ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის თემი) ოთხი მცირე ჰესის აგებაა დაგეგმილი. ერთი მცირე ჰესის მშენებლობა კომპანია „ენერგის“ აქვს ჩაფიქრებული, ხოლო სამი მცირე ჰესის კი _ „პარვუს ჯგუფს“. „პარვუს ჯგუფის“ ჩანაფიქრი სოფლის მცხოვრებლების უმეტესობისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც „ენერგის“ წარმომადგენლები მოსახლეობის მცირე ნაწილს ხვდებოდნენ.
შეხვედრაზე აზრი ორად გაიყო: მოსახლეობის ერთი ნაწილი „ენერგის“ მიერ ჰესის მშენებლობის წინააღმდეგი იყო, მეორე ნაწილი კი _ მომხრე. შეხვედრის დროს სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა ორივე მხარეს შორის.
ამ შეხვედრიდან რამდენი დღეში ადგილობრივი მედიისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის ცნობილი გახდა, რომ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ისევ იმართებოდა შეხვედრა სოფელ გომში. ადგილზე მისვლისას კი გავიგეთ, რომ დაახლოებით 20-მდე ადამიანთან ამჯერად „პარვუს ჯგუფს“ ჰქონდა დაგეგმილი საინფორმაციო შეხვედრა.
სწორედ ამ შეხვედრაზე გაცხადდა, რომ „პარვუს ჯგუფი“ ბჟუჟის ხეობაში აპირებდა სამი მცირე ჰესის მშენებლობას. კომპანიის წარმომადგენლები დაგვპირდნენ, რომ უახლოეს დღეებში აუცილებლად შეხვდებოდნენ მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ სოფელი გომი, რომელიც შემოქმედის თემში შედის, ტურისტებისთვის ერთ-ერთი პერსპექტიული და მიმზიდველი ადგილია უნიკალური ფლორით და ფაუნით.
სოფელთან ახლოს მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტი გომის მთა. მოსახლეობის დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ეს სოფელი ყველაზე მიმზიდველი ადგილი გახდება ტურისტებისთვის.
სოფელ გომში მცხოვრები ინგა დუმბაძე თავისი ბიზნესის განვითარებაზე ფიქრობს _ ის ტურისტებს მასპინძლობს და ადგილობრივი კერძების პოპულარიზაციას ეწევა:
„გვაქვს ჩვენს კარმიდამოში მოყვანილი ბაღჩეული და ბოსტნეული. გვინდა ჩვენი ბიზნესის განვითარება და გაფართოება. ბოლო წლებია ტურისტების რიცხვი იმატებს ჩვენს სოფელში“, _ გვითხრა ინგა დუმბაძემ.
მისივე თქმით, სოფელში, რაც გაცხადებულია ოფიციალურად, ოთხი ჰესის მშენებლობაა არის დაგეგმილი, თუმცა, ამ მშენებლობების შესახებ აქაურებს მწირი ინფორმაცია გააჩნიათ. ინგა დუმბაძე ფიქრობს, რომ ხალხის ინფორმირება მშენებელი კომპანიის პასუხისმგებლობაა:
„მხოლოდ ის ვიცით, რომ შენდება ოთხი მცირე ჰესი, მაგრამ პროექტი რას გულისხმობს, როგორ არის გაწერილი, შეფასებულია თუ არა მოსალოდნელი რისკები და გამოკვლეულია თუ არა მისი ზემოქმედება გარემოზე _ ამის შესახებ ამ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. ჩვენთან არავინ მოსულა ამის სათქმელად“, _ ამბობს დუმბაძე.
საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის კორპორაციული პასუხისმგებლობის პროგრამის ხელმძღვანელი ლელა ხოფერია „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ პასუხისგებლიან კომპანიას ჰესის მშენებლობისათვის პირველ რიგში სჭირდება ნებართვა სახელმწიფოსგან, ანუ ლიცენზიის მიღება. ნებისმიერი სიმძლავრის ჰესის მშენებელმა კომპანიამ იმაზე მეტი უნდა გააკეთოს, რაც ჩაფიქრებული აქვს:
„ლიცენზია რომ მოიპოვოს გარკვეული ჰესის მშენებელმა კომპანიამ, გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება სჭირდება. მან უნდა ჩაატაროს და მოამზადოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, რის შემდეგაც ხდება ლიცენზიის გაცემა. თუმცა, პასუხისმგებლიანი კომპანიები უფრო მეტს აკეთებენ, ვიდრე კანონმდებლობით განსაზღვრული იმ მოთხოვნების დაკმაყოფილებაა, რასაც სახელმწიფო უყენებს კომპანიებს მშენებლობის ნებართვის მისაღებად. პასუხისმგებლიანი კომპანია ხელმძღვანელობს საერთაშორისო სტანდარტებით და საუკეთესო პრაქტიკით, რაც გულისხმობს იმას, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს სოციალური ზეგავლენის შეფასებაც _ ანუ, რა სოციალური შედეგები შეიძლება მოჰყვეს ჰესის მშენებლობას, რა ზეგავლენას მოახდენს ეს მშენებლობა ადგილობრივ მოსახლეობაზე. პასუხისმგებიანი კომპანიის ვალდებულებაა, სახელმწიფო რომც არ ითხოვდეს, თვითონ მაინც ჩაატაროს როგორც გარემოზე, ასევე საზოგადოებაზე ზეგავლენის შეფასება, რადგან მცირე ჰესების მშენებლობასაც ახლავს სოციალური და გარემოზე ზემოქმედება“, _ ამბობს ლელა ხოფერია.
მისი განმარტებით, ჰესის მშენებლობას წინ უნდა უძღოდეს ძალიან მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო საინფორმაციო პროცესი. ეს არ უნდა იყოს ცალმხრივი. უნდა მოხდეს მოსახლეობის ინფორმირება და მათი მოსმენა. ხოფერიას თქმით, კომპანიამ ადგილობრივებს უნდა განუმარტოს, რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს მათზე ამ ჰესების მშენებლობამ. სწორედ ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა მოხდეს ადამიანების ინფორმირება. მას მიაჩნია, რომ პასუხისმგებლიან კომპანიას არაერთი შეხვედრის ჩატარება და პირველ რიგში მოსახლეობის ნდობის მოპოვება მოუწევს:
„სოციალური ზეგავლენის შეფასებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია წინასწარი შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან. პირველ რიგში, უნდა გამოვლინდეს, რა ზეგავლენის მოხდენა შეუძლია პროექტს გარემოზე და ხალხზე.. თუ ამას თან ახლავს ადგილობრივი მოსახლეობის ადგილის გადანაცვლება, დაუშვათ იტბორება სოფლები ან ამას მოჰყვება რაღაც პროცესები, რის გამოც მოსახლეობამ, შესაძლოა, შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი, ეს უკვე ძალიან სერიოზული ზეგავლენაა, რასაც სერიოზული საინფორმაციო შეხვედრები და შემდეგ განეიტრალების ღონისძიებები სჭირდება. ამას გარდა, ჰესის მშენებლობას ბევრი სხვადასხვა ტიპის ზეგავლენის მოხდენა შეუძლია გარემოზე და ადამიანებზე, როგორც უარყოფითის, ისე _ დადებითის. ამიტომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია, დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრა _ ეს არის ადგილობრივი მოსახლეობა, ადგილობრივი თვითმმართველობა, ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლები, გარემოს დამცველი ორგანიზაციები, მედია. აქ, ასევე, ხელმისაწვდომი უნდა იყოს დარგის სპეციალისტების და ექსპერტების მოსაზრებები ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით. სწორედ მათი დამადასტურებელი დასკვნები იქნება სანდო ინფორმაცია მოსახლეობისთვის. პირდაპირ ვამბობ, რომ თავად კომპანია უნდა მართავდეს შეხვედრებს მოსახლეობასთან და აწვდიდეს მათ ინფორმაციას ჰესების მშენებლობის შესახებ. ეს არის ანი და ბანი პასუხისმგებლიანი კომპანიისთვის. გამჭვირვალობა, ყოველგვარი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და სრულიად სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღება ეს პირველი პუნქტია ასეთი კომპანიის საქმიანობაში“, _ აცხადებს ლელა ხოფერია.
რაც შეეხება დარგის სპეციალისტების მოსაზრებებს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოს“ თავმჯდომარის ირმა გორდელაძის თქმით, ნებისმიერი პროექტი, რომელიც მოითხოვს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, უნდა იყოს გამჭვირვალე და საჯარო როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე, გარემოსდამცველებისთვის და მედიის წარმომადგენლებისთვის:
„გურიაში რამდენიმე მცირე ჰესის პროექტი იგეგმებოდა ბოლო 3 წელიწადში. აქედან შეჩერდა ოზურგეთში, “ნატანები 3″-ის მშენებლობა სოფელ ვაკიჯვარში _ პროექტი გასაჩივრდა “ეკო“-ს და „საიას“ მიერ. პროექტზე სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვა გაცემული ჰქონდა და ეს ნებართვა გასაჩივრდა. ასევე, სკოპინგის ეტაპზე შეჩერდა ჩოხატაურში, სოფელ სურებში” ბარამიძე ჰესის“ პროექტი.
„ბახვი 2 ჰესის“ პროექტს უკვე აქვს მშენებლობის ნებართვა, რადგან კომპანიამ გაითვალისწინა ჩვენი მოთხოვნები, ჩატარდა ხელახალი კვლევები. ჩვენი მოთხოვნით, პროექტის გზშ შეისწავლა დამოუკიდებელმა ექსპერტმა. „ბახვი 2“ ჰესის ძველი პროექტი გასაჩივრებული იყო “ეკო“-სა და „იემსის“ (სოციალური სამართლიანობის ცენტრი“) მიერ.
„ბახვი 1 ჰესის“ პროექტზე ყველაზე დიდი დრო _ 2 წელი დაიხარჯა, რომ იგი ევროპული სტანდარტების პროექტს დაახლოებოდა და გარემოსდაცვითი ნებართვა მიეღო.
ახლაც ვაგრძელებთ მონიტორინგს, თუ როგორ შესრულდება ვალდებულებები“, _ გვითხრა ირმა გორდელაძემ.
მისივე თქმით, „პარვუს ჯგუფს“ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას შორის მემორანდუმი გაფორმდა: „ორი თვეა ვითხოვ საჯარო ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან და ჯერ არ მომსვლია პასუხი. დაინტერესებულ პირებს გვაინტერესებს, რა წერია მემორანდუმში. ასევე, მცირე ჰესების მშენებლობის დროს, მშენებელ კომპანიას კანონი არ ავალდებულებს გარემოს ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მომზადებას, რასაც ბჟუჟის ხეობაში დაგეგმილ ჰესების მშენებლობაში ნამდვილად არ გამოდგება. კომპანია ვალდებულია ჩაატაროს გრძელვადიანი გარემოსდაცვითი კვლევები თანამედროვე მეთოდებით და წარმოუდგინოს როგორც შემოქმედი–გომის მოსახლეობას, ასევე, გარემოსდამცველებს და სამოქალაქო საზოგადოებას განსახილველად. ის ადგილი, სადაც სამი მცირე ჰესის მშენებლობა არის დაგეგმილი, 8–ბალიან სეისმურ ზონაში მდებარეობს. აქედან გამომდინარე, გზშ–ს გაკეთება აუცილებელია“, _ გვითხრა ირმა გორდელაძემ.
საქართველოს იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი, იურისტის თამაზ ტრაპაიძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას იხსენებს, როგორ დაიწყო „ბახვი ჰესის“ კომპანიასა და მესამე სექტორის წარმომადგენლებთან დიალოგი.
„ბახვი 1 ჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით:
„საიას“ ოზურგეთის ოფისის აქტიურობა იმ დღიდანვე დაიწყო, როგორც კი „ბახვი 1 ჰესის“ მშენებლობის შესახებ გახდა ჩვენთვის ცნობილი. ეს ის პერიოდია, როცა ჯერ კიდევ არ იყო წარმოდგენილი სკოპინგის ანგარიში. არასამთავრობო ორგანიზაციების _ „საიას“ და „ეკოს“ არაერთი შენიშვნა ჰქონდა, რომელთა უმრავლესობა იქნა გათვალისწინებული საგულისხმოა, რომ სკოპინგის ანგარიშისას 12 შენიშვნა (დანართი 1) გვქონდა, ხოლო გზშ–ს ანგარიშის დროს 4 შენიშვნა. (დანართი2). ეს ფაქტიც მიუთითებს იმაზე, რომ კომპანია თანამშრომლობდა სამოქალაქო სექტორთან. მთავარია, რომ მშენებელი არ წავიდა არასწორი გზით _ იგი უსმენდა საზოგადოებას და ცდილობდა, გაეთვალისწინებინა შენიშვნები“, _ ამბობს თამაზ ტრაპაიძე.
კითხვაზე, რამდენად დიდი როლი აქვს ამ ყველაფერში არასამთავრობო ორგანიზაციას, მედიას და საზოგადოების ჩართულობას, თამაზ ტრაპაიძემ ასე გვიპასუხა: „საზოგადოების აქტიურობას რომ ყოველთვის მოაქვს შედეგი, ამისთვის ეს კონკრეტული მაგალითიც გამოდგება. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს, თუ როგორ შეიცვალა ბახვი 1 ჰესის პროექტი თავდაპირველად წარმოდგენილი ვერსიიდან გზშ–ს დამტკიცებამდე. ეს შედეგი სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიის წარმომადგენლების აქტიურმა ჩართულობამ განაპირობა. ამჟამად მიმდინარეობს ჰესის მშენებლობისთვის საჭირო წინასწარი სამუშაოები, მოქალაქეთა აქტიურობა აქაც მნიშვნელოვანია და აუცილებელია მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგის განხორციელება მშენებლობის ყველა ეტაპზე“, _ გვითხრა თამაზ ტრაპაიძემ.
იმის შესახებ, რა ეტაპზე დაინახა „ბახვი 1“ და „ბახვი 2“ მშენებელმა კომპანიამ, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობის და ანგარიშვალდებულების გამოჩენა იყო საჭირო, „ბახვი ჰესის“ გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერმა დავით კობერიძემ ვრცელი კომენტარი გააკეთა:
„ბახვი ჰესის“ პროექტის განმავითარებელი და ინვესტორი არის კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი, რომლის პორტფელში, გარდა ”ბახვი ჰესის“ პროექტისა, უკვე აშენებული და ექსპლუატაციაში შესული ჰიდროელექტროსადგურებია. მაგალითისთვის, ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა 2022 წელს დასრულდა, ლახამი ჰესისა კი _ 2021 –ში. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის დასავლური ინვესტიცია, ყველა საქმიანობა კონკრეტული პრინციპებით წარიმართება. მაგალითად, მშენებლობისა და პროექტის განვითარების დროს, ვხელმძღვანელობთ როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ასევე, საერთაშორისოდ აღიარებული საფინანსო ინსტიტუტების _ IFC და EIB გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტებით. რაც, თავის მხრივ, გულისხმობს კონკრეტულ, საკმაოდ მკაცრ მიდგომებს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვისას.
ამ სტანდარტების მიზანია, მაქსიმალურად შეამცირებინოს პროექტის განმავითარებელს ზეგავლენა გარემოსა და ადამიანებზე, ეს კი, მუდმივ რეჟიმში მოწმდება დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტების მიერ. ამ სტანდარტით ვხელმძღვანელობდით სვანეთშიც და ახალქალაქშიც.
უნდა აღვნიშნო, რომ გურიაში საკმაოდ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება დაგვხვდა. გასაგებია, რომ თავიდან არ გვიცნობდნენ, არ ჰქონდათ ინფორმაცია ჩვენს კომპანიასა და მუშაობის ჩვენეული ხედვისა და სტანდარტების შესახებ. პირველივე შეხვედრების დროს იყო ბევრი სწორად დასმული კითხვაც და საინტერესო მოსაზრებაც. ჩვენ, თავიდანვე ფართოდ გავხსენით ჩვენი კარი და გამოვთქვით მზაობა, გვქონოდა დიალოგი. ამისთვის კი დავაფუძნეთ 12-კაციანი მრჩეველთა საბჭო, რომელიც დაინტერესებული ჯგუფების წარმომადგენლები არიან. საბჭო გარკვეული პერიოდულობით იკრიბება და მსჯელობს პროექტის გარემოსდაცვითი თუ სოციალური საკითხების მართვასთან დაკავშირებულ სიახლეებსა თუ ინიციატივებზე.
სოციალური პროგრამა, რომელიც მიმდინარეობს ჩვენი საპროექტო არეალთან ახლოს მდებარე სოფლებში, იმ საჭიროებებზეა მორგებული, რომელიც ამ სოფლებში არსებობდა. მაგალითად, ვანისქედში (სოფელ მთისპირის თემი), სადაც მოსახლეობას წლები,ა წყალი არ მიეწოდება, ვაშენებთ წყალს სატუმბ სადგურს და ვაკეთებთ დაქსელვას, რომლის ამუშავების შემდეგ ვანისქედებელის ონკანებში წყალი წამოვა.
ოჯახებისთვის აქტუალური იყო საგანმანათლებლო პროექტები მოზარდებისთვის _ შესაბამისად, გვაქვს სტიპენდია სტუდენტებისთვის, სკოლებში უფროსკლასელებისთვის კი _ ტრენინგ კურსები; საბავშვო ბაღის ბავშვებისთვისაც გვაქვს პროექტები, რომელიც მიმართულია მათ განვითარებაზე.
სარგებელი თანაბრად რომ ყოფილიყო გადანაწილებული, შშმ პირების დახმარებაც წარვუდგინეთ სოფელს, რომლის ფარგლებშიც პროექტის დაფარვის ზონაში მცხოვრებ შშმ პირებს პენსია აქვთ დანიშნული კატეგორიების მიხედვით.
უნდა ითქვას, რომ არაერთ ასეთ საჭირო პროექტს ვახორციელებთ სოფლებში. პროექტები, ერთი მხრივ, საჭიროებებზეა მორგებული, მეორე მხრივ კი მდგრადი განვითარების მიზნებს ემსახურება.
დიალოგი, გამჭვირვალობა და ჩართულობა საწინდარი გახდა იმისა, რომ ჰიდროელექტროსადგურის პროექტი კიდევ უფრო დაიხვეწა _ დღეს უკვე თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, ვახორციელებთ პროექტს და სხვათა შორის, გვაქვს ამბიცია, რომ ის გახდება უპრეცედენტო მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ჰიდროელექტროსადგური და მისი გარემოსდაცვითი თუ სოციალური საკითხების მმართველობის პრაქტიკები“, _ გვითხრა დავით კობერიძემ.
სტატიის მომზადების დროს „პარვუს ჯგუფის“ ხელმძღვანელისგან დავით ბესელიასგან შევიტყვეთ, რომ სამი მცირე ჰესის მშენებლობამდე, წინასამუშაო პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართვა იგეგმება. მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ჩატარდება ოთხი ძირითადი კვლევა: ჰიდროლოგიური, იქთიოლოგიური, გლაცეოლოგიური, სეისმოლოგიური, ხოლო კომპანიის დაპირებული შეხვედრა მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან (ამ შეხვედრის ჩატარება კომპანიის წარმომადგენლები 2023 წლის ივნისში დაგვპირდნენ) 2023 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში მოხდება.
როგორ განვითარდება მოვლენები, ამას დრო გვიჩვენებს. ფაქტი კი ერთია _ ბოლო პერიოდში, ქვეყანაში განვითარებული სტიქიური მოვლენებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რაც, ასევე, არის, მდგრადი განვითარების მე-13 მიზანი. 2030 წლამდე შესასრულებელ მდგრადი განვითარების 17-ივე მიზანზე პასუხისმგებლობა სწორედ პასუხისმგებლიან ბიზნეს კომპანიებს აქვთ აღებული, რაც თავის თავში გულისხმობს: სიღარიბის აღმოფხვრას, ჯანმრთელ ცხოვრებას, ხარისხიან განათლებას, გენდერულ თანასწორობას, ღირსეულ სამუშაო ეკონომიკურ ზრდას, მდგრად მოხმარებას და წარმოებას და ასე შემდეგ.
იმ შემთხვევაში თუ კომპანიები _ „ენერგი“ და „პარვუს ჯგუფი“ საკუთარ პასუხისმგებლობასაც იგრძნობენ ჰესების მშენებლობის დაწყებამდე, იხელმძღვანელებენ საერთაშორისო სტანდარტებით, ამ ქცევით შეარბილებენ კლიმატის ცვლილების პროცესს, ადგილობრივ მოსახლეობას კი მეტი უსაფრთხოების განცდას შეუქმნიან. სფეროს სპეციალისტების შეფასებით, გრძელვადიან პერსპექტივაში კი ეს ყველაფერი თავიდან აგვარიდებს ბუნებრივ კატასტროფებს და ადამიანურ მსხვერპლს.
ფოტოებზე ასახულია ის ადგილი, სადაც სამი მცირე ჰესის მშენებლობა იგეგმება.
ავტორი