ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი შილაკაძემ უკვე მეორედ დასვა ბჟუჟის ხეობაში სამი მცირე ჰესის საკითხი.
პირველად ეს საკითხი გიორგი შილაკაძემ აგვისტოში ჩატარებულ საკრებულოს სხდომაზე დასვა. მისივე თქმით, კარგი იქნებოდა „პარვუს ჯგუფის წარმომადგენლები საკრებულოს სხდომაზე მისულიყვნენ და საკრებულოს წევრების წინაშე დეტალურად ესაუბრათ ჰესების მშენებლობის თაობაზე.
„ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით რა ვითარება და რა ეტაპზეა ეს საკითხი. რომელი კომპანია მუშაობს, რამდენ ლოკაციაზე მიმდინარეობს მუშაობა და რა ზიანი შეიძლება მიადგეს ხეობას? – ამ კითხვებზე მაინტერესებს პასუხი.“ – თქვა საკრებულოს სხდომაზე გიორგი შილაკაძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ლავრენტი ბიგვავამ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხები არ ჰქონიათ.
საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ კი, „გურია ნიუსის“ კითხვაზე – დაიწყო თუ არა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაგეგმილი ჰესების მშენებლობაზე ინფორმაციის მოკვლევა, ლავრენტი ბიგვავამ გვიპასუხა:
„დავალებას მიცემული აქვს შესაბამის კომისიას და დაწყებული აქვთ მუშაობა“, – გვითხრა ლავრენტი ბიგვავამ.
აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარემ, დავით ჭაკნელიძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას თქვა:
„ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ. ინფორმაციის მოკვლევა დაწყებულია, შევისწავლით აღნიშნულ საკითხს და შემდეგ გეტყვით დეტალურად ყველაფერს.“ – გვითხრა დავით ჭაკნელიძე.
ინფორმაციისთვის, ბჟუჟის ხეობაში „პარვუს ჯგუფი“ სამი მცირე ჰესის მშენებლობას გეგმავს. ამ დროისთვის ხეობაში გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
ავტორი