ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებების დაფინანსებისთვის მომავალ წელს საქართველოს 2024 წლის ბიუჯეტის თითქმის ერთი მესამედი – 7 მილიარდ 735 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც განიხილეს „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონპროექტი თანდართულ მასალებთან ერთად.
მინისტრის პირველმა მოადგილემ კომიტეტის წევრებს ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ 2024 წლის ბიუჯეტიც კონსერვატიული მიდგომით არის დაგეგმილი. მისი თქმით, რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,2%-ის ოდენობით, საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია და შეადგენს 2,8%-ს, ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 85,4 მლრდ ლარის ოდენობით, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ს 2,5%-ს ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ს 38,2%-ის ფარგლებშია.
„ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 870,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 50 ლარით და განისაზღვრება 415 ლარის ოდენობით; 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 315 ლარით; გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია: მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 50 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით; მიმდინარე წლის ივლისიდან 200 ლარამდე გაზრდილი ბავშვთა სოციალური დახმარების სრული წლის დაფინანსება.
ჯამში სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 5,6 მილიარდ ლარს; ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 1,6 მილიარდი ლარი, მათ შორის გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა; დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 230,0 მლნ ლარი”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
მისი თქმით, 2024 წლის განახლებული ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ნომინალურ გამოხატულებაში 21 242,4 მლნ ლარს შეადგენს, რაც 2023 წლის განახლებულ პროგნოზთან შედარებით 1 832,4 მლნ ლარით მეტია. საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი კი, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, წინა წლის დამტკიცებული გეგმით გათვალისწინებულ მაჩვენებელთან შედარებით 1 967,4 მლნ ლარით არის გაზრდილი და განისაზღვრება 23 881,7 მლნ ლარის ოდენობით.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა ლომინაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტი ორიენტირებულია ჯანდაცვასა და სოციალურ საკითხებზე და მათზე მიმართულია 7,8 მილიარდ ლარზე მეტი.
„ამ თანხიდან პრაქტიკულად 4 მლრდ ლარი მიემართება საპენსიო ანაზღაურებაზე. მისასალმებელია, რომ საპენსიო ანაზღაურება იმატებს როგორც ქალაქში მცხოვრებლებისთვის, ასევე მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთათვის. არ შეიძლება ხაზგასმით არ აღინიშნოს, რომ ბიუჯეტი ორიენტირებულია სოციალურად დაუცველ ბავშვებზე. აღსანიშნავია, რომ გრძელდება სკოლების და ბაღების მშენებლობა, რისთვისაც საკმაოდ დიდი ასიგნებებია გამოყოფილი. თუმცა, იმის გათვალისწინებით, თუ რა მდგომარეობაა მთელ მსოფლიოში, ალბათ მეტი თანხები უნდა გავითვალისწინოთ თავდაცვისათვის”, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
მისივე შეფასებით, დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს დემოგრაფია და კარგი იქნება, თუკი მთავრობა და პარლამენტი ამ მიმართულებით შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
„ამ ეტაპზე კი შემოვდივართ წინადადებით, რომ სადეკრეტო შვებულების ანაზღაურება 2500 ლარამდე გაიზარდოს, რომ ოჯახებს გარკვეული სტიმული მივცემთ”, – აღნიშნა ზაზა ლომინაძემ.
კომიტეტის წევრებმა ბიუჯეტის პროექტი დადებითად შეაფასეს, თუმცა გარკვეული წინადადებებიც გამოითქვა, მათ შორის, სკოლაში ბავშვთა კვების თაობაზე, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაზე, დაავადებათა დიაგნოსტიკასა და პრევენციაზე, მედიკამენტების პროგრამის შესახებ და სხვა.
სხდომაზე განმარტებები ასევე გააკეთა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა.