საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საავტომობილო საწვავის ბაზრის 2023 წლის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში 54 ეკონომიკური აგენტის მიერ 1 541 612 ათასი ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა. 3 ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ეკონომიკური აგენტის წილი საერთო იმპორტში შეადგენს 54%-ს, 5 იმპორტიორის – 67%-ს. ბაზრის იმპორტის დონეზე დომინანტი ეკონომიკური აგენტი არ ფიქსირდება. ასევე, ადგილი არ აქვს ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელ ერთ-ერთ კომპონენტს საბაზრო წილების სახით.
“საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან – 62.5%, რომელსაც მოყვება რუმინეთი – 15.3% და ბულგარეთი – 9.4%. სააგენტოს შეფასებით, ბაზრის იმპორტის დონე ზომიერად კონცენტრირებულია.
2023 წელს, საცალო ბაზარზე 1194 ავტოგასამართი სადგურის ოპერირებას 378 კომპანია ახორციელებდა. ბაზრის კონცენტრაციის – ჰერფინდალ ჰირშმანის მაჩვენებელმა შეადგინა 1107 ერთეული, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. ბაზრის საცალო დონეზე 3 ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი შეადგენს 50.8%-ს, 5 კომპანიის – 66.2%-ს.
საწვავის საცალო ბაზარზე, 2023 წლის პირველი ნახევარი ფასების შემცირების ტრენდით ხასიათდებოდა, ხოლო მეორე ნახევარი ფასების ზრდის – მსგავსად საქართველოსთვის საწვავის მომწოდებელ ძირითად ევროპულ ქვეყნებში (რუმინეთი, ბულგარეთი). კერძოდ, წლის პირველ ნახევარში – რეგულარის მარკის საწვავის შემთხვევაში ფასი 1 ლიტრზე 50-70 თეთრით შემცირდა, პრემიუმის შემთხვევაში 50-60 თეთრით, ხოლო დიზელის შემთხვევაში აგვისტოს თვის ჩათვლით ფასი შემცირდა 75-90 თეთრით. 2023 წლის მეორე ნახევარში – მაქსიმალური ფასი საქართველოში ოქტომბრის თვეში დაფიქსირდა, ხოლო რუმინეთსა და ბულგარეთში სექტემბრის თვეში. მაქსიმალური ნიშნულის შემდეგ, საქართველოში ფასი შემცირდა საშუალოდ 1 ლიტრზე 15 თეთრით, ხოლო რუმინეთსა და ბულგარეთში 30 თეთრით.
2023 წლის მეორე ნახევარში, საცალო ფასების ზრდასთან ერთად,მსხვილი კომპანიების და მცირე ქსელების საცალო ფასებს შორის სხვაობა გაიზარდა. მაგ. რეგულარის მარკის საწვავზე, მსხვილ კომპანიებს და მცირე ქსელებს შორის სხვაობა, 2023 წლის ნოემბრის თვემდე, 10-20 თეთრს შეადგენდა, ხოლო 2023 წლის ნოემბრის თვიდან 30-35 თეთრს.
2023 წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში, მსხვილი კომპანიების შემთხვევაში, წინა პერიოდთან შედარებით, ადგილი აქვს გაზრდილი ფასნამატის მიღებას. აღნიშნული შესაძლოა კავშირში იყოს საწვავის მარაგებთან ან/და რუსეთის ფედერაციიდან იაფი საწვავის იმპორტის შემცირებულ მაჩვენებელთან. თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მსხვილი კომპანიების ნაწილი ოპერირებებს მხოლოდ ევროპული საწვავით, შესაბამისად ევროპული საწვავის შემთხვევაშიც ადგილი აქვს გაზრდილი ფასნამატის მიღებას.
2024 წლის იანვრის თვეში, ასევე სახეზეა საცალო ფასების შემცირება. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შეფასებით, ბაზარზე მიმდინარე პროცესები საცალო ფასების ცვლილების ნაწილში, ძირითადად, თანხვედრაში იყო ანალოგიურ პერიოდში საწვავის ძირითადი მომწოდებელი ქვეყნების (რუმინეთი, ბულგარეთი) ადგილობრივ ბაზრებზე მიმდინარე პროცესებთან”,_ ნათქვამია ანგარიშში.