ლეგენდარული როკ-ჯგუფის Queen-ის გიტარისტი ბრაიან მეი იმ მეცნიერებს შორის იყო, ვინც დედამიწაზე ასტეროიდის ნიმუშების ჩამოტანის მისიაში მონაწილეობდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, მეი არა მხოლოდ მუსიკოსი, არამედ ასტროფიზიკოსიცაა, რომელიც ხშირად თანამშრომლობს NASA-სთან. ის მისია OSIRIS-REx-ის თანამშრომელი იყო, რომელიც ასტეროიდ „ბენუდან“ ნაწილაკების ჩამოტანაზე მუშაობდა. 76 წლის მუსიკოსს მისიაში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა – სწორედ მან შექმნა ზონდიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით სტერეოსკოპური გამოსახულებები, რომელთა დახმარებით მისიის ლიდერმა დანტე ლაურეტამ და მისმა გუნდმა ასტეროიდზე დაშვებისთვის შესაფერისი ადგილი შეარჩია.
მისიის წარმატებით დასრულების შემდეგ მეიმ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც თავის თანამშრომლებს მიულოცა და ბოდიში მოუხადა იმისთვის, რომ ზონდის დედამიწაზე დაშვების დროს მათთან ერთად არ იმყოფებოდა.
„Queen-თან ტურისთვის რეპეტიციებს გავდივარ, მაგრამ ჩემი გული თქვენ გვერდით არის“, – მიმართა მეიმ მეცნიერებს და აღნიშნა, რომ ძალიან ამაყობს იმით, რომ ამ გუნდის ნაწილი იყო.
ზონდი OSIRIS-REx-ი დედამიწაზე კვირას, 7-წლიანი მოგზაურობის შემდეგ დაბრუნდა. მან შეაგროვა ნიმუშები ასტეროიდზე ბენუ, რომელიც 4,5 მილიარდი წლისაა. ეს პირველი შემთხვევაა ისტორიაში, როდესაც მეცნიერებმა ასტეროიდის ნაწილაკების დედამიწაზე ჩამოტანა შეძლეს. ისინი ვარაუდობენ, რომ ასტეროიდის ნიმუშის სამეცნიერო ანალიზით, პლანეტების ფორმირებისა და დედამიწაზე ორგანული სიცოცხლის წარმოშობის შესახებ მეტ ინფორმაციას მიიღებენ.