“მთავარ არხს” რუსეთის სათათბიროს დეპუტატი უდასტურებს, რომ მოლაპარაკებები საქართველოს ხელისუფლებასთან პირდაპირი ავიამიმოსვლისა და უვიზო რეჟიმის შესახებ, უმაღლეს დონეზე წარმოებდა.
ლეონიდ კალაშნიკოვი – დუმის დსთ-ს კომიტეტის თავმჯდომარე მთავარ არხთან ინტერვიუში განმარტავს, რომ ამ პროცესში ოთარ ფარცხალაძე ჩართული არ ყოფილა, თუმცა მომლაპარაკებლებს აღარ ასახელებს.
“რა თქმა უნდა, ეს შეთანხმებული იყო საქართველოს მთავრობასთან. ჩვენ ვერ განვაახლებდით რეისებს საქართველოს მთავრობასთან შეუთანხმებლად. რა არის ამაში უჩვეულო?
მე არ ვიცი, იყო თუ არა წინასწარი მოლაპარაკებები, მაგრამ შეთანხმება იყო. ჩვენთან არის “როსავიაცია”, თქვენთანაც არის შესაბამისი სტრუქტურები.
ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება ამ მიმართულებით, არის შანსი და ნაბიჯი დადებითი მიმართულებით. მაგალითად, ავიამიმოსვლის შეჩერება იყო ნაბიჯი, რომელმაც გააუარესა ურთიერთობები, ახლა კი როგორ წავა საქმე, ამას დრო გვიჩვენებს.” _ ამბობს კალაშნიკოვი “მთავართან” სატელეფონო საუბარში.
შეგახსენებთ, ცოტა ხნით ადრე, სერგეი ლავროვმა გააკეთა აღიარება საერთაშორისო მედიასთან და თქვა, რომ კრემლი მოლაპარაკებას უშუალოდ ქართულ ოცნებასთან აწარმოებდა.
აქამდე ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ოფიციალური მოსკოვიც და თბილისიც ბიზნეს- ჯგუფების აქტივობას მიაწერდნენ. ახლა კი ირკვევა, რომ ქართული ოცნება ფარულ მოლაპარაკებებს ისე აწარმოებდა ოკუპანტ სახელმწიფოსთან, რომ საკუთარი მოქალაქეები საქმის კურსში არ ჩააყენა და ისიც კი არაა ცნობილი, ვინ იჯდა მოლაპარაკების მაგიდასთან.