ქართველი პროფესორი, სამართალმცოდნე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი 14 აგვისტოს გარდაიცვალა.
კუბლაშვილს სოციალურ ქსელში ახლობლები და მეგობრები ემშვიდობებიან და წერენ:
„იურისტთა შორის მაესტრო!“…
„კვირა არ გავიდოდა არ მოგეკითხე:
– რას შვებით გია, ხო ხართ მაგრად?
– რას შვებით გია, გადახვედით ხო უკვე შეტევაზე?
– როგორ ხარ გია, რამე ხო არ გჭირდება?
კიდე შევხვდებით ძმა“,- წერს გია გეწაძე.
„ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას ძალიან ძვირფასი ადამიანი იყო… ჩემი ბავშვობის ყველაზე მძიმე დღეები, სწორედ კოტემ და მისმა ძვირფასმა მეუღლემ გააფერადეს, როდესაც დევნილები გავხდით… ყოველთვის ტკბილად გამახსენდებით, უფალმა დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი“,- წერს მარიამ ღამბაშიძე.
„მადლობა ბატონო კოტე ყველაფრისთვის! თქვენი დამსახურებაა საჯარო სამართალი ძირითად პროფესიად რომ ავირჩიე. კონსტანტინე კუბლაშვილი ჩემთვის გამორჩეული ლექტორი იყო, რომელიც 4 საგანს მასწავლიდა. უნივერსიტეტში შესვლის პირველივე დღიდან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა მასთან. აკადემიური მიმართულებით მის ცენტრში ბევრი კარგი საქმე ვაკეთეთ. მისი წიგნები მუდამ განსაკუთრებულ ადგილზე იქნება ჩემს ბიბლიოთეკაში. ბოლოს რამდენიმე კვირის წინ ვესაუბრე. მისი გარდაცვალება წარმოუდგენლად დიდი დანაკარგია როგორც თითოეული ჩვენგანისთვის, ისე მთელი აკადემიური სფეროსთვის. მშვიდად განისვენეთ პროფესორო!„,- წერს ნიკა გურინი.
კოტე კუბლაშვილი 2000 წელს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრად. 2000-2002 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, სამინისტროს საპარლამენტო მდივანი.
2002-2004 წლებში მუშაობდა იურიდიულ ფირმაში „ქართველი ადვოკატები სამართლიანობისათვის” იურისტად. 2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის განვითარებისა და რეფორმების ფონდის ჯერ მეურვეთა საბჭოს წევრად, ხოლო შემდეგ ფონდის დირექტორად.
2005-2015 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.