ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ვასო ჩიგოგიძემ ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა,
მან თქვა, რომ ოზურგეთის დრამატული თეატრის 156-ე სეზონი ექვთიმე ღვთისკაცზე სცენური ვერსიით გაიხსნება. ამ სპექტაკლის ჩვენება კი, განსაკუთრებით იქნება საზეიმო და უმნიშვნელოვანესი დღე:
_ 156-ე სეზონს ოზურგეთის თეატრი ხსნის პრემიერით _ „ექვთიმე“.
ეს იქნება ყველაზე საზეიმო დღე, როცა სპექტაკლი იქნება მხატვრულ-დოკუმენტური და ბევრ ისეთ დეტალს ახდის ფარდას, რომელიც მაყურებლისთვის უცნობია. სპექტაკლის დადგმაზე ცნობილი რეჟისორი გოცა კაპანაძეა, _ თქვა ვასო ჩიგოგიძემ.
რაც შეეხება იდეას და დადგმას, ავტორიც და ხელმძღვანელიც თავად ბატონი ვასო ჩიგოგიძეა.
როგორც მან ისაუბრა, სპექტაკლი დოკუმენტურ მასალებს ეფუძნება, მათ შორის: „საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში“ _ მოგონებებს.
მან ასევე განმარტა, რომ „ექვთიმე, წარმოდგენილი იქნება, როგორც ტრილოგიის მესამე ნაწილი. ასე იყო შეთანხმება და ძირითადი ამოცანაც ეს იყო. ამ სპექტაკლით კი ეს ამოიწურება.
_ ეს არის ტრილოგიის მესამე ნაწილი, სპექტაკლების: „გურიის უკანასკნელი დედოფალი“ და „რესპუბლიკა გურის“ შემდეგ…
სპექტაკლის პრემიერა 17 ოქტომბერს შედგება და ეს მოხდება ღონისძიების ფარგლებში, რომელიც მიეძღვნება ექვთიმე ღვთისკაცის საიუბილეო თარიღს, 160 წლისთავს. ამიტომ ზის ის ექვთიმესადმი მიძღვნილ საერთო ქარგაში, საერთო პროექტში. ბილეთები არ გაიყიდება. ლიხაურში ჩატარდება პრესკონფერენცია და ყველა მობრძანებული სტუმარი თუ მასპინძელი ნახავს. ხოლო პრემიერა რასაც ჰქვია, ბილეთების გაყიდვით, მაყურებლით, ეს შედგება 24 ოქტომბერს, _ განაცხადა ვასო ჩიგოგიძემ.
ბატონმა ვასომ ასევე ისაუბრა სპექტაკლის ლევილში ჩვენების თაობაზე.
მისი თქმით, სპექტაკლი კეთდება ოზურგეთისთვის, საქართველოსთვის, თუმცა ის კეთდება ლევილისთვისაც. სპექტაკლს წაიღებენ ლევილში და იქ საფესტივალო დღეებში მოხდება ჩვენება.
პრესკონფერენციის შემდეგ, ჟურნალისტებს საშუალება მოგვეცა, სპექტაკლზე მუშაობის პროცესს დავსწრებოდით.
მთავარმა რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ სიყვარულით და მოკრძალებით ისაუბრა სპექტაკლზე:
_ სპექტაკლი ეძღვნება ექვთიმე თაყაიშვილის საემიგრაციო ცხოვრებას. მასში 20 მსახიობი მონაწილეობს. პირველად საქართველოში ოზურგეთის თეატრი შეეჭიდა ამ დიდ თემას. ბატონმა ვასილ ჩიგოგიძემ ჩაიფიქრა ეს პროექტი, ტრილოგია _ „დედოფალი სოფიო,“ „რესპუბლიკა გურია“ და „ექვთიმე“. ბევრს სურდა ამ სპექტაკლში თამაში, თუმცა, ჩვენ შევჩერდით ნიჭიერ მსახიობ, გიორგი დოლიძეზე, რომელიც ექვთიმეს როლს შეასრულებს. ასევე, თითოეული მსახიობი თამაშობს საუკეთესოდ და ყველას თავისი ადგილი აქვს. შესანიშნავი მსახიობები არიან. გულწრფელად გეტყვით, მართლა ვღელავ. ვიცი, რა თემას შევეჭიდე, რა პროექტია ეს. თუმცა, იმედიც მაქვს, ასეთ გარემოში შევძლებთ, _ თქვა მან.
სპექტაკლის რეჟისორმა, ასევე, ისაუბრა, რომ სცენარზე პანდემიამდეც მუშაობდნენ და საინტერესო მიგნებები ჰქონდათ.
_ ექვთიმეს გმირი ყველამ იცის, ამიტომ მაყურებელს აინტერესებს, ახალს რას შევთავაზებთ. განძის თემა იცით, მაგრამ ახალი იქნება ყველაფერი, რადგან ექვთიმეს ცხოვრების ბევრი დეტალი გავარკვიეთ, ბევრ მასალას გავეცანით. არსად შეგვხვედრია ექვთიმეს შესახებ რაიმე ხინჯი. ჩვენი გმირი არის ძალიან მებრძოლი, შემტევი, დამთმობი და ჭკვიანი დიპლომატი. ამავე დროს, იცის მისი ვალდებულება და მოვალეობა, რომელიც მას განგებამ დააკისრა. ძალიან დიდი ტრაგიკული ისტორიის მატარებელია: როგორ დატოვა სამშობლო, როგორ ჩავიდა ემიგრაციაში, იქ გატარებული წლები და სამშობლოში დაბრუნება. თითქოს დამთავრდა მისი ტანჯვა და ისევ დაიწყო. ქართული საზოგადოება, როგორც სჩვევია, არ იყო ექვთიმესა და ქართული ემიგრაციის მიმართ ერთგვაროვანი. ექვთიმემ და ქართულმა ემიგრაციამ საქართველოში ჩამოიტანეს სხვადასხვა ადგილას გაბნეული, დამატებითი ექსპონატები. ჩვენს სპექტაკლში გვინდოდა, საუკუნის იქედან დაგვენახა, რომ ეს არ იყო მარტო თავგანწირვა, როგორც ექვთიმეს გმირი გვეუბნება, _ ეს იყო ჩემი ჯვარცმა, ჩემი გოლგოთა, ასე უნდა მეცხოვრა, სხვაგვარად არ შემეძლოო, _ ამბობს რეჟისორი.
გოჩა კაპანაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოზურგეთის თეატრს ყველა საშუალება აქვს (კარგი მსახიობები, ტექნიკური მოცემულობა, დარბაზი, ტექნიკური ჯგუფი), რომ მაყურებელმა კარგი პრემიერა ნახოს.
_ გვერდში გვიდგას თეატრის დირექცია, ჩვენი ლომგულ მურუსიძე, სპეციალურად მოწვეული კოსტიუმების დიზაინერი ქეთევან ციხელაშვილი. ძალიან ვღელავ პრემიერის წინ, მაგრამ იმედი მაქვს მსახიობებთან ერთად ჩვენს ნაწვალებს, ბოლომდე მივიტანთ, _ ამბობს რეჟისორი.
_ ის, რაც ოზურგეთის თეატრში ხდება, ექვთიმე ღვთისკაცის გასპექტაკლებით, უდიდესი პატრიოტული ნაბიჯია. იდეურადაც და შინაარსითაც ეს მაღალ პროფესიონალიზმს და უდიდეს პასუხისმგებლობას ითხოვს დღევანდელი და მომავალი თაობის წინაშე. გაბედულად ვიტყვი, რომ ვასო ჩიგოგიძემ ამ ყველაფერს საუცხოოდ გაართვა თავი და პრემიერის შემდეგ, ამას უფრო თავდაჯერებით გავიმეორებთ ყველა. ამის თქმის უფლებას მისი ტრილოგიის წინა ორი სპექტაკლიც მაძლევს. სიმართლე გითხრათ, თუ ძალიან არ დავრწმუნდი და საიმედოდ არ მივიჩნიე, დიდად არავისი მაქებარი არ ვარ… ექვთიმე ღვთისკაცი, რომელიც საქართველოს ფასდაუდებელი განძის გუშაგია, ჩვენი სიამაყეა და მისი სცენაზე გაცოცხლება მამულიშვილური საქმეა. ღვთისკაცს ნათქვამი აქვს: „დაწყევლილი მყავდა ყველა, ვინც უჩემოდ გაყიდდა საქართველოს განძს, ჩემთვის უნდა ეჩვენებინაო“.
მომავალმა თაობებმა ეს ყველაფერი უნდა იცოდნენ და ამ შემთხვევაში, მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო ამ დასს, თითოეულ ადამიანს, ვინც ამ სპექტაკლში ყველანაირად მონაწილეობს, _ თქვა „გურია ნიუსთან“ ოზურგეთის სამუზეუმო გაერთიანების თანამშრომელმა, ფონდის მცველმა, ისტორიკოსმა მანანა ლომაძემ.
156-ე თეატრალური სეზონის გახსნა ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 17 ოქტომბერს, ექვთიმე თაყაიშვილის წმინდანად შერაცხვის დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გახორციელდება.
ავტორი