ვაკეში მამაკაცი დაჭრეს – შემთხვევა ცოტა ხნის წინ მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე იურიდიულ ფირმასთან მოხდა.
“კურიერის” ინფორმაციით, დაჭრილია 38 წლის ბიზნესმენი, ტატო გურგენიძე. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. ტყვია ფეხში მოხვდა. დაჭრილი სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ბიზნესმენი სამშენებლო კომპანია “ტაგი გრუპის” ერთ-ერთი მეწილეა. შემთხვევის დროს იურიდიულ კომპანიაში მასთან ერთად იმყოფებოდა კომპანიის თანამფლობელიც.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით დაიწყო.