ჩოხატაურში, ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერის მიმდებარედ გასასხვისებელი ტერიტორიის ირგვლივ პოზიცია-ოპოზიციას შორის პოლემიკა არ წყდება.
მას შემდეგ, რაც პარლამენტში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პლენალურ სხდომაზე განაცხადა, რომ დაუშვებელია სკვერის ნაწილის გაყიდვა და ამით თემა დახურულად გამოაცხადა, სოციალურ ქსელში უფრო ოპოზიციის წარმომადგენლები აქტიურობენ.
ჩოხატაურის საკრებულოს ფრაქცია “ჩოხატაური საქართველოში” თავმჯდომარე თემასთან დაკავშირებით კიდევ ერთ პოსტს ავრცელებს.
“აბა, მეგობრებო, ზოგ-ზოგიერთებმა წავშალეთ გუშინ გაზიარებული გამაპრავებელი პოსტები სკვერთან დაკავშირებით. ხომ შეიძლება, სანამ პარლამენტარს შეაწუხებთ, ადგილზეც გადახედოთ და წაიკითხოთ კანონი. ჩაიხედეთ ხანდახან რაიმე ცვლილება არ გამოგეპაროთ.
ჩვენი ფრაქციის სახელით წერილობით მივმართავთ მერიას, რომ მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ახალი აზომვითი ნახაზის საფუძველზე, მოხდეს პარკის ამოჭრილი ნაწილის გაერთიანება და დაუბრუნდეს საწყის საკადასტრო მონაცემს”, _ წერს გოგი ბოლქვაძე და იქვე მამუკა მდინარაძის დღევანდელი გამოსვლის ჩანაწერს აზიარებს.