პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის _ “განახლებული რეგიონები”, ხიბლი ის იყო, რომ საბჭოთა ერთფეროვნებით აღბეჭდილი, ერთმანეთისგან არაფრით განსხვავებული მუნიციპალური ცენტრებისთვის ახალი სიცოცხლე შთაებერა, მათთვის უნიკალურობა მიენიჭებინა და თითოეულის თვითმყოფადობა გამოეკვეთა.
“4-წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს”, _ ოფიციალურად აცხადებდა მთავრობა.
სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებას საქართველოს მთავრობის 185-ე დადგენილება დაედო საფუძვლად (#185, 2021 წლის 26 აპრილი), რომლითაც განმახორციელებლად სსიპ “საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი” განისაზღვრა. ფონდსვე დაევალა, ქვეპროგრამების ასიგნებებიდან ნაწილობრივი დაფინანსება _ 130 მილიონი ლარი გამოეყო, ფინანსთა სამინისტროს _ 90 მილიონი ლარი ნაშთებიდან გამოეძებნა, ხოლო, შემდგომ წლებში, ბიუჯეტის შედგენისას, ამ პროგრამისთვის საჭირო სახსრების გამოყოფა უზრუნველეყო.
მთავრობის განცხადებით, ამ პროგრამით გასახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით სპეციალურმა კომისიებმა დაამტკიცეს და ამ სპეციალური კომისიების შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები. სხვათა შორის, დადგენილებითვე განისაზღვრა, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ჩართული ამ კომისიაში; მათ შორისაა, რწმუნებულ-გუბერნატორი. ასევე, ეთხოვათ მერებს და მერიების შესაბამისს სამსახურებს ჩართულიყვნენ ამ კომისიის მუშაობაში. ამ საკითხზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებთ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ამ პროექტს ეხებოდა, ადგილიდან მუნიციპალური განვითარების ფონდთან გვამისამართებდნენ ჟურნალისტებსაც და მოქალაქეებსაც.
“გურია ნიუსის” არქივში ნახავთ ინფორმაციას, თუ რომელი ობიექტების რეაბილიტაცია გადაწყდა გურიის რეგიონში. ამ ინფორმაციას კომისია კი არა, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე ავრცელებდა: ოზურგეთში, 2021 წლის 8 მაისს გამართულ სხდომაზე გადაწყდა, რომ “განახლებული რეგიონების” ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდებოდა კულტურისა და დასვენების პარკს და მის მიმდებარე ტერიტორიას.
ჩოხატაურში ცენტრალური მოედანი მოეწყობოდა და დუმბაძის ქუჩა მოწესრიგდებოდა, ხოლო ლანჩხუთში კი _ ცენტრალური მოედანი, ცენტრალური პარკი და საავტომობილო მაგისტრალიდან ლანჩხუთში შესასვლელი კვანძის მიმდებარე ტერიტორია.
ურბანული განახლების პროექტების/ესკიზების წარმოდგენა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 2021 წლის 28 აპრილს გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს დაევალათ. საინტერესოა, რომ 160 მილიონი ლარის ღირებულების ამავე ტენდერებით, უნდა გამოვლენილიყო არა მხოლოდ საპროექტო, არამედ, სამშენებლო კომპანიებიც, რომლებსაც უნდა მოემზადებინათ სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული ობიექტების ურბანული განახლების პროექტები და შეესრულებინათ ამავე დოკუმენტაციით განსაზღვრულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებიც (Design-Build მეთოდით).
გამოცხადებული 8 ტენდერიდან, რომელიც დასავლეთ საქართველოს 34 მუნიციპალურ ცენტრს მოიცავდა, თითოეულის მოცულობა 20 მილიონი ლარი იყო. ტენდერების დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ გურიის სამივე მუნიციპალიტეტში სამუშაოებს შპს “აღმაშენებელი ქუთაისი” შეასრულებდა. ობიექტების რეაბილიტაციის ესკიზები ერთფეროვანი, იაფფასიანი და უსახური იყო, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში _ არც არსებობდა! ასე მოხდა, მაგალითად, ჩოხატაურში, ნოდარ დუმბაძის ოცდახუთ ნომერში მდგარი შენობის შემთხვევაში. ამ შენობაში “გურია ნიუსის” რედაქცია, არასამთავრობო ორგანიზაცია “Post-ალიონი” და “ივლიტას ბიბლიოთეკა” მდებარეობს. შენობა წინა საუკუნეში, ტუფის ქვითაა ნაგები და მისი რეაბილიტაციის შემთხვევაში, მუნიციპალურ ცენტრს ვიზუალურად საინტერესო შენობა შეემატებოდა. როცა ფასადიდან ჩამოყრილი სატელევიზიო გადამცემები, კანალიზაციის მილები, გისოსები, ჟალუზები ვნახეთ, ესკიზის მოძიება ამაოდ ვცადეთ _ ის არც მაშინდელ მერს და არც მშენებელს არ აღმოაჩნდათ. იმის ნაცვლად, რომ ათეული წლების წინ ნალესი და ბათქაში მოეხსნათ, ტუფი გამოეჩინათ და ფიქსაცია გაეკეთებინათ, საბოლოო ჯამში, “მიუნხენით” შებათქაშებული, რიგითი უსახური შენობა შეგვრჩა. ორი წლის განმავლობაში წყლის ნაკადებიდან დაუცველობით გაფუჭდა შიდა ინტერიერი, ეზოში ძალიან კარგი ასფალტის საფარის ნაცვლად, ფილაქანი ორჯერ (ორჯერვე ხარვეზიანად!) დაიგო, რომელიც ისე “მეჩხერია”, რომ მცენარეების ზრდასაც ვერ აფერხებს”. რაც მთავარია, საწვიმარი მილები პირდაპირ ფილაქანზე იღვრება და მანამდეც არსებულ არხს გასასვლელი აღარსად აქვს, ამიტომ ეზოში ტბა დგება! აღარაფერს ვამბობთ შეფერხებული სამუშაო პროცესებით, უპატრონოდ მიყრილი ღობის, ჟალუზების კონსტრუქციების გარეშე პირებისგან დატაცებით და სხვა ქმედებებით მოყენებულ ზარალზე.
სამწუხაროდ, ჩვენი შენობის “რეაბილიტაციის” ისტორია გამონაკლისი არ იყო; სრულიად უვარგისი აღმოჩნდა ოზურგეთის მერიის შენობის “განახლებული”აივნები; 2021 წლიდან დღემდე, პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები ჯერჯერობით მხოლოდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტშია დასრულებული, ხოლო ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში, სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
უპრეცედენტო პროექტს, რომელსაც ქალაქებისთვის იერსახე უნდა შეეცვალა და როგორც ლანჩხუთის მერი, ალექსანდრე სარიშვილი ამბობდა, პროექტი დიდი საჩუქარი უნდა ყოფილიყო ვიზიტორისთვისაც, ტურიტისთვისაც, ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ბიზნესისითვისაც, შესრულებული სამუშაოების ხარისხი უკარგავს ფასს.
საზოგადოება კარგად ხედავდა ჩოხატაურში, ნოდარ დუმბაძის ქუჩაზე, თვეობით მიტოვებულ ხარაჩოებს, უწესრიგოდ მიყრილ მასალებს, ინვენტარს. ყოველდღიური სასაუბრო თემა იყო არაერთხელ დაგებული და აყრილი ფილების ისტორიაც; კომპანია “აღმაშენებელი-ქუთაისის” წარმომადგენელი, ბესო გუბელაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობდა, რომ “ფილების პირველად დაგების შემდეგ, ხარვეზები გამოვლინდა და გასწორება დარჩა საჭირო”:
“სამუშაო სანახევროდ გაკეთებულია. რამდენიმე შენობის ფასადი განვაახლეთ, ზოგი არ დაგვიწყია, რადგან ამინდებმა შეგვიშალა ხელი. ამ ეტაპზე ავყარეთ ფილები, ხარვეზებს ვასწორებთ.
ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის, ისაა, რომ აქეთ გაზონია, იქეთ _ ღობე და წვიმის დროს წყალს გასასვლელი არსად არ აქვს. იძულებულები გავხდით, რომ ტროტუარზეც სანიაღვრეები გაგვეკეთებინა, რომ წყალს მიმართულება მივცეთ. ბორდიურები სადაც არის დაგებული, ჩავჭრით სამკუთხედებად, რომ წყალი გადავუშვათ არხებისკენ. მაგალითად, რედაქციის წინ მუხლამდე წყალი დგებოდა უამინდობის დროს, მაგრამ გავაკეთეთ და აღარ დგება.
აღნიშნულ მონაკვეთზე პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ტროტუარზე აჩერებენ მანქანებს. გვინდა, რომ 26 მაისამდე (საუბარია 2022 წლის მაისზე) მერიის წინ სკვერი და ეს მონაკვეთი მოწესრიგდეს, რაც გვაქვს დაწყებული უნდა დავასრულოთ. ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გაზის მილებია. ჯერ სამუშაო “სოკარს” აქვს, შემდეგ დავიწყებთ ჩვენ”, _ ამბობდა გუბელაძე და აღნიშნავდა, რომ “სამუშაო ქუჩაზე ჯერ კიდევ ბევრია _ ფილების გასწორების გარდა, დასამთავრებელია კინოს სახლის ფასადის მოწესრიგება და “კრიმანჭულის პარკიც”.
“კინოს სახლის ბოძები რჩება შესაფუთი. შენობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს; ამიტომ, მისი დემონტაჟი და იერსახის შეცვლა გამორიცხული იყო. აზბესტი, რომელიც მავნეა, დავფარეთ (!!!) _ ბოძები შევფუთეთ ფენოპლასტით, მაგრამ ვანდალური ფაქტი მოხდა _ ვიღაცამ ფეხი მიარტყა და დაზიანდა. პატარა ნაწილი ჩამოტყდა და ზუსტად ისეთის გაკეთება მოგვთხოვეს. ბოძები ხელახლა უნდა შევფუთოთ უფრო მყარი მასალით, რომ ვერ დააზიანონ”, _ ამბობდა “აღმაშენებელი-ქუთაისის” წარმომადგენელი ბესო გუბელაძე.
მავნე აზბესტი, რომელიც ძველი შენობებიდან, ნორმალურ ქვეყნებში სპეციალურ აღჭურვილობით შემოსილ სპეციალისტებს გააქვთ _ დაიმალა, ბოძები _ ფენოპლასტით “შეიფუთა”, რომელიც ფეხის ან ხელის მირტყმით, ბუნებრივია, ვანდალიზმის გარეშეც ტყდება! სამწუხაროდ, ასე, ფენოპლასტით “შეიფუთა” რეაბილიტირებული შენობების უმრავლესობის პარაპეტები, ფანჯრების ღიობები და რაფები”.
პრობლემად იქცა ჩოხატაურში ხელოვნების სასახლის წინ სკვერის მოწყობაც _ გადათხრილი მუნიციპალური ცენტრის ყურება ჩოხატაურელებს, სტუმრებს და ამვლელ-ჩამვლელთ, თვეების განმავლობაში უწევდათ.
2022 წელს, სამუშაოები დროებით შეჩერდა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ჩამოთვლილი იყო ის სამუშაოები, რომლებიც კომპანიამ შეასრულა და ორიოდე სიტყვით სამუშაოების შეჩერების მიზეზიც იყო ნათქვამი: “კომპანიამ ფაქტობრივად დაასრულა ლანჩხუთის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც, განახლდა 12 შენობა და 13 000 კვმ-ის ფართობის ცენტრალური სკვერი. სამუშაოები მოიცავდა მიმდებარე ტერიტორიის ქვაფენილით მოპირკეთებას, გამწვანებას, ტროტუარებისა და საპარკინგე ზონების მოწყობას.
ლანჩხუთში ამჟამად სრულდება ტროტუარების გაფართოების სამუშაოები, ახლად მოწყობილი ტროტუარების კონტურის ცვლილების საჭიროება გამოიწვია გაუმართავი სანიაღვრე სისტემის ახლით ჩანაცვლების აუცილებლობამ, რის სამუშაოებსაც კომპანია საკუთარი ხარჯით აწარმოებს.
დასრულების ეტაპზეა სამუშაოები ოზურგეთშიც, სადაც მიმდინარეობს ქალაქის მთავარ მოედანზე მდებარე შენობების და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია.
ჩოხატაურში სრულდება პროგრამის პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები – განახლებულია დუმბაძის ქუჩაზე არსებული 8 შენობა, ტროტუარები, გაზონები და 3 სკვერი (ე.წ. კრიმანჭულის, რამიშვილისა და დუმბაძის პარკები) ქალაქის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები ითვალისწინებს მოედანზე 4 000 კვმ ცენტრალური პარკის მოწყობას, სადაც განთავსებული იქნება მოსასვენებელი და სხვადასხვა აქტივობებისთვის განკუთვნილი სივრცეები, ავტოსადგომები, ბილიკები და სხვადასხვა ტურისტული მომსახურების ობიექტები.
სამშენებლო პროცესი, რომელიც დაიწყო 2022 წლის მაისში, შეჩერდა დროებით, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოსაწყობად აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადებამდე. ამჟამად სამუშაოები განახლებულია.
გურიაში პროგრამით გასახორციელებელი პროექტების საერთო საორიენტაციო ღირებულება 20 მილიონი ლარია, რომლის საბოლოო ოდენობა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების საფუძველზე დადგინდება. კომპანიას 12 მილიონი ლარი მიღებული აქვს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოებისთვის”, _ ნათქვამი იყო მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებაში.
სამწუხაროდ, საქართველოს არც ერთი მუნიციპალური ცენტრის თუ ქალაქის განაშენიანებისას, პრიორიტეტი არაა საკანალიზაციო, წყალსადენის და სხვა საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დაგეგმვა. გაურკვეველია, რა სახის მიწისქვეშა კომუნიკაციის დოკუმენტაციის გამო შეწყდა სამუშაოები, რომლებიც შემდგომ, ისევ შპს “აღმაშენებელი-ქუთაისმა” განაახლა.
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მისივე ინიცირებული პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები ერთხელ, 2022 წლის მაისში მოინახულა _ ის გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “განახლებული რეგიონების” პროგრამის ფარგლებში ჩოხატაურის მთავარი მოედნის, დუმბაძის ქუჩისა და პარკების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. დაგეგმილი და გახორციელებული სამუშაოების შესახებ მთავრობის მეთაურს ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა. ჩოხატაურში სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად ჩატარდა შენობების ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერების სამუშაოები, რის შედეგადაც შენობების გათბობის ხარჯები მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს. პროექტის ფარგლებში ასევე გამოიცვალა შენობების კარ-ფანჯრები, მოეწყო ქუჩებისა და რეკრეაციული სივრცეების განათება”, _ ასეთი იყო სამუშაოების შეფასების ოფიციალური ვერსია.
ჩოხატაურის შემდეგ, პრემიერმა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ლანჩხუთში და ოზურგეთში დაათვალიერა. გურიაში ყოფნისას მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ის აქტიურად გააგრძელებს რეგიონებში სტუმრობას და ყველა ის დაპირება, რომელიც მოსახლეობისთვის არჩევნებამდე გაიცა, იქნება შესრულებული.
“მე აქტიურად გავაგრძელებ რეგიონებში სტუმრობას. ყველა ის დაპირება, რომელიც გავეცით მოსახლეობისთვის არჩევნებამდე, იქნება შესრულებული და ამას პირადად გავაკონტროლებ. ყველა ჩართულია ამ პროცესში და მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ ყურადღებისთვის”, _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამ სტუმრობიდან სულ მალე, 2022 წლის 19 აგვისტოს მდგომარეობით, დოკუმენტების მიხედვით, კომპანიის სახელზე ყადაღა ფიქსირდება. კომპანიას, როგორც ჩანს, ფინანსური პრობლემაც წარმოეშვა და ობიექტებზე მომუშავე თითო-ოროლა კინკილა მუშახელიც გაექცა.
სწორედ უხარისხოდ და ჩამორჩენით შესრულებული სამუშაოები გახდა კომპანია შპს “აღმაშენებელ-ქუთაისთან” მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დადებული კონტრაქტის შეწყვეტის მიზეზიც. ფონდმა, სამუშაოების დასასრულებლად ახალი ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ, მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2022 წლის 9 დეკემბერს განცხადება გაავრცელა: “გურიის რეგიონში პროგრამით მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2021 წლის მაისში დაიწყო. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც მასთან გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა. ხელშეკრულების შეწყვეტამდე, კონტრაქტორ კომპანიას არაერთხელ მიეცა, როგორც სიტყვიერი, ისე წერილობითი გაფრთხილება. თუმცა, კომპანიამ ვერ შეძლო სამშენებლო პროცესის გამოსწორება.
პროგრამის ფარგლებში, ლანჩხუთში უკვე დასრულდა ლანჩხუთის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც, განახლდა 12 შენობა და 13 000 კვმ-ის ფართობის ცენტრალური სკვერი. სამუშაოები მოიცავდა მიმდებარე ტერიტორიის ქვაფენილით მოპირკეთებას, გამწვანებას, ტროტუარებისა და საპარკინგე ზონების მოწყობას.
ოზურგეთში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ცენტრალურ მოედანს და 1 შენობას. შესასრულებელია კიდევ 1 შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ჩოხატაურში დასრულებულია 14 შენობის განახლება. განახლებულია დუმბაძის ქუჩაზე არსებული შენობები, ტროტუარები, გაზონები და 1 სკვერი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ბაზრის შენობას, მოეწყო ბაზრის მიმდებარე ტერიტორია და 2 პარკი (ე.წ. რამიშვილისა და დუმბაძის პარკები).
რაც შეეხება ქალაქის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებს, პროექტი ითვალისწინებს მოედანზე 4 000 კვმ ცენტრალური პარკის მოწყობას, სადაც განთავსებული იქნება მოსასვენებელი და სხვადასხვა აქტივობებისთვის განკუთვნილი სივრცეები, ავტოსადგომები, ბილიკები და სხვადასხვა ტურისტული მომსახურების ობიექტები”, _ ვკითხულობთ განცხადებაში.
ამჟამად “აღმაშენებელი-ქუთაისის” დაწყებულ სამუშაოებს “საბა კონსტრაქშენი” აგრძელებს. ამ შპს-ს შესახებ:
დაფუძნებულია 2012 წლის 11 აპრილს. დირექტორი ლევან თარგამაძეა; დამფუძნებელი 100% წილით _ “საბა ინვესტი”.
tendermonitor.ge-ს მონაცემებით, სახელმწიფო კონტრაქტების საერთო ღირებულება 818,938,980.29 ლარია. 11 გამარტივებული შესყიდვიდან, ხელშეკრულებებით, 74,764,077.79 ლარი უფიქსირდება. ორგანიზაციის სახელს უკავშირდება ევრობასკეტისთვის სპორტის სასახლის მშენებლობის დაჩქარებული შესყიდვის ფაქტი, ასევე, ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენ გიორგი კაპანაძესთან კავშირები, რაც სხვადასხვა დროს, მედიის მსჯელობის საგანი გახდა. გახორციელებული აქვს ძალიან ბევრი პროექტი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. უშუალოდ ლევან თარგამაძის სახელი მმართველი პარტიის შემწირველთა სიაში არ ფიქსირდება. კონკრეტულად ჩოხატაურში, განახლებული სამუშაოების ხარისხის პროგრესი ძნელი დასადგენია, თუმცა, ვიზუალურად კარგად ჩანს, რომ სამუშაოთა ტემპი დაჩქარდა და გამოყენებული მასალაც გაცილებით უკეთესი ხარისხისაა. შენობები, რომლებიც მანამდე “გარემონტდა”, საცოდავად გამოიყურებიან, იმის მიუხედავად, რომ მათ “რეაბილიტაციაზე” უამრავი საბიუჯეტო ფული დაიხარჯა.
ვინ აკონტროლებს პროგრამის მიმდინარეობის ხარისხს? ჩვენს ამ კითხვას მუნიციპალური განვითარების ფონდში პასუხობენ, რომ სამუშაოებს საზედამხედველო კომპანია ამოწმებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, თუ რამე ხარვეზი ან დეფექტი გამოვლინდა, მშენებელი კომპანია ვალდებულია თავისი ხარჯით გააკეთოს. ამდენად, ველოდებით, რომ საზედამხედველო კომპანია “გურია ნიუსის” და “ივლიტას ბიბლიოთეკის” შენობის რეაბილიტაციას შესაბამისად შეაფასებს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შარაშიძე ამბობს, რომ თითქმის უკვე დასრულებულია პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები ჩოხატაურში: “უკვე გალამაზდა ჩვენი ჩოხატაური. კულტურის ცენტრის წინ უკვე ფაქტობრივად, დასრულებულია სამუშაოები. ქვაფენილის სამუშაოები იყო დარჩენილი და ესეც დასრულებულია. გადათხრილი რაც არის კულტურის ცენტრის წინ, ის მთლიანად ასფალტით შეივსება. მანდ იყო ძველი ნაძვი, ალბათ ჩოხატაურელებს ემახსოვრებათ, გამხმარი იყო, რის გამოც მოვჭერით და ვაპირებთ ახალი ნაძვის ჩამოტანას და მანდ დარგვას. რაც შეეხება, დუმბაძის და კალანდაძის სკვერებს, სამუშაოების 70% მანდაც დასრულებულია. უკვე დაყენებულია სკამებიც. ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბიბლიოთეკის შენობა მთლიანად ქვაში ჩაგვევსვა, ქვის სამუშაოები, პრაქტიკულად, დასრულებულია და სახურავის გადახურვაც დაიწყება, როგორც კი ამინდი გამოვა. დანარჩენს რაც შეეხება, ალბათ, დაინახავდით, რომ ბაზარში მდებარე შენობები, ტროტუარები, ბორდიურები, კერძო შენობაა თუ სახელმწიფო, ყველას ჩაუტარდა რეაბილიტაცია “განახლებული რეგიონების” ფარგლებში. უკვე ბოლოს, დაახლოებით ერთ კვირაში, დაიწყება “სოკარიდან” საბავშვო ბაღამდე ახალი ასფალტის დაგება”, _ ამბობს შარაშიძე.
თუმცა, ფრაქცია “ჩოხატაური საქართველოს” თავმჯდომარე, გოგი ბოლქვაძე ამბობს, რომ სამუშაოები იმ ხარისხით არ სრულდება, როგორც უნდა კეთდებოდეს:
“მოგეხსენებათ “განახლებული რეგიონების” სახელმწიფო პროგრამაა და წარმოადგენს ისეთი ტიპის პროექტებს, როგორებიცაა კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაცია, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და რეკრეაციულ პარკებში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, როგორც ერთ-ერთი ჩოხატაურელი, ასევე საკრებულოს წევრი ვაცხადებ, რომ დაბის და კერძოდ, დუმბაძის ქუჩის რეაბილიტაცია და განახლება მნიშვნელოვანი პროექტია, ჩვენი მუნიციპალიტეტის როგორც ცხოვრების დონის, ასევე ტურისტული პოტენციალის ასამაღლებლად. მქონდა და არაერთხელ გავაჟღერე განსხვავებული აზრი, მცირე თუ მნიშვნელოვანი შენიშვნები პროექტის შესახებ, როგორც ჩოხატაურის ყოფილ არქიტექტორს; როგორც არქიტექტურულ ნაწილში დუმბაძის ქუჩის ღობეების მიმართ, ასევე ხელოვნების სასახლის წინამდებარე პარკის ნაწილის გაზრდასთან დაკავშირებით; რაღაც დეტალები იქნა განხილული და შენიშვნები გათვალისწინებული. ბევრია გამოწვევა და საკეთებელი და ნომერ პირველ პრობლემად მაინც რჩება დაბის კანალიზაციის სისტემა, რომელზედაც აუცილებლად ადგილობრივმა ხელისუფლებამ დღესვე უნდა დაიწყოს ფიქრი.
რაც შეეხება სამუშაოების ხარისხს, ვაცხადებ და ღიად ვაფიქსირებ, რომ ძირითადი პროცენტი სამუშაოებისა, არ სრულდება იმ ხარისხით, რაც აკმაყოფილებს სამშენებლო ნორმებს. აქვე მინდა აღვნიშნო დუმბაძის ქუჩის განათების შესახებ _ არქიტექტურული თვალსაზრისით შავი ფერის ბოძები, რომლებიც ძალიან ახლო-ახლოა განლაგებული _ მინდა ამასაც ყურადღება მიექცეს. მაგრამ, საერთო ჯამში, მივესალმებით შენებას და მშვენებას ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის”, _ ამბობს ბოლქვაძე.
ლანჩხუთში ჩატარებული სამუშაოების უხარისხობის შესახებ საუბრობს ჩვენთან ოპოზიციური პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე, კახა ასკურავა: “ლანჩხუთის ცენტრთან დაკავშირებით რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ მაგალითად, საკმაოდ სქელი ასფალტი მოთხარეს და ქვაფენილი დააგეს, რაც არასწორად მიმაჩნია. რაც შეეხება სკვერს, ნამდვილად ნორმალური გაკეთებულია და ვერ ვიტყვი რომ არ არის კარგი, რაც ლამაზდება. უნივერმაღის ფასადი გააკეთეს წინიდან და ნახავთ, როგორი გაკეთებულია _ პირველივე გაწვიმებას ვერ გაუძლო. გაკეთებაზე როგორ შეიძლება რამე ცუდი ვთქვა, მაგრამ ხარისხი ნამდვილად მოიკოჭლებს. შეგიძლიათ მოხვიდეთ და ნახოთ, რაზეც ვსაუბრობ. რაც კარგად და ხარისხიანად გაკეთდება, ყველაფერი კარგია”.
როგორც “გურია ნიუსისთვის” მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მოწოდებული ინფორმაციით ვიგებთ, სამუშაოები ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს და მათ დასრულებამდე დაახლოებით თვენახევარია დარჩენილი: “განახლებული რეგიონების” ფარგლებში ჩოხატაურში ხორციელდება შემდეგი სამუშაოები: 1. ეწყობა ბაზრის ტერიტორია _ სადგურის შენობა სრულად; სტადიონის შენობის ფასადი; მიმდებარედ 6 ერთსართულიანი შენობის ფასადის რეაბილიტაცია. მიმდინარეობს სკვერის რეაბილიტაცია,სადაც ეწყობა ღია ბაზრობა; 2. დუმბაძის ქუჩაზე ეწყობა განათების ბოძები, მიმდებარედ _ გამწვანება; 3. მოეწყობა “კრიმანჭულის სკვერი” _ გამწვანება, კეთილმოწყობა, სცენა; 4. მოხდება მერიის შენობა სრული რეაბილიტაცია; 5. თეატრის წინ მიმდებარე სკვერის კეთილმოწყობა, შადრევანი, განათება; ელექტრო ავტომობილის 3 ცალი 3 ცალი დამტენის განთავსება; 6. ნ. დუმბაძის და ა. კალანდაძის სკვერი ეწყობა; 7. ხორციელდება დუმბაძის ქუჩაზე არსებული ფასადების რეაბილიტაცია (დაახლოებით, 15 შენობა); 8. დუმბაძის ქუჩის ტროტუარები. დასრულებულია დუმბაძის ქუჩის ღობეების და ჭიშკრების მოწყობა. აღნიშნული სამუშაოები დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე. ოზურგეთში მიმდინარეობს: ოზურგეთის მერიის ფასადის რეაბილიტაცია; შენობის გადახურვა. დასრულებულია სპორტის სასახლის გადახურვა _ გრანტი, ახორციელებს ოზურგეთის მერია”, _ ნათქვამია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იმის გასაგებად, თუ რამდენი ლარი დაიხარჯა კონკრეტულად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურთან გაგვიშვეს. თუმცა ამჯერად, ოზურგეთის მერიის პრესსამსახურმა არც ზარზე და არც სმს შეტყობინებაზე არ გვიპასუხა.
ინფორმაციის მიღება გაწეული ხარჯების შესახებ ვერც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურიდან შევძელით _ პრესსამსახურში გვითხრეს, რომ პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მათ უნდა ვკითხოთ.
როგორც უკვე გითხარით, “აღმაშენებელი-ქუთაისის” დაწყებულ სამუშაოებს ამჟამად “საბა კონსტრაქშენი” აგრძელებს. “აღმაშენებელი-ქუთაისი” კი, რომელსაც 2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით, გურიაში გახორციელებული სამუშაოების გასამრჯელოდ 12 მილიონი ლარი უკვე მიღებული ჰქონდა (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით), “შავ სიაში” ოთხჯერაა შეყვანილი. მიზეზად კი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება სახელდება. აღნიშნული საქმეებიდან ერთ-ერთი სწორედ პროექტ “განახლებულ რეგიონებს” უკავშირდება. “შავ სიაში” კომპანიის რეგისტრირების თარიღად 2023 წლის 8 თებერვალი სახელდება. საქმის ადმინისტრაციული წარმოება 2022 წლის 7 დეკემბერს დაიწყო, როდესაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში სსიპ “საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის” წერილობითი შეტყობინება შევიდა, რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს “აღმაშენებელი-ქუთაისის” ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2021 წლის 16 ივნისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
შემსყიდველმა ორგანიზაციამ, სააგენტოს 2023 წლის 25 იანვრის #329 წერილის პასუხად 2023 წლის 30 იანვარს წარადგინა დამატებითი ინფორმაცია მიმწოდებლის მიერ 2021 წლის 16 ივნისის #GOG/ET/CW/437 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებასთან დაკავშირებით.
სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს დოკუმენტს, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი, თუ რა დარღვევების გამო დასანქცირდა “აღმაშენებელი-ქუთაისი”.
ცხადია, მიმწოდებლისთვის ხელშეკრულების გაფორმების დროიდანვე იყო ცნობილი შესასრულებელი სამუშაოების ტიპი, ადგილმდებარეობა და მოცულობები, ყველა ის ნიუანსი, რისი გათვალისწინებაც და სამუშაო პროცესის სწორად დაგეგმვაც მიმწოდებლის პრეროგატივასა და პასუხისმგებლობას წარმოადგენდა _ პროექტირებაც და შესრულებაც მის ვალდებულებებში შედიოდა. მიმწოდებელი/გამახორციელებელი კი თავს პანდემიით, ზამთრით, უადგილოდ გამოჩრილი გაზის მილებით და პროექტის გაუთვალისწინებელი კორექტირებით იმართლებდა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მეორედ “აღმაშენებელი ქუთაისი” “შავ სიაში” 2023 წლის 10 მარტს შეიყვანა. ამჯერად ქუთაისში, შერვაშიძის ქ. #53-ში მდებარე მშენებარე სამი 16-სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულების სამუშაოების გეგმა-გრაფიკის ჩამორჩენისა და ობიექტზე სამყოფი მუშა-ხელის მობილიზების ჩავარდნის გამო. შპს “აღმაშენებელი ქუთაისი” კიდევ ერთხელ მოხვდა “შავ სიაში” 2023 წლის 24 მარტს: საქმე ისევ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებას ეხება, ისევ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სადაც 6 464 168 ლარის ღირებულების სამუშაოები უნდა შეესრულებინა. საქმე ბუკისციხის, ზომლეთის და სამების სკოლების შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეხება, სადაც 2022 წლის დასაწყისიდან 24 ივნისამდე პერიოდში, სამუშაოების პროგრესი თითქმის არ შეინიშნებოდა.
კომპანია “შავ სიაში” მეოთხედ 2023 წლის 12 აპრილს შეიყვანეს ისევ არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოს გამო და ისევ გურიის რეგიონში; კერძოდ, “აღმაშენებელ ქუთაისს” ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ურეკში 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები უნდა ეწარმოებინა. თუმცა, კომპანია აქაც გრაფიკს ჩამორჩა _ ურეკში სკოლის მშენებლობის შესახებ, “გურია ნიუსი“ უკვე წერდა.
ასეთია საუკუნის პროექტის გურიაში გამახორციელებელი, ოთხგზის გაშავებული კომპანიის “შემოქმედება”. შეგახსენებთ, რომ გურიაში პროგრამით გასახორციელებელი პროექტების საერთო საორიენტაციო ღირებულება 20 მილიონი ლარია, რომლის საბოლოო ოდენობა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების საფუძველზე დადგინდება. ამ თანხის ნაწილი _ 12 მილიონი ლარი “აღმაშენებელი-ქუთაისს” მიღებული აქვს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოებისთვის.
ჩვენს კითხვაზე, აანაზღაურა თუ არა კომპანია “აღმაშენებელი ქუთაისმა” ხარვეზით შესრულებული სამუშაოების ღირებულება _ მუნიციპალურ განვითარების ფონდის პრესსამსახურში გვიპასუხეს, რომ ინფორმაცია საჯაროდ უნდა გამოგვეთხოვა. შესაბამისად, პასუხს გამოთხოვილ ინფორმაციაზე ველოდებით და მკითხველსაც საქმის კურსში ჩავაყენებთ.
ავტორი