„რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილი სოციალურ ქსელში რაჭაში დაღუპული პოლიციელის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„ეს დღეები სულ მინდოდა დამეწერა და სამწუხაროდ დღემდე ვერ დავწერე…
მირიან ჭელიძე – სტიქიის პირველ დღეს გავიცანი, როცა შოვში ავედით. დახურულ ზონაში შევედით, სადაც მეწყერი ჩამოწვა, ადგილობრივმა აგვიყვანა თავისი მანქანით, იქ გავიცანი მირიანი. გვთხოვა, ლენტი არ გადაგვეკვეთა, რადგან უსაფრთხო არ იყო.
სანამ ზურა მანაგაძე კადრებს იღებდა, მითხრა, რომ ძალიან ნერვიულობდა, მსგავსი ტკივილი არასდროს უგრძნია და ასეთი ემოციები არასდროს ჰქონია. არ ჩავყვები დეტალებს, ვისაუბრეთ იმ რთულ დღეზე, რომლითაც ყველაზე მძიმე პერიოდი დაგვეწყო ნახევარ საქართველოს.
არ დამავიწყდება მისი სევდიანი თვალები და ჩუმი დარდი, რომლის დამალვასაც ცდილობდა. სტიქიის ეპიცენტრში არ გვიშვებდნენ მანქანით, ამიტომ გიორგი კურტანიძე გლოლას შესასვლელში გველოდებოდა. აღმოჩნდა, რომ უკან ვეღარ ჩამოვდიოდით სტიქიის ეპიცენტრიდან, დახმარება მირიანს ვთხოვე. მთები გადადგა და უკან მაინც ჩაგვიყვანა, თან უამრავჯერ გვითხრა, რომ სწრაფად და ფრთხილად ჩავსულიყავუთ უსაფრთხო ტერიტორიაზე და ამისთვის თავად ყველაფერი გააკეთა.
იმის თქმა მინდა, რომ ფორმების, თანამდებობების თუ მიკროფონების უკან ჯერ ადამიანები დგანან, რომლებიც შეიძლება ისე განიცდიდნენ მომხდარს, რომ საკუთარ სიცოცხლეს ასრულებდნენ“, – წერს ლიკა ალელიშვილი.