1921 წელს, შემოსვლისთანავე, ბოლშევიკებმა გურია რვა სამოქმედო რაიონად დაჰყვეს. მაზრას სათავეში ჩაუყენეს სამაზრო კომიტეტი, რაიონებს _ რევკომის თავმჯდომარეები. ყველა რაიონში ჩამოყალიბდა მილიციონერთა რაზმები ,,ჩონის“ (Части Особого Назначения) სახელწოდებით. ამ რაზმების დანიშნულება იყო კონტრევოლუციონერთა, მენშევიკთა განადგურება. თავდაპირველად ,,ჩონის“ ხელმძღვანელი იყო საშა ობოლაძე. ,,ერთმა ჩეკისტმა, გვარად ობოლაძემ გურიაში მრავალი სოციალ-დემოკრატი გლეხი დააჭერინა და დაახვრეტინა”, წერდა გერონტი ქიქოძე. ,,1922 წლის დამლევს დახვრეტები მთელ საქართველოში ხდება. ხალხის შესაშინებლად და დასასჯელად საქართველოს ყოველ კუთხეში განსაკუთრებული რაზმები იგზავნება ჯალათი ჩეკისტების მეთაურობით და მათ შორის, გურიის ხალხის დასამორჩილებლად არანორმალური, ნახევრად შეშლილი ბოროტი ცნობილი ობოლაძე”, – აღნიშნავდა ვლასა მგელაძე წიგნში ,,რუსეთის მობრუნება საქართველოში“. ობოლაძე საკუთარ ავტობიოგრაფიაში წერდა: ,,…1906 წელს სათავეში ჩავუდექი სამხედრო ორგანიზაციას (ის ხელმძღვანელობდა მთაწმინდის ტერორისტთა ჯგუფს _ ი. მ.) …ჯგუფს გააჩნდა საკუთარი სტამბა და ჰყავდა თავიდან ფეხებამდე მუდმივად შეიარაღებული 60 კაცი… თითონ კობა _ სტალინი გვიჭერდა მხარს… გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ იმდენი ტერორისტული აქტი, რაც მე წილად მხვდა კავკასიაში, არავის შეუსრულებია. 1906 წლის პირველ ნახევარში ყველა ტერორისტულ აქტს ვასრულებდი პარტიის დავალებით, მეორე ნახევრიდან კი დამოუკიდებლად”. მის შესახებ ამბობდნენ, რომ ის დაყაჩაღებულ თანხას მხოლოდ თავისთვის კი არ იყენებდა, არამედ ღარიბ მუშებს ეხმარებოდა. 1905 წლის რევოლუციის დროს ის მოღვაწეობდა ბაქოსა და საქართველოში, რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული. თურმე ერთხელ როცა ობოლაძე ციხეში იჯდა, თბილისის პოლიცმეისტერმა მის არაჩვეულებრივი სილამაზის ცოლთან რომანი გააბა, რამდენიმე თვის შემდეგ კი მიატოვა. როცა ობოლაძე ციხიდან გამოვიდა, ის პოლიცმეისტერს იარაღით დაადგა თავზე და აიძულა რომ ყოფილი მეუღლე ცოლად შეერთო.
სანამ გურიაში ჩავიდოდა, თბილისში მიტინგზე გამოსვლისას ობოლაძემ განაცხადა: ,, ეხლა დავბრუნდი კახეთიდან, ის ხომ მოაოხრე; ეხლა გურიაში მივალ და იმასაც მოაოხრებო“.
როგორც ამბობენ, გურიაში ასეთ სისასტიკეს მოსახლეობისადმი თვით ალიხანოვ-ავარსკიც არ იჩენდა. ბოლშევიკებს კი თავის გასამართლებლად ის არგუმენტი მოჰყავდათ, რომ გურია ცნობილია, როგორც მენშევიკური მხარეო, გურიაში მთელი გლეხობა აღდგა ჩვენს წინააღმდეგო. ობოლაძის აღვირახსნილი პოლიტიკისა და სიმხეცის გამო ზოგიერთმა კომუნისტმა უკმაყოფილება გამოთქვა – მსგავსი ქმედებები გურიაში სრულიად გამოუსადეგარი და უმიზნოაო, მაგრამ ვერაფერი გააწყო.
ოზურგეთის მაზრის პოლიტბიუროს უფროსი მელიქიძე 1923 წელს სერგო ორჯონიკიძისათვის გაგზავნილ მოხსენებაში წერდა: ,,(გურია) ცოტ-ცოტა ცელქობს, მაგრამ ალბათ მალე მოვა ჭკუაზე… ამხანაგი ობოლაძე როგორც საფრთხობელა, ჩვენს მტრებს არ აძლევს მოსვენებას. ირგვლივ გაისმის მუქარა, ადგილი ჰქონდა ტერორიზებასაც. მაგრამ ხუთეული ისმენს და ხვრეტს. 6 იანვარს დახვრეტილი იქნა 8 კაცი. ამ დღეებში, ალბათ კიდევ დავტკბები ,,ცოცხალი უფასო სურათებით“. სიკვდილით დასჯის პროცესი მეტისმეტად გამარტივებული გახდა, ხალხს კონვეირული სისტემით ხოცავდნენ, ქიქოძის თქმით ,,როგორც ხარებს ჩიკაგოს სასაკლაოზე“. ერთხელ თურმე ობოლაძეს უთქვამს: ,,ერთი ჩავიარო ჯურუყვათში და ჩავხოცო ათი-თორმეტი კაციო“. მისი სახელით ბავშვებს აშინებდნენ, ადამიანების წარმოდგენაში ის ,,სატანა, კაციჭამია ურჩხული იყო“. ობოლაძე კარგად იცნობდა გურიას, მას განათლება ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში ჰქონდა მიღებული, სადაც ბიძამისი ასწავლიდა. გურიაშივე გაიცნო და დაუმეგობრდა ცნობილ ფირალებს – დათიკო შევარდნაძეს, კიკია მამულაიშვილს, თეოფილე მუხაშავრიას და სხვებს. გადმოცემით ის მონაწილეობდა ნასაკირალზე გამართულ ბრძოლაშიც.
როცა საჭირო გახდა, ბოლშევიკებმა შემოირიგეს დემოკრატიული მთავრობის მომხრეების ნაწილი, ასევე ციხეებიდან გამოუშვეს სისხლის სამართლის დამნაშავეები, რომლებიც თავის სამსახურში ჩააყენეს. საბჭოთა მთავრობა შეეცადა, თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა ისეთი ხალხი, ვინც დამოუკიდებლობის დროს ციხეში იჯდა ან დევნილი იყო საქართველოს მთავრობის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის გამო. სოციალ-დემოკრატი სიმონ გოგიბერიძის თქმით: ,,ბევრი მათგანი დიდი ხნიდან ცნობილი იყვნენ გურიაში, როგორც მეტისმეტად თავზე ხელაღებელი ხალხი. ისინი მიდიოდნენ რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში და სძარცვავდნენ ბანკებს, დაწესებულებებს და კერძო პირებს. უნდა ითქვას. რომ გურიაში მათ არასოდეს არ ჩაუდენიათ ისეთი რამ, რასაც ქურდ-ბაცაცობა ეწოდება. მიუხედავად მათი თავდაჭერისა გურიაში, ხალხი მათ ენერგიულად ებრძოდა ჯერ კიდევ მეფის მთავრობის დროს და განსაკუთრებით დამოუკიდებლობის ხანაში. ყველას ახსოვს თუ როგორ დაიჭირა გურიის ხალხმა დამოუკიდებლობის დროს, ეგრეთ წოდებული მაანწკავას ჯგუფი, რომელმაც ზღვაზედ გაძარცვა გემი, ეს ჯგუფი თითქმის მთლად გურულებისგან შესდგებოდა და ამიტომ გემის გაძარცვის შემდეგ გურიას შეაფარეს თავი.. მათ დაედევნა მთელი სოფლები და ეს ხალხი დატუსაღებული იქმნა. სასამართლომ ბევრ მათგანს დიდი ხნის ციხე მიუსაჯა და. ისინი განთავისუფლებულ იქმნენ საბჭოთა სელისუფლების მიერ. ამ ხალხს მიმართა სამაზრო ხელისუფლებამ. ისინი ჩარიცხულ იქმნენ სამაზრო ადმინისტრაციაში, ჩეკაში და სხვა დაწესებულებებში“.
საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის გურიის სამხარეო ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრის, ავთანდილ ურუშაძის მოგონებიდან: „ზესტაფონში მსახურებდა ყოფილი ყაჩაღი მანწკავა, მენშევიკების დროს ციხეში ნაჟდომი. ის იყო ზესტაფონის სამხედრო კომისრად. მთავრობამ ეს მანწკავა ჩააყენა შვაში ყაჩაღებს და მათ შორის შესარიგებლად. მან გახსნა თავის შტაბი სადგურ ჯუმათში და იქ დაიბარა ყაჩაღები. გაჩაღდა მოლაპარაკება. ამ მოლაპარაკების დროს ყაჩაღი ღლონტი ეუბნება მანწკავას, რომ მთავრობა ჩვენ დაგვხოცავსო და შენ ჩავარდები გლახა მდგომარეობაშიო. მაშვინ მანწკავამ უთხრა, რომ მთავრობამ მე მომცა პატიოსანი სიტყვა, რომ თქვენ შეგირიგებენ და თუ რაიმე ხიფათი მოვა, მე თქვენთან ვარო. ამ რიგათ მოხდა შერიგება; დაესწრო მთავრობის წარმომადგენელი“.
მთავრობამ ეს ხალხი შეაიარაღა, ხელფასი დაუნიშნა და რაიონის დამცველთა, ე. წ. ,,ბახმაროს“, რაზმში გააერთიანა, რომელსაც ქურდებისა და მძარცველების თარეში უნდა აღეკვეთა. რაზმში შედიოდნენ: სიმონ თალაკვაძე, ფილიპე მეგრელაძე, მიშა დათუნაშვილი, ექვთიმე კვაშალი, კონსტანტინე ჭელიძე, ვასო ჩხაიძე, გიორგი ღლონტი, ილიკო კოტრიკაძე, ილიკო მეგრელაძე, დათიკო ერქომაიშვილი, გიორგი ლომინაძე და გოგია ღლონტი. გოგია ღლონტს მისი თანამედროვენი ასე ახასიათებენ: ,,გოგია არც მიწის მუშა გამოდგა და არც დურგალი. იგი უფრო იარაღის კაცი იყო. გვარდიაში მსახურობდა. ვალოდია გოგუაძესთან იბრძოდა ,,ბრანევიკზე“ (ჯავშნოსან მატარებელზე – ი.მ), ტანად პატარა იყო, დაბალი, ჩაფსკვნილი, მთლად ძარღვი, კაი მსროლელი, სწრაფი, ერთ ადგილზე ვერ გააჩერებდი. თვალები ჰქონდა ელექტრონივით, ღამე ანათებდა. ჩვენ იგი უიარაღოდ არ გვინახავს. თოფთან ეძინა, თოფთან ჭამდა, თოფთან სვამდა. ოჯახში ღორს რომ დაკლავდნენ, გოგია ცხრა მთას იქით გარბოდა _ სისხლის ეშინოდა, მაგრამ თუ ვინმეს განამწარები ჰყავდა, იმის სისხლს დალევდა».
უცნობი მთქმელის სიტყვებით ,,უყუარდა ხალხს. ნამეტანი კაი იყო, არ ცარცვავდა, არ იპარავდა, არ ღლეტტა. თვალში ვერ ჩახედავდი უბრალოთ! მაგარი იყო, მაგარი! იერობიზე ცეხლი გუუჩთა მეზობელს და დეიწუა. ვერ უშველეს. აბა, ჭაის წყალით ჩააქროფ ცეეხს? ხოდა ძლივაი გამუასრეს, მარა ბაღანაი დაშჩათ შით. აი დედა აქით კივა, ძვილათა ამაგრებენ და აი ბაღანა – იქით, აკოშკაზეა მომდგარი მარა ეშინია ცეხლის. გადამარეთ წყალიო! დეიძახა გოგიამ და სველი ნაბადი შამეიხვია ტანძე, სველი კაბალახი – თავზე, პირზე, აი თვალდაწამის ხანში ქნა ყოლიფერი და შევარდა შით. სტაცა ბაღანას ხელი და ისროლა ხალხში, ი მიწაზე არ დაცემულა, დეიჭირა ხალხმა, მარა მაინც გამუასრო და ჩამეინგრა კიდევაც სახლი.»
უნდა აღინიშნოს, რომ რაზმი ორ ბატონს ემსახურებოდა: ღლონტის და მანწკავას მეშვეობით იქნა დაშლილი 1921 წლის 26 მაისს ოზურგეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მოწყობილი დიდი მიტინგი. ამის შესახებ წერს სიმონ გოგიბერიძე: ,,ამ პირებისაგან შესდგებოდა აგრეთვე ის რაზმი, რომელმაც ალყა შემოარტყა ქალაქ ოზურგეთში 1921 წელს 26 მაისის მიტინგს“. იმავეს ადასტურებს ურუშაძე.
ამავე დროს, იმის მაგივრად რომ ბოლშევიკების ბრძანებები შეესრულებინა, ეს ,,თავზეხელაღებული, ბევრი უპარტიო და იარაღის მოყვარული“ ,,ბახმაროს“ რაზმი ქეიფობდა, არავის ემორჩილებოდა, ხშირად კომუნისტებს, მილიციონრებს სცემდა, ართმევდა იარაღს და შეუარცხყოფას აყენებდა. მათ კომუნისტების მიერ ნაბრძანები არც ერთი ტერაქტი არ შეუსრულებიათ და ხშირად იმ ადამიანებს, რომელთაც ხელისუფლების მხრიდან რეპრესიები ელოდათ, წინასწარ აფრთხილებდნენ. ეს ადამიანები გურიის სრული ბატონ-პატრონები გახდნენ. სიმონ გოგიბერიძის თქმით, ,,ამ ჯგუფს მეთაურობდა რამდენიმე კაცი, მაგრამ პირველი მათში იყო გ.(ოგია) ღლონტი».
,,ამ მხრივ ყაჩაღები მეტის მეტად თავგასული იყვნენ: დადიოდნენ სოფლებში აშკარად, ისროდნენ თოფებს, სცემდნენ კომუნისტებს და ართმევდნენ იარაღს. მათ არ ესმოდათ თავინთი ნაბიჯის სიმძიმე და არც არალეგალურ ორგანიზაციებს შეეძლოთ მათი ჭკუაზედ დარიგება. ერთი იმიტომ, რომ ისინი მაინც თავის ჭკუახედ დადიოდნენ ·და მეორედ და უმთავრესად იმიტომ, რომ საბჭოთა მთავრობა ეძებდა საბუთს, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტიისათვის დაემტკიცებინა ყაჩაღებთან კავშირი და- ვინ იყო იმისი თავდები, რომ ესა თუ ის ყაჩაღი ხვალ ისევ ჩეკისტი არ გახდებოდა? რეპრესიები გრძელდებოდა, ხალხი ეკონომიურად ნადგურდებოდა, ორგანიზაციები იშლებოდა, იარაღები იკარგებოდა და საფრთხეში ვარდებოდა პოლიტიკურ შეიარაღებულ თუ უიარაღო დევნილთა ბედი“, წერდა სიმონ გოგიბერიძე.
ობოლაძე კი იქადნებოდა -ამდენი ხანია გურიაში ვარ, დღე და ღამე დავდივარ და ერთ ყაჩაღს ვერ შევხვდი. ასეთი ლაჩრები არიან და თქვენ კი მათ ბინას აძლევთ, ისინი კი თქვენს ცოლ-შვილს ნამუსს ხდიანო. ამ სიტყვებზე ხალხი აღელდა და ერთმა აკეთელმა მოხუცმა ობოლაძეს უთხრა – ბიძია, არ დაგავიწყდეს, რომ გურიაში ხარ, იცოდე, რომ აქ მასეთ შეურაცხყოფას არ შეგარჩენენო. ობოლაძემ კი უპასუხა, შენ ალბათ კავშირი გაქვს ყაჩაღებთან და იმ პირობით არ დაგიჭერ, რომ ჩემი სიტყვები მათ გადასცეო…
ვისზეც ეჭვი ჰქონდა, რომ გოგია ღლონტს ეხმარებოდა, ობოლაძე სასტიკად უსწორდებოდა. პირველად ის სწორედ მანწკავას ოჯახს დაესხა, სახლი გადაწვა და მანწკავას პატარა ბიძაშვილი ცეცხლში შეაგდო. ავთანდილ ურუშაძის სიტყვებით: ,,(ობოლაძემ) დაარბია ჩემი სახლი და წავიდა ოზურგეთისაკენ. გზაში გაიარა ჯურუყვეთში. აქ გაქცეული იყო რამოდენიმე ახალგაზრდები, იარაღის მოყვარულნი, გადასწვა მათი სახლები. ერთ-მათგანს, გვარათ მანწკავას სახლის დაწვის დროს, ჩამოდის ეზოში პატარა მოწაფე. მან კითხა:- ვინ ხარ შენო; გაიგო, ეს ძმაა მისი, შეაგდო ცეცხლში, ბავშვი დაიწვა შიგ და აქედან წავიდა ოზურგეთში“. ვალში არც ღლონტის რაზმელები რჩებოდნენ _ მათ მოკლეს გურიის მაზრის ცხენოსანი მილიციის უფროსი მდინარაძე, რამაც ობოლაძე კიდევ უფრო მეტად გააცოფა. კომუნისტებისა და რაზმელების დაპირისპირება უკიდურეს ფაზაში შევიდა. მელქისედეკ გუნთაიშვილის ძმის, აპოლონის გადმოცემით, გოგია ღლონტი თურმე ობოლაძეს აფრთხილებდა – ,,დატოვე ოზურგეთი და წადი, თორემ ცოცხალს არ გაგიშვებო“.
რასაკვირველია, ახალი მთავრობა ასეთ თვითნებობას ვერ შეურიგდებოდა. ცოტა ხანში თბილისიდან ბრძანება მოვიდა, რაზმები რკინიგზის დასაცავად გამოიყენეთო. სინამდვილეში კომუნისტებმა მათი ლიკვიდაცია გადაწყვიტეს, მაგრამ გურიაში ამის გაკეთება რთული იყო; საჭირო გახდა მათი ტერიტორიიდან გაყვანა. მთავრობამ რაზმის ერთ-ერთ მეთაურთან, ყოფილ სახალხო გვარდიელთან, გოგია ღლონტთან მოლაპარაკება გამართა. მან მოლაპარაკების შედეგები საკუთარ თანამებრძოლებს მოახსენა, ისინი დაეჭვდნენ. ამასთან, მანწკავამ, მათ მოსალოდნელი რეპრესიების შესახებ აცნობა. მანწკავას თქმით, ერთ-ერთ სადგურზე ვაგონს, რომელშიც რაზმელები ისხდებოდნენ, მოხსნიდნენ და ყველას ამოხოცავდნენ.
ურუშაძის მოგონებიდან: ,, დაისვა კითხვა: რა ვუქმნათ ობოლაძეს? ყაჩაღების ერთი ნაწილი ღლონტის მეთაურობით მოითხოვს, რომ მომეცით ნება, ობოლაძე მოვკლათო და მით გამოვისყიდოთ ჩვენი დანაშაულიო“.
,,ობოლაძეს და ყაჩაღებს შორის გაიმართა ნამდვილი დუელი, შუაში კი ისრისებოდა ხალხი. არალეგალური ორგანიზაციები უძლური იყვნენ რაიმე გაეკეთებინათ. ეს ორი ძალა ეძებდა ერთმანეთის შეხვედრას: ობოლაძე თავის ძლიერებაში დარწმუნებული, ყაჩაღები ჩიხში მიმწყვდეული, მურის ძიების ნიადაგზე შემდგარი და გათამამებული იმით, რომ მათი აზრით მთელს გურიას სურდა ობოლაძის სიკვდილი. ეს შეხვედრაც მოხდა 1923 წლის თებერვალში, ოზურგეთის მახლობლად, ოზურგეთ-ლიხაურის გზაზედ” (სიმონ გოგიბერიძე).
ცოტა ხანში რაზმელებს ინფორმაცია მოუვიდათ, რომ ობოლაძე ლიხაურში დაბანაკებულ თავის რაზმთან მიემგზავრებოდა. რაზმელები ჩაუსაფრდნენ, მაგრამ ფრთხილმა ობოლაძემ, რომელიც არავის ენდობოდა, სხვა გზა აირჩა. იმ იმედით, რომ ის იმავე გზით დაბრუნდებოდა, რაზმმა სასწრაფოდ შეიცვალა დისლოკაციის ადგილი, რაც ბევრ საფრთხესთან იყო დაკავშირებული (მთელი გურია წითელარმიელებითა და მილიციონერებით იყო სავსე) და გზაზე ჩაუსაფრდა.
ამასობაში ობოლაძე რაზმთან ერთად თავს დაესხა ხავთასების ოჯახს, სადაც მენშევიკები იკრიბებოდნენ ხოლმე, გადაუწვა სახლ-კარი, შემდეგ მაგრად იქეიფა, ოჯახის უფროსი და მისი შვილი ილია დააპატიმრა, თან წამოიყვანა და ოზურგეთისკენ გაემგზავრა.
12-კაციანი ჩასაფრებული რაზმი ბევრმა ადგილობრივმა მცხოვრებმა ნახა _ იმ დღეს, პარასკევს, ოზურგეთში ბაზრობა იმართებოდა და უამრავი ხალხი მიდი-მოდიოდა. რაზმელებმა მათი დაკავება მოინდომეს, რადგან შეეშინდათ, რომ ვინმეს მათი ადგილსამყოფელი არ გაეცა, მაგრამ ხალხის რაოდენობა დიდი იყო, თანაც ყველა მიხვდა, რა საქმისთვის იყვნენ ისინი მოსული და ამით აღრფთოვანებულები არწმუნებდნენ, ნურაფრის გეშინიათო, პირიქით, ამხნევებდნენ მათ: „ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, გაგვიშვით, არავინ გაგცემთ, ობოლაძე ყველაფრის ღირსიაო.“ მართლაც, არც ერთ მათგანს კრინტი არ დაუძრავს.
დადგა 1923 წლის 10 თებერვალი.
ობოლაძე და მისი ხელქვეითები, სანიკიძე და ჩუბინაშვილი, ფაეტონით მიემგზავრებოდნენ, ობოლაძე შუაში იჯდა გიტარით, ფეხებში კი ჩხავერით სავსე ჭურჭელი ედგა. ფაეტონს ასი წითელარმიელი ცხენოსანი მოუძღოდა, გვერდებზე _ მილიციონერები. ობოლაძის თანმხლები ჯარის რაოდენობის დანახვაზე რაზმელები შეცბნენ, ,,ყაჩაღებში რყევა დაიწყო: ვესროლოთ თუ არაო. ღლონტი არ დაიბნა და უთხრა მათ, რომ ეხლა თავის შველაზედ ლაპარკი ზედმეტია და გაქცევით უფრო საფრთხეში ჩავაგდებთ თავს, ვიდრე შეტევითო“ (სიმონ გოგიბერიძე) და ამიტომ შეტევაზე გადასვლა არჩიეს. ჩასაფრებულებმა ეტლი ძალიან ახლოს მიუშვეს, ამის ერთ-ერთი მიზეზი ის გახლადათ, რომ ობოლაძეს პირადად მხოლოდ რაზმის ერთი წევრი, გვარად სირაძე იცნობდა. გამოჩნდა თუ არა ეტლი, სირაძემაც აცნობა ამხანაგებს ობოლაძის ეტლში ყოფნა. რაზმელებმა მაშინვე ცეცხლი გახსნეს. მოულოდნელობის ეფექტმა და დიდძალმა დალეულმა ღვინომ გაამართლა. სანიკიძე და ჩუბინაშვილი ადგილზე დაიღუპნენ, დაჭრილი ობოლაძე ეტლიდან გადახტა, გზის პირას ქვების გროვას ამოეფარა და მაუზერიდან სროლა დაიწყო. თავდამსხმელებმა ცხენებიდან ჩამოსულ რუსებს ცეცხლი დაუშინეს და მიწასთან გააკრეს. ღლონტი ერთი რაზმელის თანხლებით საფრიდან გამოვარდა და ობოლაძისკენ გაექანა. ობოლაძემ ღლონტი კისერში დაჭრა, მაგრამ მან მოახერხა, ობოლაძე ხელყუმბარით აეფეთქებინა, იარაღი აართვა და გაძლიერებული ცეცხლის თანხლებით სხვებთან ერთად სამშვიდობოს გავიდა. უცნობი მთხრობელი თქმით ღლონტს ყუმაბარა არ უხმარია: ,,გადმოხტა მაშვინ გოგიამ… მიაშურა და – აი, ძაღლი კიდომ არის ცოცხალიო?! და ამეიღო ლევერველი, ხოდა დააყაჭა… მოკლა იქინე.»
ობოლაძის მოკვლის შემდეგ ღლონტი ,,მიუბრუნდა რუსებს, აუტეხა სროლა და საშუალება მისცა პირველ ჯგუფს გასულიყო მახლობელ გორაკზედ, საიდანაც იმათ ხელახლა გახსნეს ცეცხლი და ღლონტმაც უშველა თავს. ამრიგად, ისინი გავიდნენ ამ საქმიდან სრულიად უვნებლად”. ყველაფერი ისე სწრაფად დამთავრდა, რომ მთვრალმა რაზმმა ვერც კი მოისაზრა, რა მოხდა, რუსებმა თოფის გასროლაც კი ვერ მოახერხეს. სიბნელეში რუსები ერთმანეთს ვერ ცნობდნენ და ცხენებსაც ვერ პოულობდნენ. ამის შემდეგ შექმნა ხალხმა ეს ლექსი:
ატყდა სროლა კვაჭალათზე,
ჩააძაღლეს ობოლაძე.
გურიაში რა გინდოდა,
თუ სიკვდილი არ გინდოდა.
ობოლაძის მოკვლამ განარისხა ხელისუფლება და ის მეორე დღესვე შეუდგა ადამიანთა განადგურებას. ,,ყველა წამიობით იხვრიტებოდა ათი ხან თუთხმეტი და ერხელ 25 კაციც დახვრიტენ ერთ ღამეს, თორემ ორი და სამი ყოველ ღამეს ხრეტდენ… და ყრიდენ მიწაში”, (აპოლონ გუნთაიშვილის დღიურიდან). ოზურგეთის ციხიდან გამოიყვანეს 13 პატიმარი, რომლებიც ობოლაძის მკვლელობამდე დიდი ხნით ადრე ისხდნენ ციხეში და წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა მოხდა, მიიყვანეს მკვლელობის ადგილზე და დახვრიტეს. ,,ამის საპასუხოდ, წერდა გერონტი ქიქოძე ,,თანამედროვის ჩანაწერებში“, საგანგებო კომისიამ დახვრიტა ოთხმოცამდე კაცი, უმთავრესად სოფლის მასწავლებლები, რომელთაც არც ობოლაძისა და არც ღლონტის სახელი და გვარები გაგონილი არ ჰქონდათ. ამ მკაცრმა ღონისძიებამ მართლაც შეანელა მთავრობის საწინააღმდეგო ინდივიდუალური ტერორი”.
,, ამ მკვლელობაზედ დახვრიტეს გურიიდან თბილისში გაგზავნილი ტუსაღები. ისინი გზაში იყვნენ, რომ ობოლაძე მოკლეს, დიდი ხანს ნაჟდომი ოზურგეთის ციხეში. რიცხვით დახვრეტილ იქმნა 92 კაცი. მათ შორის ძველი მასწავ- ლებელი გიორგი გძელიძე, სამსონ ხუხუნაიშვილი-კოოპერატორი, ლანჩხუთის რაიონის კოოპერატიულ კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, ახალგაზრდა გიმნაზიის მასწავლებელი- ილია თარგამაძე, ჩემი ბავშობის ამხანაგი ლადიკო შარაბიძე ნიგოითიდან, მასწავლებელი შალვა სამსონაძე, სტუდენტი დიომიდე იმნაიშვილი, საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი წარმომადგენელი უკრაინაში ბებურ ვაჩეიშვილი და სხვები“ (ავთანდილ ურუშაძე).
,,საგანგებო კომისიამ დახვრიტა ოთხმოცამდე კაცი, უმთავრესად სოფლის მასწავლებლები, რომელთაც არც ობოლაძისა და არც ღლონტის სახელი და გვარები გაგონილი არ ჰქონდათ“. დახვრიტეს ხავთასი და მისი შვილიც. იმ ღამესვე კომკავშირლებმა გოგია ღლონტის სახლი დაწვეს.
1923 წელს ბაღში, ზედა ტერასაზე, ეგნატე ნინოშვილის ბიუსტის უკან დაკრძალეს გურიაში წითელარმიელთა სადამსჯელო რაზმის მეთაურები – ალექსანდრე ობოლაძე, პოლიკარპე სანიკიძე და დავით ჩუბინიშვილი.
,,დასაფლავებას დაესწრო მრავალი ხალხი. მთელი რუსთაველის ქუჩა და ალექსანდროვის ბაღი, სადაც დაასვენეს მიცვალებულები, გაჭედილი იყო ხალხით.” სიტყვები წარმოთქვეს, მიხა ცხაკაიამ, მამია ორახელაშვილმა, შალვა ელიავამ” – წერდა 1923 წლის18 თებერვლის ,,კომუნისტი” სტატიაში – ,,მენშევიკური ბანდიტიზმის მსხვერპლთა დასაფლავება”.
იმავე გაზეთის პირველ გვერდზე კი გამოქვეყნდა საგანგებო კომისიის განცხადება:
“საქართველოს საგანგებო კომისიისაგან:
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ხელისუფლება არა ერთხელ მოუწოდებდა ბანდიტებს თავი დაენებებინათ ბოროტ-მოქმედებათათვის, დაბრუნებოდნენ მშვიდობიან შრომით ცხოვრებას, ჰპირებოდა რა ამისათვის სრულ პატიებას და წარსული მათი საქმიანობისათვის სასჯელისგან განთავისუფლებას – ბანდიტიზმს ბოლო არ მოეღო გამოიხატა რა უკანასკნელ დროს საბჭოთა ხელისუფლების მუშაკთა ხშირიდა ვერაგული მკვლელობებით. ა.წ. 10 თებერვალს ბანდიტური ბოროტმოქმედების მსხვერპლნი გახდნენ ოზურგეთის მახლობლად მშრომელი ხალხის შვილები: ამხ. ობოლაძე (ქართული სამოსწავლო-საკადრო ათასეულის სამხედრო კომისარი), სანიკიძე (ამავე ათასეულის უფროსი), და ჩუბინაშვილი (გუნდის უფროსი). საქართველოს საგანგებო კომისიამ თავის ა.წ. 13-14 თებერვლის სხდომაზე, გაუწია რა ანგარიში ბანდიტების შეუჩერებელ ტერორისტულ მოქმედებებს, მათი მუხანათური საქმიანობისთვის ბოლოს მოღების მიზნით – დაადგინა ქვემოდ ჩამოთვლილ პირებს, როგორც მრავალჯერ აღრიცხულებს და ბანდიტიზმისათვის, მკვლელობებისათვის, ძალადობისათვის, დაწვისათვის, და ტყუილებისათვის და სხვ. გასამართლებულებს, მიესაჯოთ უმაღლესი სასჯელი – დახვრეტა.”
განცხადება ასე სრულდება:
,,ამავე დროს საქ. საგანგებო კომისია უკანასკნელათ აფრთხილებს ყველა ბოროტმოქმედ-ბანდიტურ ელემენტებს, რომ ყველაის პირები, რომლებიც დაპატიმრებულნი არიან ბანდიტიზმისა და კონტრ-რევოლუციისათვის, გამოცხადებულნი არიან მძევლებათ და ამგვარი მკვლელობის განმეორების შემთხვევაში ათობით იქნებიან დახვრეტილნი.
საქართველოს საგანგებო კომისიის კოლეგია: კვანტალიანი, მიქელაძე, ბერია, პანკრატოვი, ნასარიძე, ქავთარაძე”. https://archive.ge/ka/blog/46
მოგვიანებით ტყეში გახიზნული რაზმის ნაწილი ბოლშევიკებთან ბრძოლას შეეწირა, ზოგი საზღვარგარეთ გაიქცა. გოგია ღლონტს მეუღლესთან, პისტი ქადეიშვილთან (კაჩაღი ვერ დუუდგებოდა იმ ქალც კიდომ, იმსიმაგრე იყო) ერთად როგორც ცოფიან ძაღლს, ისე დასდევდნენ ბოლშევიკები მოსაკლავად. ყველა გზა ჩაკეტილი იყო. ერთხელ ისინი მიადგნენ ბჟუჟს და იქ ერთი შეიარაღებული კაცი დახვდათ. გოგიას მეუღლემ იარაღი დაადო კაცს – მეორე ნაპირზე გადამიყვანეო. ,,მეიკუტურა აი ქალი და გეიყუანა წყალჩი… გოგიაც გეიყუანა… და წადიო უთხრა… თავისუფალი ხარო… წევიდა ამ კაცმა, შიატყობია, თავრობას ახლა, აგი ასე იყო საქმეო, გამიენთენ, მარა დეიჭირავ ქარს?! გაქროლდენ ქარივით.» არ შეშინებამ, არც ტერორორმა და არც ფულადმა ჯილდომ არ გასჭრა – ხალხმა არ გასცა ღლონტები, ისინი კი ჯერ თურქეთში, შემდეგ კი საფრანგეთში გადავიდნენ, საიდანაც, როგორც ამბობენ ნათესავებს წერილებს უგზავნიდა 1961 წლამდე.
რაც შეეხება მანწკავას; მის შესახებ წერს სიმონ გოგიბერიძე წიგნში ,,ბრძოლა სამშობლოსათვის: ,,ერთი პატარა ჯგუფი მანწკავას მეთაურობით, ყოველივე საშუალებას მოკლებული, იძულებული გახდა ბათუმის მთავრობას შერიგებოდა, იმ განზრახვით, რომ ისინი ბათუმიდგან სახღვარგარეთ გამოსვლას მოახერხებდნენ“ მაგრამ მთავრობამ მათ დაასწრო და შერიგების პირველ ღამესვე დაესხნენ თავზე ჯარისა და მილიციის ნაწილებით და წინადადება მისცეს იარაღი აეყარათ და სახლიდან გამოსულიყვნენ. რამდენიმე მათგანი, უფრო ქართველი მუსულმანები, იმ იმედით, რომ სიცოცხლეს შეინარჩუნებდნენ, ჩაბარდნენ მთავრობას. სამი კი-–მანწკავა, ანდღულაძე და სირაძე დიდი ხნის სროლის შემდეგ მოკლულ იქმნენ. მათ მოასწრეს მხოლოდ ორი სომეხი ჩეკისტის მოკვლა. ასე დათავდა ამ ყაჩაღების ბედი, მას შემდეგ რაც მათმა მთავრობასთან ჯერ შერიგებამ და შემდეგ ბრძოლამ გაანადგურა მთელი მაზრა და მთელს საქართველოში ხელი გაუხსნა საბჭოთა მთავრობას პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ ულმობელი ბრძოლის გამოსაცხადებლად“.
ობოლაძე შეცვალა ვალიკო ტალახაძემ, მის დროს ე. წ. ,,ტროიკები”, სტოლიპინის საველე სასამართლოების მსგავსი რამ ჩამოყალიბდა, რომელთაც შეეძლოთ ნებისმიერი ადამიანისათვის სასიკვდილო განაჩენი გამოეტანათ და მაშინვე შეესრულებინათ. ,, ერხელ 25 კაციც დახვრიტენ ერთ ღამეს, თორემ ორი და სამი ყოველ ღამეს ხრეტდენ… და ყრიდენ მიწაში…” (აპოლონ გუნთაიშვილი). სასჯელის სისრულეში მოსაყვანად თურმე სპეციალურად ვიღაც ოსი ჰყავდათ ჩამოყვანილი, რომელიც მაუზერიდან თავში გასროლით ჰკლავდა სიკვდილმისჯილებს. ერთ ღამეს 60 კაცი დაიხვრიტა. ხშირად ისმოდა განწირულთა ყვირილი ,,რატომ მკლავთ რას მერჩითო!”.
ალექსანდრე ღლონტი იხსენებდა, თუ როგორ წაიყვანეს სკოლის მოწაფეები ექსკურსიაზე ლიხაურის ციხის სანახავად. ,,ორიოდე კილომეტრი გავიარეთ და კვაჭალათის გადასახვევთან საზარელი სურათი ვნახეთ: ზვინად ეყარა ახალდახოცილთა გვამები. ადამიანთა სასხლი და ტვინი ერთმანეთში იყო არეული. ამ სანახაობამ ბავშვები შეგვაშინა, ყველას ენა ჩაგვივარდა…”
ბოლშევიკებმა მაინც ვერ მოახერხეს ყველა უკმაყოფილოთა ჩაჩუმება, რის ლოგიკური შედეგი იყო 1924 წლის აჯანყება, რაც, ლევ ტროცკის თქმით, საქართველოს ნაადრევმა გასაბჭოებამ გამოიწვია. აჯანყება სასტიკად იქნა ჩახშობილი, ვინაიდან ,,შეთქმულებმა, მეტი რომანტიზმი გამოიჩინეს, ვიდრე საღი პოლიტიკური გონიერება”, წერდა გერონტი. ქიქოძე. ბოლშევიკების საქმიანობას საქართველოს ყველა კუთხეში უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შორაპანში ვაგონებში გამოკეტილი პატიმრები ტყვიამფრქვევებიდან დახვრიტეს, გურიაში უფრო მეტი მსხვერპლი იქნებოდა, ვიდრე გასაბჭოების პირველ წლებში, ოზურგეთში ფილიპე მახარაძე რომ არ ჩასულიყო. მან განუკითხავად დაპატიმრებულნი გაათავისუფლებინა. ასე შეუნარჩუნდა სიცოცხლე ჩემს ბაბუას, მენშევიკ კირილე მახარაძეს.
ოფიციალური ცნობებით აჯანყებაში სულ 980 კაცი დაიღუპა, ნოე ჟორდანიას კი სხვა ციფრი _ 5000 მოჰყავს, რაც ალბათ, უფრო ახლის არის სინამდვილესთან.
აჯანყების ჩახშობის შემდეგ ხალხში თავისუფლებისაკენ ლტოლვა ჯერ არ ჩამქრალიყო. აჯანყების დამარცხების შემდეგ თბილისში გურიიდან მასწავლებელი ქალი ჩამოვიდა (როგორ ამბობენ, ის ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე იყო): ალბათ ხალხს აჯანყების დამარცხების გამო გული გაუტყდა _ შეეკითხნენ მას, რაზედაც მასწავლებელმა უპასუხა: რას ბრძანებთ! მთელი გურია იმას გაიძახის, _ ერთი კვირა ხომ მაინც თავისუფლად ამოვისუნთქეთ, რა ვუყოთ რომ პირველი აჯანყება სუსტი გამოდგაო!
ავტორი