თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული, საქართველოს მოქალაქე ც.ტ. ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანდა და სირიის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ წარმოებულ შეიარაღებულ მოქმედებებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. გარდა ამისა, ბრალდებული ტერორისტული ორგანიზაციის მხარდასაჭერად ტერორისტული საქმიანობის პროპაგანდას ეწეოდა.
ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2022 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) წარედგინა.
სასამართლომ ც.ტ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,_ ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved