რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული გიორგი მელაძე და დიტო კორინთელი გათავისუფლდნენ და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
“გიორგი მელაძისა და დიტო კორინთელის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი.
საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მწვავედ იქნა დაყენებული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა (GID) და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატების ფარგლებში.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება“,_ აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.