„ნაცმოძრაობა შავი ხვრელია, იქ ვინც არ უნდა მოხვდეს, ამით ენმ არ ძლიერდება, მაგრამ სუსტდება და ნადგურდება ის, ვინც მათთან ხვდება” – ამის შესახებ „რეზონანსთან” ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის „გამარჯვების პლატფორმაში” შესაძლო გაერთანების კომენტირებისას.
მანამდე ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში „გამარჯვების პლატფორმაში” კიდევ ბევრ საინტერესო ადამიანს ვიხილავთ, საზოგადოების ნაწილი კი არ გამორიცხავს, რომ ალიანსში გიორგი მარგველაშვილი ვიხილოთ, თუმცა თავად ხაბეიშვილს კონკრეტული პირები არ დაუსახელებია.
„ჩვენ შევქმენით „გამარჯვების პლატფორმა”. ამ პლატფორმაზე ძალიან ბევრი ადამიანი იქნება. უახლოეს დღეებში, თქვენ კიდევ ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს ნახავთ „ნაციონალურ მოძრაობაში”. ჩემი მთავარი ამოცანაა, „გამარჯვების პლატფორმა” გავაძლიერო და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული სუბიექტების სურვილია, რაღაცნაირად, სხვა რეალობა აჩვენონ ხალხს, მაგრამ მე ვაკეთებ საქმეს. „ნაციონალური მოძრაობა” ძლიერდება, ჩვენ შევქმენით „გამარჯვების პლატფორმა” და პირველები ვიყავით, ვინც გაერთიანებისკენ ნაბიჯი გადადგა. უახლოეს დღეებში, „ნაციონალურ მოძრაობაში” კიდევ იქნება ბევრი ძალიან საინტერესო სიახლე და ისეთ ადამიანები შემოგვიერთდებიან, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვნად გააძლიერებენ „ნაციონალური მოძრაობას”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მარგველაშვილს ენმ-სთან გაერთიანებას საზოგადოება ვერ გაუგებს და უფრო დამაჯერებელი იქნებოდა თუ მეოთხე პრეზიდენტი მათთან წავიდოდა, რომლებმაც „ოცნება” პროტესტის ნიშნად დატოვა.
„მარგველაშვილი რომ „გამარჯვების პლატფორმას” შეუერთდეს, უცნაური იქნება, რადგან ის მაინც ივანიშვილისგან წამოსული კადრია. ჩემი აზრით, ის რომ გახარიასთან ყოფილიყო, უფრო გააძლიერებდა.
„ნაცმოძრაობას „შავ ხვრელს” ვეძახი. იქ ვინც არ უნდა მოხვდეს, ამით ენმ არ ძლიერდება, მაგრამ სუსტდება და ნადგურდება ის, ვინც მათთან ხვდება. თუ ენმ-ს პირობითად 15% აქვს, მას მარგველაშვილის მისვლით არაფერი არ შეემატება. სამაგიეროდ ამით ბევრი რამ თავად მარგველაშვილს დააკლდება.
„სჯობს, გიორგი მარგველაშვილი იქ იყოს, სადაც მისი ყოფნა უფრო ლოგიკურია, მაგალითდ იმ ხალხთან, ვინც „ოცნებიდან” პროტესტის ნიშნად წამოვიდა. ეს უფრო დამაჯერებელი იქნებოდა იმ კატეგორიის ხალხისთის, ვინც მზადაა, რომ მესამე ცენტრს ხმა მისცეს. თუ მარგველაშვილს „ნაცმოძრაობასთან” უნდა, მას საზოგადოება ვერ გაუგებს, თუმცა თუ მას სურს, ეს მისი უფლებაა”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
კითხვაზე, თავად მარგველაშილს რამდენად აქვს იმის პოტენციალი, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური ცენტრი შექმნას ოპოზიციურ ფლანგზე, ზაქარეიშვილი გვეუბნება, რომ მასშანსი არ აქვს, რომ 5%-იანი ბარიერი მარტოდ გადალახოს. მარტო ამას ვერ შქმნის, მაგრამ თუ იპოვის იმ ხალხს, ვინც „ოცნებიდან” წამოსულია, მათ ნამდვილად გააძლიერებს. თუმცა თვითონ რომ პარტია შექმნას, არა მგონია 2-3%-ზე მეტი აიღონ.
„მაგალითად მარგველაშვილი რომ იყოს გახარიასთან, რატომაც არა?! იქ გააძლიერებდა. მაგრამ სხვა საკითხია, რამდენად უნდა გახარიას მარგველაშვილი და მარგველაშვილს გახარია. წამოსულებიდან რაღაც ცენტრი უნდა შეიქმნას, მაგალითად ბესელია და სხვები”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან”.