ბახვი ჰესის განათლების ხელშეწყობის პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამა. ის მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს და ფინანსური დახმარება გაუწიოს მთისპირის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს, რომლებიც ჩაირიცხებიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჰიდროენერგეტიკის, საინჟინრო ან გარემოსდაცვით სპეციალობებზე. პროგრამის მიხედვით, კომპანია სტუდენტებს სწავლის საფასურის 80% გადაუხდის.
ბახვი ჰესის სტუდენტური გრანტით დღესდღეობით სოფელ მთისპირის მკვიდრი ჯაბა ბოლქვაძე სარგებლობს. მან 2022 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკის ფაკულტეტზე, ელექტრო ინჟინერიის განხრით ჩააბარა. „ჩვენ თავად მშობლები ვართ და კარგად ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ აბიტურიენტმა პროფესია მართებულად შეარჩიოს და დაგეგმოს საკუთარი მომავალი. ახალგაზრდებისთვის დახმარება განათლების მიღების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რაც მომავალი თაობისთვის შეიძლება გავაკეთოთ. ჩვენი გრანტის ფარგლებში, ვახალისებთ ე.წ. მომავლის პროფესიებს, როგორიცაა გარემოსდაცვა, ინჟინერია და ენერგეტიკის სფეროში არსებული პროფესიები. მიგვაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ სექტორში კვალიფიციური კადრების სერიოზული დეფიციტია, მეორეს მხრივ კი, მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ჩვენც, როგორც ჰიდროენერგეტიკის სფეროში ჩართულ კომპანიას, გვჭირდება კვალიფიციური ადგილობრივი კადრები, ახალგაზრდა თაობა, რომელიც ამ ქვეყნის მომავალია“, – განაცხადა ბახვი ჰესის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა. ბახვი ჰესმა სასწავლო გრანტის მოპოვებაზე განცხადებების მიღება 2022 წლის 1 ივლისიდან დაიწყო და ეს ინიციატივა 2024 წლის ბოლომდე იარსებებს. დაინტერესებულ პირთათვის სასწავლო გრანტის გაცემის პირობების გაცნობის მიზნით, კომპანიას შემუშავებული და დამტკიცებული აქვს დოკუმენტი, სადაც დეტალურადაა გაწერილი გრანტის მოთხოვნები და პირობები. დოკუმენტის სანახავად, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს www.cceh.ge დოკუმენტის ბმული: https://cceh.ge/uploads/Scholarship_Policy_Bakhvi_12_HPPs.pdf |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved