პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე დაკავებულმა, 21 წლის ლაზარე გირგორიადისმა, გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან, “ინტერპრესნიუსის“ კითხვებს უპასუხა. “მე ვისროლე “მოლოტოვი”… მობრძანდნენ ჩემთან დაზარალებულები, „ლევომეკოლს“ წავუსვამ და “babuska boi”-ს მოვასმენინებ“ – აღნიშნავს გირგორიადისი.
მისივე თქმით, აქციაზე ევროპულ კურსს იცავდა.
“რუსული კანონის გაპროტესტების დროს, ჩვენ არა მარტო კანონს ვაპროტესტებდით, არამედ, ვიცავდით ჩვენ ევროპულ კურსს. ასევე, მოგვიწია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა იმის შემდეგაც, რაც მათ სრულიად უსაფუძვლოდ დაიწყეს აქციის დაშლა. აქაც განვმეორდები, არაფერს ვნანობ. მე ვისროლე “მოლოტოვი“… მობრძანდნენ ჩემთან დაზარალებულები, “ლევომეკოლს“ წავუსვამ და „babuska boi”-ს მოვასმენინებ“, – აცხადებს ბრალდებული.
გრიგორიადისი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ დადებით განწყობას აფიქსირებს და მისი ოჯახი პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავს.
„ჩემი ოჯახის წევრები აპირებენ, რომ მიმართონ ქალბატონ სალომეს ჩემს შეწყალებაზე. ჩემი თხოვნა აღარ სჭირდება. მე დაახლოებით ვხვდები, როგორი პიროვნებაცაა ჩვენი პრეზიდენტი. ასე რომ, ვფიქრობ, შეხსენებები, შეწუხება არ სჭირდება. თუ შემიწყალებს, პირისპირ გავესაუბრებოდი დიდი სიამოვნებით, საერთო მიზნები გვამოძრავებს ხელისუფლებისგან განსხვავებით. მე ეჭვი არ მეპარება მის ქმედებებში და მისწრაფებებში. ვხედავ და საზოგადოებაც ხედავს ყველაფერს, რასაც ის აკეთებს ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. მისი გადასაწყვეტია შემიწყალებს თუ არა, ჩემ შეხედულებებს შეწყალების ფაქტორი არანაირად არ ცვლის“, – აცხადებს გრიგორიადიასი.