გასულ კვირას ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში, ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ სამოც წელს გადაცილებული ქალბატონის სიცოცხლე შეიწირა, რომელიც ამ სოფლის მცხოვრები იყო და სოფელში ქვეითად გადაადგილდებოდა. უბედური შემთხვევა გარდაცვლილი ქალის საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე მეტრში მოხდა.
“სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალი საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, უკვე დაღუპული იყო”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბრისას ერთ-ერთი გვიმბალაურელი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები და ისინი ხელოვნური ბარიერის დადგმას მოითხოვენ:
“ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია, სოფელ გვიმბალაურის სახელით მოგმართავთ, გთხოვთ, მიიღოთ ზომები და თან დაუყოვნებლივ! მოგეხსენებათ, უბედური შემთხვევის შესახებ და ეს არ არის პირველი. გაუგებარია, როდის უნდა მიიღოთ შესაბამისი ზომები?! ან მერამდენე ადამიანი უნდა გაიტანოს მანქანამ?! მოგეხსენებათ, როგორი სახიფათო ადგილია. ველოდებით რეაგირებას!”
“უმორჩილესად ვთხოვთ, ვისაც ევალება, გაგვიკეთონ გვიმბალაურში “საბჭოსთან”, გზაზე ე. წ. ბორცვი. უკვე მერამდენე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ამ უმოკლეს დროში, ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ”.
“არ დაითვლება იმდენი ავარიაა, იმდენი ქვეითი ადამიანია დაშავებული. წლებია ასეა. აუცილებლად საყურადღებოა!” _ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას დახმარების თხოვნით მიმართავენ მოქალაქეები და სოფლის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარედ, ხელოვნური ბარიერის დამონტაჟებას ითხოვენ.
ადგილობრივთა თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, ზღვის სეზონზეა საფრთხის შემცველი.
“ზოგი ახლა მიდის დასასვენებლად, ზოგიც შვებულებიდან უკან ბრუნდება და შესაბამისად, საკმაოდ გადატვირთული მოძრაობაა მაგისტრალზე. თან ეს საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია. სანამ ავტობანი გაკეთდება და გზის ამ მონაკვეთს განტვირთავს, მანამდე ყოველთვის ასეთი საფრთხის შემცველი ვითარება იქნება, ამიტომ დროულადაა ყურადღება მისაქცევი ეს ამბავი, რომ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ნაკლებად შეექმნას”.
მოქალაქეთა მიმართვის უშუალო ადრესატი კი, უპირველესად, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილია.
“ბატონო ალექსანდრე, ძალიან დასაფასებელია თქვენი საქმიანობა ჩვენს მუნიციპალიტეტში. გვახარებს თქვენი შრომა მუნიციპალიტეტის ხალხის მიმართ. ეს არის ძალიან კარგი და მისასალმებელი ქმედება… ძალიან გვინდა რომ გაითვალისწინოთ სოფელ გვიმბალაურის მცხოვრებლების პრობლემები და სურვილები… ჩვენ, ამ მხრივ, ვართ ძალიან უყურადღებოდ დატოვებული. ძალიან გვაშფოთებს ეს დამოკიდებულება. მძიმე მდგომარეობაა გვიმბალაურის ცენტრალურ მაგისტრალზე, გაჩერებებზე და გადასასვლელ გზებზე. არაერთი ცუდი შემთხვევა მოხდა ამ საბედისწერო ადგილას. რამდენიმე დღის წინ დავკრძალეთ სოფლის მკვიდრი 63 წლის ქალბატონი, რომელიც გზაზე გადადიოდა და იმსხვერპლა ერთ-ერთმა ავტომობილმა.
გთხოვთ, დაავალეთ შესაბამის სამსახურს და მოაგვარეთ ეს პრობლემა.
ვიმედოვნებთ, ჩვენი ეს პრობლემები და თხოვნა იქნება თქვენ მიერ განხილული და გადაჭრილი ხალხის საკეთილდღეოდ”, _ პრობლემის დროული გადაჭრის თხოვნით მიმართავს მუნიციპალიტეტის პირველ პირს მოქალაქე თეა იმნაძე.
საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მოსახლეობა ხელმოწერების შეგროვებასა და მერიაში განცხადების შეტანას აპირებს.
ნატალი ტაკიძე: “სანამ ცუდი შედეგი არ იქნება, არავინ თავის მოვალეობას არ ასრულებს, ამიტომ კატეგორიულად მოვითხოვოთ. გავაკეთოთ განცხადება, შევაგროვოთ ხელმოწერები და დავუდოთ წინ (მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას), ეგებ მაშინ მაინც გაიაზრონ, როგორი საფრთხის წინაშე ვდგავართ!”
ნინო კვაჭაძე: “ნამდვილად ცუდი ადგილია, ყოველთვის მეშინია მაქ გავლა.
ძალიან კარგი იქნება, თუ მიექცევა ყურადღება”.
ქეთი სიხარულიძე: “აუცილებელია, ეგრეთ წოდებული, “მწოლიარე პოლიციელის” დამონტაჟება, სხვაგვარად შეუძლებელია!”
მოქალაქეთა აზრით, გარდა გვიმბალაურისა ხელოვნური ბარიერის დამონტაჟების აუცილებლობა და საჭიროება ცენტრალური მაგისტრალის სოფელ ჭალის მონაკვეთზეცაა, სადაც ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევა:
“გვიმბალაურში და ჭალის პატარა სკოლასთან არის მართლა სასაკლაო, არავინ არ აკეთებს რეაგირებას, არ გეცოდებათ ხალხი?!”
ლანჩხუთის მერიაში კი ამბობენ, რომ თუკი მოქალაქეების მხრიდან უწყებაში ოფიციალური განაცხადი შემოვა, შეძლებენ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილონ: “ეს გზა გზების დეპარტამენტს ეკუთვნის. თუ მოქალაქეები განცხადებით შემოვლენ და მოითხოვენ “მწოლიარე პოლიციელის” დაყენებას, ჩვენ ამის საფუძველზე შეგვეძლება მივმართოთ გზების დეპარტამენტს, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის შემზღუდავი ბარიერი დამონტაჟდეს”, _ გვითხრა ლანჩხუთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ალეკო კირვალიძემ.
ავტორი