НТВ -ის ყოფილი გენერალური დირექტორი ევგენი კისელიოვი, რომელიც მრავალი წელია უკრაინაში ცხოვრობს და მუშაობს, ექსტრემისტებისა და ტერორისტების სიაშია შეყვანილი. მანამდე ის რუსეთში ძებნილთა სიაშიც იყო.
ცნობისთვის, კისელიოვმა ტელევიზიაში მუშაობა 1980-იან წლებში დაიწყო. განათლებით აღმოსავლეთმცოდნემ, კარიერა დაიწყო სსრკ სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობის კომპანიის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მაუწყებლობის მთავარ რედაქციაში. ის იყო პროგრამა “ვესტის” ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1992–2003 წლებში უძღვებოდა გადაცემას „იტოგი“. ის ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა ტელეკომპანი НТВ -ში, რაც მფლობელების შეცვლის შემდეგ დატოვა. შემდგომში მუშაობდა TVS-ში და უძღვებოდა გადაცემებს Eho Moskvy-სა და RTVI-ზე.
2009 წელს ჟურნალისტი საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა, სადაც 2016 წლამდე მუშაობდა ტელეკომპანია ინტერში. 2022 წლამდე “24” არხზე უძღვებოდა საავტორო გადაცემას “რეალური პოლიტიკა ევგენი კისელიოვთან”. ახლა ის მართავს საკუთარ YouTube არხს.
კისელიოვი 2004 წელს გახდა “კომიტეტის 2008” ერთ-ერთი დამფუძნებელი – პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების ჯგუფის, რომლებიც აკრიტიკებენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იმავე წლის შემოდგომაზე მან მხარი დაუჭირა უკრაინის ნარინჯისფერ რევოლუციას და ასევე არაერთხელ გააკრიტიკა რუსეთის ხელისუფლება 2014 წელს ყირიმში რეფერენდუმის და 2022 წელს უკრაინაში სამხედრო ოპერაციების დაწყების გამო. 2022 წლის თებერვლის ბოლოს, ჟურნალისტი შეუერთდა რუსი პოლიტიკური ემიგრანტების მიერ შექმნილ ანტი-ომის კომიტეტს (აღიარებულ იქნა არასასურველ ორგანიზაციად და აკრძალულია).
უკრაინაში კისელევს აქვს ბინადრობის ნებართვა. მან ასევე ითხოვა უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება, თუმცა ჟურნალისტს არ უთქვამს, საბოლოოდ მიიღო თუ არა იგი.
რუსეთის ხელისუფლებას „ტერორისტად და ექსტრემისტად“ და „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებული ჰყავს სამოქალაქო და პოლიტიკური წრეების და მედიის არაერთი წარმომადგენელი, რომლებიც უკრაინაში ომის და პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგეები არიან.