გაზეთ „ალიონის“ რედაქტორის და ჟურნალისტის, ნუგზარ ასათიანის ინფორმაციით, დღეს, ქალაქ ოზურგეთში, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე მდებარე ქალაქის ყოფილი მერიის შენობაში ცეცხლის წაკიდების ფაქტი დაფიქსირდა.
გაზეთი „ალიონი“ დღევანდელ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც „გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
„დღეს, დილით ქ. ოზურგეთში, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ქალაქის მერიის შენობაში ცეცხლის წაკიდების ფაქტი დაფიქსირდა.
ჯერ-ჯერობით გამოძიებისათვის უცნობმა პირებმა გაზეთ „ალიონის“ რედაქციის ფართში ხანძრის გაჩენის მიზნით გარკვეულ სითხეს ცეცხლი წაუკიდეს და იმავდროულად რედაქციის ფანჯარაში პოლიეთილენის ბოთლით საწვავიც შეასხეს.
საბედნიეროდ, ხანძრის კერა არ გავრცელდა და შენობა, სადაც სტატისტიკის გურიის სამმართველო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თოჯინების თეატრი, განათლების მუშაკთა პროფკავშირები, „გურიის მოამბის“ რედაქცია, და სხვა დაწესებულებებია განთავსებული, დაწვას გადაურჩა. მიყენებულია გარკვეული მატერიალური ზარალი.
შემთხვევის ადგილას მოვიდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის, შსს ოზურგეთის რაიონული პოლიციის სამმართველოს ექსპერტ-გამომძიებლები.
მომხდარზე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, აღძრულია საქმე სსს კოდექსის 187 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ა- ქვეპუნქტით.
„ალიონის“ რედაქცია გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე სხვა კომენტარისაგან თავს იკავებს“.
ავტორი