ჩვენ დიდი ოპტიმიზმით ველოდებით ახალი ელჩის ჩამობრძანებას, ქალბატონი დანიგენის ჩამობრძანებას საქართველოში – ამბობს პრემიერი ღარიბაშვილი აშშ-ის ახალ ელჩთან დაკავშირებით და მასთან კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბების “იმედს ამყარებს”:
მე დიდ იმედს ვამყარებ და მინდა გამოვთქვა ჩემი ოპტიმიზმი, რომ ქალბატონ ელჩთან ჩვენ პირველივე დღეებიდან ძალიან კარგ ურთიერთობებს ჩამოვაყალიბებთ. ჩვენ გვექნება მაქსიმალურად გახსნილი, ღია, გულწრფელი ურთიერთობა.” თქვა ღარიბაშვილმა და სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობებზე ისაუბრა:
“ბუნებრივია ქვეყნებს შორის არსებობს სტრატეგიული პარტნიორობა, ჩვენთვის ამერიკა არის ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი. ეს არის მნიშვნელოვანი ქვეყანა. ჩვენ მადლიერი ვართ ამერიკის.
ასევე მინდა აღვნიშნო, ხანდახან შეიძლება იყოს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობები ქვეყნებს შორის, ეს ბუნებრივი პროცესია. ჩვენ, ჩვენი ინტერესები გვაქვს ჩვენს ქვეყანას, ამერიკას რა თქმა უნდა თავისი მიზნები და ინტერესები აქვს.
არსებობს საკითხთან დაკავშირებით გარკვეული სხვადასხვა მოსაზრებები, ეს ნორმალური პროცესია, ჩვენ ვთანხმდებით ამაზე და ეს არ არის ანომალია და არანორმალური მოცემულობა.
მთავარია ის, რომ ეს დიალოგი იყოს ჯანსაღი, იყოს კომუნიკაცია გულწრფელი. ჩვენ დასამალი არავისთან არაფერი არ გვაქვს. არავითარი დაფარული დღის წესრიგი საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია არც ერთ საკითხთან მიმართებაში. ასე რომ მე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო თანამშრომლობა გველის ახალ ელჩთან”,- განაცხადა პრემიერმა.