დღეს, 24 აპრილს, ოზურგეთში, სახელმწიფო თეატრში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საორგანიზაციო კომისიასთან ერთად, შეხვდა ოზურგეთის საზოგადოებას და „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტზე იმსჯელეს.
პარლამენტის თავმჯდიმარემ ოზურგეთელებს განუცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით აინტერესებდა როგორც მათი აზრი, ასევე მხარდაჭერა და მზად იყო, მათთვის მოესმინა, ემსჯელათ ერთად.
შალვა პაპუაშვილის შემდეგ, დარბაზში მყოფთ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე მიესალმა. მან ვრცლად ისაუბრა ადამიანის უფლებების დაცვაზე. რომ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების წესის მიუხედავად, მისი უფლებები უნდა იყოს მტკიცედ დაცული.
_თუმცა, არატრადიციული ცხოვრების წესის თავსმოხვევა, პროპაგანდა უნდა გამოვრიცხოთ. ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი თაობები უნდა დავიცვათ იმ მავნე ზემოქმედებისგან, რაც ფსევდოლიბერალური პროპაგანდით ხდება, _ განაცხადა მდინარაძემ, რასაც დარბაზში ტაში მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ თეატრის დარბაზი სავსე იყო ხალხით და თვალის ერთი გადავლებითაც აშკარად ჩანდა, რომ უმეტესობას ქალბატონები წარმოადგენდნენ, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენია მამუკა მდინარაძეს და ამ ფაქტს მიესალმა.
დამსწრეთაგან არაერთმა ქალატონმა ითხოვა სიტყვა და ღია მხარდაჭერა გამოთქვა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების პროექტის ირგვლივ.
დარბაზში მყოფმა ქალბატონებმა დასვეს კითხვები, რომლებიც კონკრეტულად ცვლილების პროექტს არ შეეხებოდა:
_ მხარს ვუჭერ ცვლილების პროექტს, თუმცა მე მაწუხებს უფრო დიდი პრობლემა. ჩემი მეუღლე ემიგრაციაშია სამუშაოდ და როგორმე თუ მოხერხდება რომ ეს აღარ დაგვჭირდესო.
ქალბატონს მამუკა მდინარაძემ უპასუხა, რომ მართალია ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა არსებობს, თუმცა თუ კიდევ არ გაუმ ჯობესდა და ეს აუცილებლად მოხდება, დღეს ამ კითხვაზე უკეთესს ვერაფერს გეტყვითო.
ასევე რვა შვილის დედამ, ოზურგეთელმა ქალბატონმა დასვა კითხვები თავისი პრობლემების ირგვლივ, რომ მას დიდი ხანია საცხოვრებელ ფართს ჰპირდებიან, თუმცა არ გადასცეს.
საპარლამენტო საორგანიზაციო კომისიაში მყოფი პარლამენტარი ფრიდონ ინჯია ქალბატონს, რვა შვილის დედას, დახმარებას შეჰპირდა.
_მართალია, მე ლობისტობას ვერ გაგიწევთ, თუმცა ყველანაირად ვეცდები თქვენს შესახებ ვთქვა ყველგან და დაგეხმარონ.
დარბაზში მყოფთაგან, სადაც საჯარო მოხელეების გარდა, რიგითი მოქალაქეებიც იყვნენ, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლში ცვლილების პროექტის წინააღმდეგ არავინ წასულა.
დასასრულ, შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ მიმართა თეატრის დარბაზში მყოფთ, ვხედავ თქვენს მხარდაჭერას ოზურგეთიდან და ასეთი ამბავი მიმაქვსო, რაზეც კვლავ ტაშით უპასუხეს.
ავტორი