მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონის დე-ფაქტო მმართველები აცხადებენ, რომ 28 ივნისს, დილით, ოთხი ეთნიკურად სომეხი სამხედრო ემსხვერპლა აზერბაიჯანის მიერ გახსნილ ცეცხლს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებაში ამბობს, რომ მის პოზიციებს გაუხსნეს ცეცხლი მთიანი ყარაბაღიდან, და დაიჭრა ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი. სამინისტროს არაფერი უთქვამს მთიანი ყარაბაღის მესვეურთა განცხადებაზე, რომ აზერბაიჯანის მხრიდან გახსნილ ცეცხლს მათი ოთხი სამხედრო შეეწირა.
ინციდენტის შესახებ ცნობები ვრცელდება იმ ფონზე, როცა 27 ივნისს ვაშინგტონში გაიხსნა სამდღიანი სამშვიდობო მოლაპარაკება სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის – როგორც მორიგი ძალისხმევა იმ კონფლიქტის მოგვარებისა, რომელიც ბოლო წლებში რამდენჯერმე გამწვავდა.
წყარო: რადიო თავისუფლება