დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ოჯახის გამოსახლებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორი პირის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში ფორმალურად წარიმართა და მიღებული გადაწყვეტილება ინდივიდუალური გარემოებების შეფასებას არ ეყრდნობა.
23 იანვარს კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ოჯახის გამოსახლების იძულების ღონისძიებაზე, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე 18 პირი დააკავეს.
DRI–ის დამკვირვებლის შეფასებით, პროცესის დროს მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუამ ობიექტურად არ შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ინდივიდუალური გარემოებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდებოდა დაკავებული პირების მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი საფუძველი კი იმ პოლიციელების ჩვენება იყო, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ დაკავებაში და მოწმის სახით გამოცხადდნენ პროცესზე.