ისრაელის თავდაცვის ძალები [IDF] ირანიდან თავდასხმის დაწყებას ადასტურებს.
პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ირანიდან გაშვებული ათობით თვითმფრინავი ისრაელისკენ მიემართება.
მისი თქმით, ისრაელის საჰაერო ძალები დრონებს თვალყურს ადევნებენ და მათ საჰაერო სივრცემდე საფრენი აპარატების მისვლას რამდენიმე საათი დასჭირდება.
ჰაგარი ამბობს, რომ იქნება GPS შეფერხებები, რადგან სამხედროები უპილოტო თვითმფრინავების დასაჭერად მუშაობენ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოსახლეობას მიმართა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.
„ჩვენი თავდაცვის სისტემები განლაგებულია და მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის, როგორც თავდაცვაში, ასევე შეტევაში. ისრაელის სახელმწიფო ძლიერია, IDF ძლიერია, საზოგადოება ძლიერია. ჩვენ ვაფასებთ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და მრავალი სხვა ქვეყნის მხარდაჭერას და გვერდში დგომას.
ვიცი, რომ თქვენც, ისრაელის მოქალაქეები, სიმშვიდეს ინარჩუნებთ. მოგიწოდებთ, მოუსმინოთ შიდა ფრონტის სარდლობის დირექტივებს. ერთად ვდგავართ და ღვთის დახმარებით, ერთად დავამარცხებთ ჩვენს ყველა მტერს“, – ამბობს ნეთანიაჰუ.
პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით დრონი გაუშვა. საფრენმა აპარატებმა კი უკვე შეაღწიეს ერაყის საჰაერო სივრცეში.