არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პოლიტიკოსებზე, აქტივისტებსა და აქციის ორგანიზატორებზე თავდასხმებთან დაკავშირებით ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ ყველა დაზარალებულს.
„8 მაისს ღამე ხელისუფლებას ნერვებმა საბოლოოდ უმტყუნა და ნაადრევად დაიწყო იმის ჩვენება, თუ როგორ ქვეყნად აპირებენ საქართველოს ქცევას. ბიძინა ივანიშვილის მიერ 29 აპრილს დაანონსებული საგარეო ვექტორის ცვლილება და რეპრესიები უკვე თვალსაჩინოდ ამოქმედდა. ასობით მოქალაქესთან განხორციელებული მუქარისა და შეურაცხყოფის ზარები, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებზე ფიზიკურ თავდასხმებსა და ორგანიზებულ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. ოლიგარქსა და მის მარიონეტებს ავიწყდებათ, რომ საქართველო არ არის რუსეთი. ქართველებმა ვიცით თავისუფლების ფასი. ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ჩვენ ბრძოლას რუსული უშიშროების სამსახურის მეთოდებით ვერაფერს დააკლებენ.
ადამიანზე მიპარვით ზურგიდან თავდასხმას, სადარბაზოებში დევნას ან მცირეწლოვანი ბავშვისთვის კარის შემტვრევის მცდელობას ქართველი არასდროს მოიწონებს, ასე იქცევა რუსული რეჟიმი. ჩვენ სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს. აქტიურ მოქალაქეებზე მიზანმიმართული თავდასხმის თითოეულ შემთხვევას წინა კვირებში გამართულ აქციებსა თუ ახლა, აუცილებლად ბოლომდე მივყვებით. მოვითხოვთ და უზრუნველვყოფთ დამნაშავეთა გამოვლენას. თავისუფლება ქართველი ხალხის მთავარი ღირებულებაა, ამიტომ ვდგავართ და ვიდგებით საქართველოს ევროპული მომავლის სადარაჯოზე, რუსული მეთოდებისა და ძალადობისაგან ამ ქვეყნის დასაცავად. ამ ბრძოლას ქართველი ხალხი გამარჯვებით დაასრულებს, მოძალადეებს კი სათანადო პასუხი აუცილებლად მიეზღვებათ”, – ნათქვამია განცხადებაში.
ფოტო: პუბლიკა