„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო დეკლარაცია, სადაც საქართველოს ხელისუფლებას კატეგორიულად მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაიწვიოს ე.წ. აგენტების კანონი. საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ინიციატივით, ბიურომ და ნატო-ს წევრმა ყველა ქვეყანამ საქართველოს ხელისუფლებას ასევე მოუწოდა გაიწვიოს აღნიშნული კანონი”, – განაცხადა ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” თავმჯდომარემ თინათინ ბოკუჩავამ.
მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს საერთაშორისო პარტნიორები ან საერთოდ აღარ ხვდებიან ან ხვდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ იმ მძიმე შედეგების შესახებ გააფრთხილონ, რომელიც ელოდება ყველას, ვინც საქართველოს დემოკრატიას უთხრის ძირს.
„დღეს პრეზიდენტი ზურაბიშვილის ვეტოს გათვალისწინება არის კანონის გაწვევის უკანასკნელი შანსი. მინდა უმრავლესობას უკანასკნელად მივმართო დღეს – დღევანდელი დღე არის ბოლო შესაძლებლობა თითოეული თქვენგანისთვის, რომ ერთი მხრივ, თავი გადაირჩინოთ პერსონალური სანქციებისგან და მეორე მხრივ, ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს აარიდოთ უდიდესი დარტყმა. თითოეულ თქვენზეა დღეს დამოკიდებული როგორ შევა დღევანდელი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში. როგორც დღე, როდესაც კოლექტიური მონობით ივანიშვილის დეპუტაციამ გაყიდა ქვეყნის ევროპული პერსპექტივა თუ დღე, როდესაც თუნდაც რამდენიმე ადამიანის პერსონალურმა და პოლიტიკურმა გამბედაობამ ქვეყანა გადაჩეხას გადაარჩინა”, – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.