ერთი გაწვიმება და სოფელ ჩოლობარგში მცხოვრები კახა შველიძის ეზო გაუვალი ხდება. საქმე ისაა, რომ სანიღვრე არხი, რომელიც შველიძეების ეზოზე გადის, წყალს ვერ ატარებს და პრობლემასაც ეს ქმნის.
,,ეს არხი მთელს სიგრძეზე გაივლის ჩემს ეზოს და რკინიგზის პირას გამავალ არხს უერთდება, მერე იქეთ ხიდის ქვეშ გადის და მეორე მხარეს გადადის. თუმცა, ისეა არხი ამოვსებული წყალი ხიდამდე არც მიდის, გუბდება და ერთიანად ეზოს მიტბორავს. ხიდამდე მონაკვეთი მთლიანადაა გასაწმენდი, მაგრამ პატრონი არავინაა, ყურადღებას არავინ გვაქცევს. იციან, როგორ არ იციან, ადგილობრივ ხელისუფლებაში, მაგრამ რეაგირება არაფერია. სოფლის რწმუნებულმაც კაგრად იცის, დეპუტატმაც, ყველას საკუთარი თვალით აქვს ნანახი თუ რა მდგომარეობაა ადგილზე, მაგრამ შედეგი ნული.
ჭაობი და შლამია მთელს ეზოში, როგორც კი გაწვიმდება სრული ჯოჯოხეთი ტრიალებს აქ, ,,ვალინკის” გარეშე ვერ გამოხვალ სახლს გარეთ. ესაა საქმე?! ვინმემ ხომ უნდა მოგვაქციოს ყურადღება და გვითხრას ბოლოსდაბოლოს რაა საშველი. სიმართლე რომ ვთქვა, არც ახლა მაქვს დიდი იმედი არც მაქვს, რომ ვინმე თავს შეიწუხებს და ეცდება ეს პრობლემა მოაგვაროს, “–ამბობს კახა შველიძე.
შველიძეების მეზობლის საუბრიდან ირკვევა, პრობლემა აქ არსებობს და მხოლოდ ერთ ოჯახს არ ეხება–,, წყალი, რომელიც ამ არხში მოედინება, სკოლის ეზოდან გადმოდის. სრულად მოუწესრიგებელი იყო იქაურობა და ეზოს უკანა ნაწილი მეტბორებოდა, წყალი დგებოდა. ჩემი სახსრებით გავწმინდე და მოვაწესრიგე იქაურობა, მაგრამ ახლა პრობლემას წინ მდებარე არხი მიქმნის, ისიც მოსაწესრიგებელია. კია, ბატონო, ჩემს წინ მდებარე არხსაც ჩემი სახსრებით მოვაწესრიგებ და გავიყვან, მაგრამ რა ვუყო, ამ ჩემს მეზობელ კახას, მერე ჩემგან წამოსული წყალი ხომ მთიანად აქეთ დააწვება და უფრო მეტად დატბორავს მის ეზოს. ამიტომაც ვარ გაჩარებული მეზობლის ხათრით, ვერ გამყავს კვალი, ვუყურებ როდის შეიწუხებს ჩვენი ხელისუფლება თავს და მოგვაქცევს ყურადღებას. ეზოში რომ წყალი დადგება ეს ხომ სახლსაც აზიანებს?! ისედაც ნესტიანი ნიადაგია და კიდე დაჭაობება უნდა აქაურობას?!”
სოფელ ჩოლობარგში, სადგურის ჩიხში მაცხოვრებლები ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვენ არა დაპირებას, არამედ ზუსტ პასუხს, იზრუნებს ადგილობრივი ხელისუფლება მათი პრობლემის მოგვარებაზე თუ არა.
,,დაპირებები ბევრჯერ მივიღეთ, კონკრეტული პასუხი გვჭირდება,”–ამბობენ ისინი.
კონკრეტული პასუხის მისაღებად კი მერის წარმომადგენელს ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში გიგა დოლიძეს დავუკავშირდით. დოლიძის თქმით, პრობლემის მოგვარება უახლოეს ხანში იგეგმება.
,,ვიცით ეს პრობლემა და მისი მოგვარებაც უახლოეს ხანში იგეგმება, უბრალოდ ახლა ისეთი ამინდებია ფიზიკურად შეუძლებელია რამე გააკეთო, დაწაობებული ადგილია. ტრაქტორითაა ამოსაწმენდი ეს არხი, ორი–სამი დღის სამუშაოა, როგორც კი ამინდები გამოვა, ვიზრუნებთ, რომ ეს საქმე გაკეთდეს,“–პირობას იძლევა მერის წარმომადგენელი ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში.
ავტორი