ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, მათი საპარლამენტო ფრაქცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განმარტა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები იმპიჩმენტის პროცესში პარლამენტის სხდომათა დარბაზში არ იქნებიან.
„იმისთვის, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი ინსინუაციები, ყოველგვარი სპეკულაციები, იმისთვის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია იყოს მტკიცე, ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ ივანიშვილის ბინძურ თამაშში, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის ევროპული არჩევანის საბოტაჟირებას ემსახურება. სწორედ ამ მიზნით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ არ იქნება დარბაზში, მაშინ, როდესაც ივანიშვილი გაითამაშებს იმპიჩმენტად წოდებულ პროცესს, რომელიც რეალურად ისახავს მიზნად იმას, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რომ ჩვენი ევროპული არჩევანის რეალიზება არ მოხდეს. ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება, რომელიც დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა პოლიტიკური საბჭოს მიერ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია”-ს თავმჯდომარის მოადგილემ ლევან ბეჟუაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას პარლამენტის სხდომათა დარბაზში არც ისინი შევიდნენ.