იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მიწის მასა ჩამოიშალა და ოთხი სახლი მოიყოლა. მაშველები მეწყერში მოყოლილებს – მათ შორის, სავარაუდოდ, სამ არასრულწლოვანს, ამ დრომდე ეძებენ. ნაპოვნია სამი ცხედარი.
მაშველებმა მიწის მასიდან ერთი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
თავდაპირველად, მეწყერში 10 ადამიანი მოყვა. მეხანძრე-მაშველებმა ერთი ადამიანის ამოყვანა მალევე შეძლეს, ხოლო 6 პირის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ადგილზე მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე კინოლოგთა ჯგუფები. სტიქიის ზონაში 200-მდე მეხანძრე-მაშველი იმყოფება.
“3 მოსწავლე იყო ჩვენი… საუკეთესო შვილები არიან” – ამბობენ მეწყერში მოყოლილი არასრულწლოვანების მასწავლებლები.