არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოს“, გამომცემლობა „ალიონის“ და „გურია ნიუსის“ წარმომადგენლები მდინარე ბჟუჟის ხეობაში იმყოფებოდნენ, სადაც „პარვუს“ ჯგუფი სამი მცირე ჰესის მშენებლობას აპირებს. ეს ინფორმაცია თავად კომპანიის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, როდესაც სოფელ გომში მოსახლეობასთან გამართეს შეხვედრა, რომელსაც, დაახლოებით, 15 ადამიანი ესწრებოდა.
კომპანიის წარმომადგენლებმა მედიასთან საუბრის დროს განაცხადეს, რომ ჰესებთან დაკავშირებით ცალკე შეხვედრა გაიმართებოდა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მაგრამ ამ დრომდე არანაირი შეხვედრა არ გამართულა.
ისინი ასევე გეგმავდნენ მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს და იმ დეტალების გაცნობას თუ როგორ აპირებდნენ 8 ბალიან სეისმურ ზონაში მცირე ჰესების მშენებლობას.
დღეს გომის ტყეში ასულებს ის ვითარება დაგვხდა, რომ დიდი სამუშაოები არის ჩატარებული გზის გაყვანასთან დაკავშირებით. ადგილზე ორი ადამიანი დაგვხვდა ორი ტრაქტორით. ჩვენი მისვლიდან რამდენიმე წუთში ორივემ მათგანმა ტერიტორია დატოვა.
„ეკოს“ დამფუძნებლის ირმა გორდელაძის თქმით, აუცილებლად უნდა მიეწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას და გაიმართოს საჯარო შეხვედრები.
“აქ იგეგმება მცირე ჰესების კასკადის მშენებლობა. ეს ღვარცოფული მდინარე ბჟუჟი უნდა მოექცეს, ასე ვთქვათ, დერივეციულ მილში. პარვუს ჯგუფი ჩვენი ხმაურის შემდეგ გამოვიდა ხაზზე. გავარკვიეთ, რომ პროექტი მზად არ აქვთ და ბჟუჟის ხეობაში მიმდინარეობს გზის გაჭრის სამუშაოები, არ არსებობს გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევები. ასევე მოსახლეობა, მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები ინფორმირებული არ არიან.
ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ პარვუს ჯგუფს მემორანდუმი არის გაფორმებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან. ორი თვეა ველოდებით მერიისგან საჯარო ინფორმაციას და ჯერჯერობით, არ მიგვიღია. აქედან გამომდინარე არ ვიცით, რა წერია ამ მემორანდუმში.
გეკითხებით, არის თუ არა ეს საგანგაშო მდგომარეობა?“ – თქვა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ირმა გორდელაძემ.
„გურია ნიუსი“ ცდილობს, დროულად მოიპოვოს „პარვუს ჯგუფის“ წარმომადგენლების კომენტარი.
ავტორი