ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ დღეს ბაზარში განვითარებული მოვლენები ნაციონალური მოძრაობის მიერ დადგმული პროვოკაცია იყო.
შარაშიძე ასევე აღნიშნავს, რომ ჩოხატაურლებს კუთხის სიყვარულს სხვა ადგილიდან ჩასული ხალხი ვერ ასწავლის.
“ნაციონალების პროვოკაციაზე და ატეხილ აჟიოტაჟზე, მე რა შეფასება უნდა გავაკეთო? მთელმა საქართველომ იცის რა უნამუსო ხალხია. არიან პროვოკატორები, ჩვენი ქვეყნის მოძულე ხალხი. არ იციან არც ქვეყნის, არც ოჯახის ფასი.
ჩვენ, ჩოხატაურლებს, ჩოხატაურზე შეყვარებულ ხალხს, მჟავანაძეები და სხვა ჩამოსული ხალხი აქ ვერ გვასწავლის სად რა უნდა გავაკეთოთ, რა შეიძლება გასხვისდეს და ერთი სიტყვით, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი კუთხის და ნოდარ დუმბაძის სიყვარულს, ეგ ხალხი ვერ გვასწავლის”,_ გვითხრა შარაშიძემ.
ინფორმაციისთვის, დღეს დაპირისპირება მოხდა ჩოხატაურში. ბაზარში, სადაც ოზურგეთისა და ჩოხატაურის “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის ორგანიზაციის წევრები ხალხს ნოდარ დუმბაძის პარკის გასხვისების შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ, პარტიის განცხადებით “ქართული ოცნების” მომხრეები დაუპირისპირდნენ. ნაცემია ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე. ასევე პარტიის რამდენიმე წევრი. მომხდართან კავშირს “ქართული ოცნება” უარყოფს. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.
ცნობისთვის, ნოდარ დუმბაძის სკვერის ტერიტორია 15 000 ლარად იყიდება და იქ “საქართველოს ბანკის” ფილიალის განთავსებაა დაგეგმილი. მერის განცხადებით, ბანკის ფილიალის აშენებით ნოდარ დუმბაძის სკვერს განადგურების საფრთხე არ ემუქრება.