უგონოთ აგდებს.. (ბაღნებმა) გამონახა საშვალება, რომ გამეიღენ ხმლები და ჩაარტყენ.
სოფელში… ჩამევიდა ბავშვები თავისით… მოყვენ, რომ ასე იყოო. წაგვიყვანეს ამ ადგილასო და თაფმა გვიშველაო, თვარა გადაყვანილი ვიქნებოდითო.
მივიდა ხალხმა, გაკოჭეს და ჩამუათრიეს სოფელში. ბაწარი მუამბეს და ისე ჩამუახახანეს ხახან-ხახანით. მიწაზე მუათრევდენ სოფლამდინ… დილაზე გაამჭყირეს თვალი და ახალა აგენია დაჭირული. ურტყეს, მარა რა ურტყეს! მერე ოზურგეჩი უნდოდენ რომ ჩიეყვანათ, მარა იმ ღამეს დედემა მოკლენ ჩუმათაი. მეილაპარაკეს სამა ქალმა, ამ ბაღნების დედემა და მეიპარეს თოფი ოჯახიდგან და მოკლენ. სამვე, მერე დამარხენ კაცემა ტყეში, სამვე ერთათ. ქალები გამწარებულები იყვენ.. კას ხანს არ იშორიებდენ ბაღნეფს. ერთმა თქუა თურმე: იმდონოთი ძალა არ მქონდა, რუმე ხელით მომეხჩო აგენიო. ძალა რუმ ქონებოდა, დასურ იზამდა ამას და მართალი იქნებოდა კიდევაც! მერე კას ხანს არ გამოჩენილა თათრები აქით, მარა ხალხიც უმფრო ფხიზლობდა.
ავტორი