შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება მალხაზ გიორგაძის ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც პოლიციას ძალადობასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. საქმე 8 აპრილს მომხდარ შემთხვევას ეხება.
შსს ამტკიცებს, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც გზის სავალი ნაწილის გვერდულზე შენიშნეს ავტომობილი, რომლის მძღოლმაც პოლიციის ეკიპაჟის დანახვისას დაძრა ავტომობილი, შეეჯახა სავალი ნაწილის გვერდულს და სცადა მიმალვა.
შსს აცხადებს, რომ პატრულ-ინსპექტორებმა არაერთხელ მოუწოდეს ავტომობილის მძღოლს დამორჩილებოდა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, თუმცა უშედეგოდ.
“პატრულ-ინსპექტორებმა არაერთხელ მოუწოდეს ავტომობილის მძღოლს დამორჩილებოდა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას. მიუხედავად პოლიციის მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, რომ აღნიშნულ პიროვნებას შეენარჩუნებინა სიმშვიდე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი იქცეოდა აგრესიულად.
მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ, ცივი იარაღის დემონსტრირებით, პატრულ-ინსპექტორებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ასევე, მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე მყოფ ერთ-ერთ პოლიციელს.
აღნიშნული პირი, რომელიც სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის არაერთხელაა ნასამართლევი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ იქნა დაკავებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს,” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ცნობისთვის, დაზარალებული ყვება, რომ პოლიცია საცხოვრებელ სახლში წაჰყვა, შეიჭრნენ მის ბინაში და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მას და მის ხანშიშესულ მამას. ოჯახის თქმით, ჩხრეკის ორდერის არარსებობის მოუხედავად, პოლიციის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს მათი ბინა.