„როცა ღარიბაშვილი ამბობს, რომ ომის აცილება შეიძლებოდა, ალბათ გულისხმობს შემდეგს – ის რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, მას რომ მიეღო გადაწყვეტილებები, მაშინ დარწმუნებული ვარ, ის ჩააბარებდა მთელს ჩვენს ქვეყანას რუსეთს,“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კაპანაძემ.
„პრემიერი ღარიბაშვილი სამარცხვინოდ იტყუება, 2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთი შემოიჭრა საქართველოში, რომლის მიზანი იყო რუსული რეჟიმის დამყარება, საქართველოს დედაქალაქის აღება და ადმინისტრაციულ შენობებზე რუსული დროშის აღმართვა. ამიტომ, ჩვენ გვქონდა ორი არჩევანი – ან უნდა ჩაგვებარებინა ჩვენი ქვეყანა 100 პროცენტით რუსეთისათვის, ან უნდა გვებრძოლა და გაგვეწია წინააღმდეგობა, ჩვენ სწორედ ეს ავირჩიეთ და მაშინდელი მთავარსარდლის, მიხეილ სააკაშვილის, ჩვენი გმირი სამხედროების, ქართველი ხალხის და ჩვენი დასავლელი მეგობრების ძალისხმევის შედეგად პუტინმა ვერ მიაღწია თავის მიზნებს, მან ვერ შეძლო ვერც საქართველოს ხელისუფლების შეცვლა და ვერც რუსული დროშების აფრიალება საქართველოს ადმინისტრაციულ შენობებზე, ამიტომ, როცა ღარიბაშვილი ამბობს, რომ ომის აცილება შეიძლებოდა, ალბათ გულისხმობს შემდეგს – ის რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, მას რომ მიეღო გადაწყვეტილებები, მაშინ დარწმუნებული ვარ, ის ჩააბარებდა მთელს ჩვენს ქვეყანას რუსეთს, გადასცემდა 100 პროცენტით საქართველოს, დათმობდა თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, ამიტომ მისი გადასახედიდან ის აიცილებდა ომს თავიდან, მაგრამ არ გვექნებოდა ქართული სახელმწიფო, არ იქნებოდა ჩვენი ხალხი თავისუფალი, დამოუკიდებელი და არ გვექნებოდა სუვერენიტეტი, ეს ადამიანი სწორედ ამას ახორციელებს დღეს. პრემიერი ღარიბაშვილი ცდილობს, რომ რაც ვერ მოახერხა 2008 წელს პუტინმა, დღეს გააკეთოს იგივე – გადასცეს ჩვენი ქვეყანა რუსეთს და აქციოს რუსეთის გუბერნიის ნაწილად,“ – ასე გამოეხმაურა გიორგი კაპანაძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.