მარიამ ჩხაიძე იმ ახალგაზრდებს შორისაა, რომლებიც უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ მშობლიურ ჩოხატაურში დაბრუნდნენ და აქ ცდილობენ კარიერის აწყობა.
მარიამი პროფესიით დაწყებითი განათლების მასწავლებელია, თუმცა განვითარებას ამჯერად სულ სხვა სფეროში ცდილობს.
„გამარჯობა, მე ვარ მარიამ ჩხაიძე, პროფესიით დაწყებითი განათლების მასწავლებელი და ამჟამად, უკვე, ფლორისტი.
რაიონში ცხოვრება ყოველთვის ასოცირდება დასაქმების პრობლემასთან. არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი. არ მინდოდა საკუთარი თავის განვითარება შემეწყვიტა და გადავწყვიტე საკუთარი საქმის წამოწყება.
ყვავილების სიყვარული ბავშვობიდან თან დამყვებოდა. გამოცდილებაც მქონდა ამ მიმართულებით, თუმცა არ ვიცოდი ბიზნესის მართვა. მოვიძიე ინფორმაცია აქტიური ტრენინგების შესახებ, ამ პერიოდში აღმოვაჩინე კარიერის დაგეგმვის კონსულტანტები. მათი მხარდაჭერით გავიარე სამეწარმეო უნარების ტრენინგი.
ჩოხატაურის სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრში, ინდივიდუალური კონსულტაციის შემდეგ, დეტალურად გავწერეთ სამოქმედო გეგმა და ჩემი სიყვარული ყვავილების მიმართ, რეალურ საქმედ ვაქციე.
დღეს, მომხმარებელს, განსხვავებული დიზაინის მქონე სადღესასწაულო თუ სარიტუალო თაიგულებს ვთავაზობ. თითოეულ მომხმარებელს ინდივიდუალურად ვუდგები. სწორედ ეს მეხმარება კმაყოფილების დონის გაზრდაში.
ძალიან მადლიერი ვარ იმ გზის, რომელიც გავიარე და თითოეული ადამიანის, რომელიც ამ მოგზაურობისას შემხვდა და მხარი დამიჭირა.“ _ ამბობს მარიამი.
წარმატებებს ვუსურვებთ მარიამს თავის საყვარელ საქმიანობაში.