საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა.
მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მკაცრდება როგორც საქმიანობის დაწყების, ისე – ოპერირების წესები. ცვლილებების მიზანი პაციენტის უსაფრთხოების დაცვა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისების უზრუნველყოფაა.
ცვლილების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის განახლდა, დაზუსტდა და უფრო დეტალურად გაიწერა ინფექციის პრევენციის, კონტროლის, სტერილიზაცია-დეზინფექციისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის აუცილებელი კრიტერიუმები. პროცესის უკეთ სამართავად სავალდებულო გახდა დაწესებულებაში ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის გამოყოფა.
სტომატოლოგიური დაწესებულება ვალდებული ხდება, უზრუნველყოს თანამშრომელთა პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე და სკრინინგი C ჰეპატიტზე ექვს თვეში ერთხელ.
ცვლილებებით განსაზღვრული მოთხოვნები, არსებული სტომატოლოგიური კაბინეტებისა და კლინიკებისთვის, სავალდებულო 2024 წლის იანვრიდან იქნება. ახალი დაწესებულებები კი მხოლოდ ამ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებენ საქმიანობის დაწყებას.