ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „გურიის სატყეო სამსახურის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ“, ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ქათამაძე.
ბესო ქათამაძე „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ დაკავებულ ოთხივე პირს ბრაკონიერული ქმედებები არ ჩაუდენია.
„სატყეოს თანამშრომელმა თემურ მგალობიშვილმა და მისმა მამამ გალახეს სოფელ ქვაბღის ცენტრში ამავე სოფლის მკვიდრი 22 წლის სულხან ბერიძე (მიზეზი ქათამაძისთვის უცნობია). ამის შემდეგ სულხანმა მოახერხა დაერეკა მამასთან და საქმის კურსში ჩააყენა, რის შემდეგ მგალობლიშვილებსა და ბერიძეებს შორის მოხდა ფიზიკური დაპირირსპირება.
იმ დღეს, როდესაც ეს ბიჭი გალახეს, იგი მანქანით გადაადგილდებოდა და ხე-ტყის მოჭრის პროცესში არ მონაწილეობდა. ის ამ ბიზნესში საერთოდ არ არის ჩართული. სატყეო სააგენტოს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია არასწორია და მთელი სოფელი მოითხოვს სიმართლის დადგენას. თუ ასე მოხდა, სად არის ხის უკანონო მოჭრის აქტი? ამ კითხვაზე ამ დრომდე მოსახლეობას პასუხი არ აქვს.
მე პირადად ვიცნობ იმ 22 წლის ბიჭს და დარწმუნებული ვარ მის სიმართლეში. ოთხივე ადამიანს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს და აქედან სამს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. მოვითხოვთ, დროულად მოხდეს ამ საქმის ობიექტურ გამოძიება“, _ გვითხრა ბესო ქათამაძემ.
შეგახსენებთ, რომ სატყეო სააგენტომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტის სატყეო უბანზე, ბრაკონიერებს, ხე–ტყის უკანონო ჭრის აღკვეთის მიზნით, წინააღმდეგობა გაუწია ეროვნული სატყეო სააგენტოს გურიის სატყეო სამსახურის ტყის მცველმა თემურ მგალობლიშვილმა. ბრაკონიერთა ჯგუფი ტყის მცველს ფიზიკურად გაუსწორდა. თემურ მგალობლიშვილი დაზიანებებით გადაყვანილია ჩოხატაურის რაიონულ საავადმყოფოში. დაზარალებული ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ მოინახულა“, _ აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გურიის სატყეო სამსახურის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ
ავტორი