ცოტა ხნის წინ, ხალიფას უნივერსიტეტის ექსპერტებმა ახალი ტიპის სათვალე შექმნეს, რომელიც, შესაძლოა, დალტონიზმით დაავადებულ ადამიანებს ფერების აღქმაში დაეხმაროს. ამისათვის მათ ტექნიკა გამოიგონეს, რომელიც 3D ბეჭდვის ტექნოლოგიას იყენებს.
მართალია, დალტონიზმისათვის სპეციალური სათვალეები აქამდეც შექმნილა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც 3D ბეჭდვის ტექნოლოგია გამოიყენეს.
მკვლევრებმა ლინზები შუქგამტარი ფისისაგან შექმნეს, რომელიც ტალღის სიგრძეთა გამფილტრავ ორ საღებავს შეურიეს. მომხმარებლის საჭიროებებზე მოსარგებად შემდეგში მათ საღებავის სამი სხვადასხვა კონცენტრაცია გამოიყენეს და 3D ტექნოლოგიით დაბეჭდილი თავიანთი პროდუქტი ბაზარზე ხელმისაწვდომ სხვა სათვალეებს შეადარეს.
თავის მხრივ, დალტონიზმს ვიზუალურ ცენტრში სპეციალური მოლეკულა-პიგმენტის არარსებობა ან დეფიციტი იწვევს. ამ დროს ადამიანებს სხვადასხვა/რამდენიმე ფერის დანახვა არ შეუძლიათ.
თვალის ბადურაში კოლბის რამდენიმე ტიპი გვხვდება; თითოეულ მათგანს ლურჯი, მწვანე და წითელი სინათლის გამიჯვნა შეუძლია. ყველა ფერის სრულად აღქმა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც სამივე კოლბი ერთად მუშაობს, თუმცა დალტონიზმი, მემკვიდრული დაავადება, ამ შესაძლებლობას ზღუდავს.
დაავადების დროს ყველაზე ხშირად წითლისა და მწვანის დანახვა უჭირთ, ასეთ პაციენტთა დიდი ნაწილი კი ყოველდღიურ საქმიანობასთან გასამკლავებლად შეფერილ სათვალეს ატარებს.
როგორც უწყებაშია აღნიშნული, დალტონიზმის ერთ-ერთი ფორმის, სახელად დეიტერანომალიის, დროს ფოტორეცეპტორი, რომელიც მწვანე სინათლის ამოცნობაზე აგებს პასუხს, წითელ სინათლეზე რეაგირებს. ამ შემთხვევაში ადამიანს, შესაძლოა, წითლად შეფერილი სათვალე დაეხმაროს, რომელიც ფერის ხილვადობას გააძლიერებს.
წითელსა და მწვანეს შორის ზოგიერთი ტალღის სიგრძე, რომელიც ფოტორეცეპტორებს აბნევს, შესაძლოა, კონკრეტულმა საღებავებმა შთანთქას და გაფილტროს. მაშინ, როცა ფერები ერთმანეთს ნაკლებად ფარავს, ტვინი უფრო მკაფიო სიგნალს იღებს, რაც მას პრობლემური ფერების გამიჯვნაში ეხმარება. ამ იდეამ ფერის სიბრმავის სხვა ფორმებიც შეიძლება მოიცვას.
გუნდმა ორი საღებავი გამოიყენა: ერთმა “წითელ-მწვანე” პაციენტებში არასასურველი ტალღის სიგრძეები დაბლოკა, მეორემ კი — “ყვითელ-მწვანე” პაციენტებში.
უნივერსიტეტის უწყების მიხედვით, სათვალეების წინა ვარიანტები საკმაოდ მოცულობითი იყო, ამიტომაც მკვლევრებმა უფრო კომფორტული ჩარჩოების შესაქმნელად 3D ბეჭდვის ტექნოლოგია გამოიყენეს.
ცნობილია ისიც, რომ საღებავების გამოყენება ტოქსიკურობისა და გამოტუტვის პრობლემების გამო არც ისე მარტივია. სწორედ ამიტომ, გუნდმა საკითხი დაწვრილებით შეისწავლა, რათა ხანგრძლივი გამოყენებისათვის სათვალეების უსაფრთხოებაში დარწმუნებულიყვნენ.
ფერების სტაბილურობის შესამოწმებლად მეცნიერებმა 3D ტექნოლოგიით დაბეჭდილი სათვალეები ერთი კვირით წყალში ჩააწყვეს. ამ დროს საღებავს არ გაუჟონავს, რამაც მათი მდგრადობა დაადასტურა. დამატებითი ექსპერიმენტით დამოწმდა მათი გამძლეობაც.
ავტორი