გიჩო მარგველაშვილი, რომლის გვარიც რამდენიმე თვის წინ გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარ ანგარიშსწორებაში ფიგურირებდა, ახლა განსასჯელის სკამზეა. ცნობილია,რომ მასთან ერთად დაკავებულია მისი მეგობარი, კობა პაიჭაძეც. დაკავებულებს გამოძიება ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. მოსამართლე რამდენიმე წუთში აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობას დაიწყებს.
მარგველაშვილის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. უფლებადამცველი დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას და გათავისუფლებას ითხოვს. მისი თქმით, მარგველაშვილი 2 დღის წინ, ვაკე-საბურთალოს გზაზე გააჩერეს და ჩხრეკა ჩაატარეს, რომლის შედეგადაც მანქანაში იარაღი აღმოჩნდა. ადვოკატის თქმით, იარაღიც და მანქანაც მარგველაშვილის მეგობრისაა, რომელიც ფაქტს აღიარებს.
შეგახსენებთ, რომ გიჩო მარგველაშვილი 2023 წლის 4 მაისს, ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე, საბა გახოკიამ დაჭრა. მარგველაშვილის დაცვამ, კახაბერ კამლაძემ კი თავდამსხმელს ესროლა და ადგილზე მოკლა. კამლაძე სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.