როგორ დღეს დილით “გურია ნიუსი” წერდა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გულიანში ბერიძეების ოჯახს დახმარება სჭირდება. სტიქიის შედეგად კარმიდამოს დატბორვის შესახებ გურამ ბერიძემ სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია და საზოგადოებას და ჟურნალისტებს დახმარებას სთხოვდა, რომ შესაბამის უწყებებამდე მიგვეტანა ამბავი.
როგორც თავად ბერიძე წერს, დახმარებისთვის მან 112-შიც დარეკა და გულიანში მერის წარმომადგენელთანაც, თუმცა, როგორც მან გვითხრა, მასთან დასახმარებლად არავინ მისულა.
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ გურამ ბერიძეს უმოკლეს ხანში დაუკავშირდებოდნენ.
რამდენიმე წუთის წინ, იმის გასაგებად შემოწმდა თუ არა ბერიძის მდგომარეობა მერის წარმომადგენელს სოფელ გულიანში რევაზ ფაცურიას დავუკავშირდით.
სოფელ გულიანში მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, გურამ ბერიძის ოჯახში, მდგომარეობის შესასწავლად, გეოლოგების ჯგუფი უკვე იმყოფებოდა.
,,დაახლოებით, ნახევარი საათის წინ ვიყავით ამ ოჯახში გეოლოგებთან ერთად, დაიდება დასკვნა და შესაბამისად, გაეწევა დახმარება”, _ გვითხრა ფაცურიამ.