საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები „მიხეილ მესხი არენაზე“ სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეორე ამხანაგურ შეხვედრაშიც დაამარცხა – 3:1.
გუნდებმა ბოლო სამ დღეში მეორე ამხანაგური მატჩი გამართეს. პირველი საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებლად, 5:0 მოიგო. ამჯერად კავკასიელ ქალთა დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრებს მოგებისთვის შედარებით მეტი ენერგიის დახარჯვა დასჭირდა.
ანგარიში მე-17 წუთზე საჯარიმო დარტყმით თეონა ბაქრაძემ გახსნა, რომელმაც სომხეთის ნაკრების მეკარეს, ელა დე კრუიფს ბურთი თავზე გადაუგდო, გოლი საკმაოდ ეფექტური გამოვიდა. სომხეთის ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება 36-ე წუთზე მოახერხა – ძლიერი დარტყმული ბურთი ჩვენმა მეკარემ, თათია გაბუნიამ მოიგერია, დამატებაზე კი ოქსანა პიზლოვამ ზუსტად დაარტყა და ტაიმი 1:1 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმი კარგად დაიწყო და სწრაფად დაწინაურდა. 51-ე წუთზე თეონა ბაქრაძემ კარის წინ ნათია დანელია მონახა, რომელმაც ცარიელ კარში გაიტანა. ბაქრაძე მესამე გოლშიც მონაწილეობდა, ბურთი თინათინ ამბალიას დაუგორა, რომელმაც ძლიერად დაარტყა, სომხების მეკარე დე კრუიფი ამჯერადაც შეცდა, ბურთი ვერ შეიმაგრა და – 3:1.