რუსეთში უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეზე, გიორგი გელაშვილზე ფედერალური ძებნა გამოაცხადეს. გარდა ამისა გელაშვილს დაუსწრებლად “ექსტრემიზმისთვის” პატიმრობა მიესაჯეს. ინფორმაციას რუსული სამთავრობო გამოცემა TACC ავრცელებს.
,,რუსმა გამომძიებლებმა ფედერალურ და საერთაშორისო ძებნილ სიაში შეიყვანეს უკრაინის შეიარაღებული ძალების (AFU) საომარ მოქმედებებში მონაწილე ყველაზე ახალგაზრდა ქართველი სნაიპერი, რომელიც ბრალდებულია მედიის გამოყენებით მტრობისა და სიძულვილის გაღვივებაში, ძალადობის მუქარაში, ასევე დაქირავებულ მებრძოლეობაში.“ – წერს გამოცემა
როგორც TASS-ს სამართალდამცავმა უწყებებმა განუცხადეს, ქართველი დაქირავებული მებრძოლი მოსკოვში დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა.
“გამოძიებამ ძებნილად გამოაცხადა 2002 წელს დაბადებული გიორგი ბესიკის ძე გელაშვილი, რომელიც ემალება წინასწარი გამოძიების ორგანოებს. მას ბრალი სიძულვილის დანაშაულებსა და დაქირავებულ მებრძოლობაში ედება ბრალი. ამასთან დაკავშირებით გამოძიებამ სასამართლოს დაუსწრებლად პატიმრობის მისჯის მოთხოვნით მიმართა”. – ამბობს გამოძიების წარმომადგენელი.
როგორც რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, გელაშვილის დაუსწრებლად პატიმრობის მისჯის ვადა გამოითვლება რუსეთის ტერიტორიაზე მისი ექსტრადირების ან რუსეთის ფედერაციაში დაკავების მომენტიდან. სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და ძალაში შევიდა
გამოცემა წერს, რომ 2023 წლის 6 აგვისტოს დაქირავებულმა, სნაიპერმა, უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატორმა გელაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გარკვეული დროით ონლაინ არ იქნება, ბევრი სამუშაო ჰქონდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ერთ-ერთ რეგიონში, კიევის რეჟიმის მიერ გამოცხადებული კომენდანტის საათის შემდეგ, „თანამშრომლებთან მუშაობისთვის“, სამ დღეში ათობით უკრაინის მოქალაქე დააკავეს და ეჭვმიტანილები იყვნენ „რუსულ მხარესთან შეთქმულებაში“. რუსი სამართალდამცავების თქმით, გელაშვილი უშუალოდ მონაწილეობდა ეჭვმიტანილთა დაკავებაში.
ცნობისთვის, ცოტა ხნით ადრე, დაუსწრებლად პატიმრობა მიესაჯათ ქართული ეროვნული ლეგიონის მეთაურს უშანგი მამულაშვილს და მის მოადგილეს ლევან ფიფიას.
გიორგი გელაშვილი ორგანიზაცია მრგვალი მაგიდა თავისუფალი კავკასიის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარეა, რომელიც უკრაინაში ორგანიზაციის სამხედრო ფრთის კავკასიის ლეგიონის რიგებში იბრძვის. როგორც ორგანიზაცია წერს ამჟამად გელაშვილი ყველაზე ახალგაზრდა ქართველი მოხალისეა უკრაინის ფრონტზე.