რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა მედიასთან საუბრისას არ გამორიცხა, რომ რუსეთი კიევამდე მივიდეს.
“სად უნდა გავჩერდეთ? არ ვიცი. ვფიქრობ, ჩემი ნათქვამის გათვალისწინებით (დამცავი კორდონის შექმნის აუცილებლობის შესახებ – შენიშვნა TASS), ჯერ კიდევ ბევრი და სერიოზულად უნდა ვიმუშაოთ. იქნება ეს კიევი? დიახ. ალბათ, ასეც უნდა იყოს. კიევი, თუ არა ახლა, მაშინ გარკვეული დროის შემდეგ, შესაძლოა ამ კონფლიქტის განვითარების სხვა ფაზაში“, – განაცხადა მედვედევმა.
მედვედევის განცხადებით, კიევი რუსული ქალაქია, რომელსაც რუსეთის მოწინააღმდეგეები მართავენ და სწორედ აქედან მოდის რუსეთის არსებობის საერთაშორისო საფრთხე.
„მიუხედავად იმისა, რომ კიევი თავისი ფესვებით რუსული ქალაქია, მას აკონტროლებს რუსეთის მოწინააღმდეგეთა საერთაშორისო ბრიგადა, რომელსაც ხელმძღვანელობს ამერიკის შეერთებული შტატები. ყველა, ვინც იქ ოფიციალურად ასრულებს თავის ფუნქციებს, არიან მარიონეტები, რომლებსაც არც სინდისი აქვთ და არც მომავლის შიში და არც შესაძლებლობები. ყველა გადაწყვეტილება მიიღება საზღვარგარეთ და ნატოს შტაბ-ბინაში. ეს სრულიად აშკარაა. ამიტომ, დიახ, ეს შეიძლება იყოს კიევი“, – განაცხადა მედვედევმა.