“დიახ, რაც შეეხება ცეცხლაძის განცხადებას და გადაწყვეტილებას, მსგავსი მცდელობები ვერასოდეს ვერ დააზარალებს, როგორც პარტია “საქართველოსთვის” სახელს, ასევე, მის რეიტინგს ქართველი ამომრჩეველის თვალში, _ ასე გამოეხმაურა “გურია ნიუსთან” საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ჩოხატაური საქართველოსთვის” თავმჯდომარე გოგი ბოლქვაძე, თავისი ყოფილი თანაგუნდელის, გია ცეცხლაძის განცხადებას პარტიის დატოვების მიზეზებთან დაკავშირებით.
ბოლქვაძის თქმით, პარტიის ლიდერს, გიორგი გახარიას არავისთვის აუბნევია თავგზა.
“მინდა გითხრათ არასოდეს არც ბატონ გიორგი გახარიას და არცერთ პარტიის ლიდერს არავისთვის არ აუბნევია თავგზა, ვისაც თავიანთ ილუზიებში ეგონა და დღესაც ჰგონიათ.
ვიმეორებ ცეცხლაძის სიტყვებს _ “გახარია ყველას გვარწმუნებდა, რომ თითქოს მისი პროექტი “ზევით, ბიძინა ივანიშვილთან არის შეთანხმებული“, _ სასაცილოა, ისე კარგია, ასეთი გამოსვლები, პარტია იცხრილება და თავისუფლდება ამ ბრალდებებისაგან და ვისაც ბიძინასი ეგონა, აღარ ეგონება.
რაც შეეხება პარტიას და მის წევრებს, ჩვენ ვიდექით და კვლავაც ვიდგებით იმ ღირებულებებისა და იდეების ირგვლივ, რომელიც მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის ბრძოლას უკავშირდება.
სამწუხაროდ, ბოლომდე ყველას არ შესწევს ძალა და ნებისყოფა”, _ გვითხრა გოგი ბოლქვაძემ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, გია ცეცხლაძემ, პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
გიორგი ცეცხლაძემ, გახარიას მთავარი მოღალატე უწოდა და განაცხადა, რომ მან არაერთ ადამიანს აუბნია თავგზა.
ცეცხლაძის განცხადებას გამოეხმაურა პარტიის აღმასრულებელი მდოვანი ბერდია სიჭინავა. მისი თქმით, “ის, რაც გია ცეცხლაძემ იკადრა, სუს-ში დაწერილი სცენარია”.
ცეცხლაძის განცხადებას გამოეხმაურა ასევე, ოზურგეთის საკრებულოს ფრაქციის “საქართველოსთვის” თავმჯდომარე ალეკო ბურჭულაძე.